Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NGO-ების განცხადებით, სააკაშვილის მიმართ იკვეთება პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება


მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ განცხადებას ავრცელებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. განცხადებაში აღნიშნულია სასამართლო სისტემის პოლიტიზების მაღალი ხარისხის შესახებ.

„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ წლების განმავლობაში, მათ შორის, ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნისას, მართლმსაჯულების სისტემა სამართლებრივი სახელმწიფოსა და კანონის უზენაესობის მინიმალურ მოთხოვნებსაც კი ვერ პასუხობდა. ძალიან ხშირად, მმართველი პოლიტიკური ძალა სრულად უგულებელყოფდა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკას და რეკომენდაციებს მართლმსაჯულების სისტემაში არსებული სისტემური ხარვეზებისა და პოლიტიკური მართლმსაჯულების რისკების თაობაზე. არაერთი საკანონმდებლო ცვლილებისა და ე.წ. რეფორმის მიუხედავად, სასამართლო ხელისუფლება კვლავ პოლიტიზების მაღალი ხარისხით გამოირჩევა, ხოლო აღმასრულებელი ხელისუფლება არ ერიდება პოლიტიკური გავლენების გაძლიერებას ხელისუფლების დამოუკიდებელ შტოზე“, - ვკითხულობთ განცხადებაში, რომელშიც ხაზგასმით არის ნათქვამი სააკაშვილის შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებების თაობაზე, - „აღნიშნულის ნათელი მაგალითია მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის რამდენიმე განცხადება, რომლითაც იგი ღიად და არაორაზროვნად ადასტურებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მსჯავრდება არის პოლიტიკური შინაარსის, განპირობებულია მმართველი პოლიტიკური ძალის გადაწყვეტილებით და კავშირი არ აქვს მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების განხორციელებასთან“.

როგორც განცხადების ხელმომწერები მიუთითებენ, პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება დაუშვებელი და მიუღებელია იმისგან დამოუკიდებლად, პირი დამნაშავეა თუ არა. მათი შეფასებით, ასეთი პროცესი სრულად ფორმალური ხასიათისაა, მიკერძოებულია და ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობის საბაზისო მოთხოვნებს.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დანაშაულობა-უდანაშაულობის დადგენა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ მას მიეცემა საშუალება სრულად ისარგებლოს ჯეროვანი პროცესით და სამართლიანი სასამართლოს უფლებით.

„ამასთანავე, იმის ფონზე, რომ სასამართლო ხელისუფლება კლანური მმართველობით, ხელისუფლებისადმი ლოიალობით და დეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებით ხასიათდება, ისევე როგორც, აღნიშნული ინსტიტუციის მიმართ ნდობა კატასტროფულ ნიშნულზეა, ამ პირობებში, ეჭვქეშ დგება შესაძლებლობა, დაცული იყოს მიხეილ სააკაშვილის სამართლიანი სასამართლოს უფლება“, - ნათქვამია განცხადებაში. არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას და საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებენ, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული საკანონმდებლო მექანიზმები, მიხეილ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური მართლმსაჯულების განხორციელების თავიდან ასაცილებლად.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
  • მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC)
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)
  • ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  • დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
  • საქართველოს სასამართლოს გუშაგი

მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია ორ საქმეზე, ორზე კი ბრალდებულია. ყოფილი პრეზიდენტი დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. 1 ოქტომბერს დილიდან, "ქართული ოცნების" ლიდერები და შსს აცხადებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია და საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს, საღამოს კი, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ სააკაშვილი დაკავებულია. მოგვიანებით, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ შსს საგანგებოდ არ ავრცელებდა რეალურ ინფორმაციას, რათა ხელი არ შეშლოდა მიხეილ სააკაშვილის დაკავების ოპერაციას.

XS
SM
MD
LG