Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილის ექიმი: ადამიანურად გთხოვთ, მომეცით საშუალება, 10 წუთით ვნახო


საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი რუსთავის ციხეში შესვლას ითხოვს, სადაც ექსპრეზიდენტი 1 ოქტომბრიდან იმყოფება. ექიმის კომენტარს "მთავარი არხი" ავრცელებს.

"საკმაოდ რთულია შიმშილობა ამდენი დროის განმავლობაში, ამას ემატება მისი სისხლის დაავადება და აუცილებელია ჩემი შესვლა და ნახვა... ადამიანურად გთხოვთ, მომეცით საშუალება, 10 წუთით უფლება, რომ ბატონი პრეზიდენტი ვნახო და კიდევ 10 წუთი, რომ ვნახო ანალიზები და კიდევ 5 წუთი, რომ ვნახო ციხის ექიმი, რომელიც ძალიან მომწონს... მოქალაქეს, ნიკა ყიფშიძეს, არ მესმის, რა გავაკეთე ცუდი ან რა უნდა გავაკეთო ცუდი, რომ შევიდე ავადმყოფთან, ჩემს მეგობართან და ვნახო, რა სიტუაციაშია ახლა", - თქვა მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ.

დღეს, 14 ოქტომბერს თბილისში, თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება. მოქალაქეები საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან თბილისის მიმართულებით უკვე დაიძრნენ.

პირველ ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, ისე ხელისუფლების წარმომადგენლები დაჟინებით იმეორებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს არ გადმოუკვეთავს საქართველოს საზღვარი და არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია.

საღამოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო ბრიფინგზე კი ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.

რაც შეეხება საქმეებს, რომლებშიც მიხეილ სააკაშვილი არის ბრალდებული, პროკურატურის განცხადებით, ეს არის „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი - 8 მილიონ ლარზე მეტის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტები. ამ საქმეებზე მიმდინარეობს განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

მიხეილ სააკაშვილი მეცამეტე დღეა შიმშილობს რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში.

XS
SM
MD
LG