Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2%,3%,5% - ვის აძლევს ხელს რიგგარეშე არჩევნები?


ოპოზიციური პარტიებისთვის დღის წესრიგიდან არ მოხსნილა რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“, ცესკოს მონაცემებით, 43%-იანი ზღვარი გადალახა.

2 ოქტომბრის არჩევნებს ოპოზიციის ძირითადი ნაწილი რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის პერსპექტივას უკავშირებდა. ეს საკითხი ისედაც სათუო იყო, მაგრამ ახლა 43%-იანი დათქმის თემას საბოლოოდ დაესვა წერტილი.

„ნაციონალური მოძრაობა", რომელიც პარალელურად მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის იბრძვის, რიგგარეშე არჩევნებამდე მისასვლელ ახალ გზებს ხედავს. პირველ ნაბიჯად არჩევნების მეორე ტურებში გამარჯვება განიხილება.

რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საჭიროებაზე კვლავაც ლაპარაკობენ პატარა პარტიები, რომლებმაც ამ არჩევნებზე დაბალი შედეგები აჩვენეს.

  • აძლევთ თუ არა ხელს პატარა პარტიებს რიგგარეშე არჩევნები მოქმედი და სამომავლო საკონსტიტუციო მოთხოვნების გათვალისწინებით?
  • რა სურათს მივიღებდით პარლამენტში, 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგების მიხედვით, საქართველოში რიგგარეშე არჩევნები რომ ჩატარდეს?

ვიდრე თვითმმართველობის არჩევნები გაიმართებოდა, 7 სექტემბერს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც მომავალი ორი საპარლამენტო არჩევნების 2%-იანი ბარიერით, სრულად პროპორციული წესით ჩატარებას ითვალისწინებს. აქ სავარაუდო რიგგარეშე არჩევნებიც იგულისხმება.

კანონპროექტის დამტკიცებას კიდევ ორი მოსმენა ესაჭიროება.

მაგრამ, თუკი ამ ჩანაწერითა და 2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ცესკოს მიერ გამოქვეყნებული შედეგებით ვიმსჯელებთ, პარლამენტში მხოლოდ 4 პარტია მოხვდებოდა.

  • „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - 46.74%;
  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 30.68%;
  • „გახარია - საქართველოსთვის“ - 7.8%;
  • „ლელო“ – 2.71%.

მმართველი პარტია მაინც მოახერხებდა საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირებასა და მთავრობის დამოუკიდებლად დაკომპლექტებას.

კანონპროექტის ინიციატორთა 91-წევრიან ჩამონათვალშია „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი, დეპუტატი პაატა მანჯგალაძე. ის საყოველთაო სახალხო განხილვის კომისიის წევრიც იყო.

ახალი სქემითა და კვლავ ბოლო არჩევნებზე ნაჩვენები შედეგით (1.34 %) მისი პარტიის კოალიცია -„მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი“ ვერ გადალახავდა 2%-იან ბარიერს და ვერ მოხვდებოდა პარლამენტში.

როგორც მანჯგალაძე გვეუბნება, დაბალი პროცენტული მაჩვენებლები გამოიწვია ხალხის არჩევანმა არა „შეთავაზებული მესამე გზისკენ“, არამედ „პოლარიზებული სივრცისკენ“.

„ხალხმა გვითხრა, რომ არ სჭირდებოდათ მესამე გზა და ურჩევნიათ, ძველი ნაცადი გზებით იარონ“.

მანჯგალაძისთვის ჯერჯერობით გაურკვეველია, რა ბედი ეწევა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს.

გავრცელებული ხმების თანახმად, შესაძლოა, ოპოზიციას 2%-იანი ბარიერიც სანატრელი გაუხდეს.

3%-იანი, 5%-იანი ბარიერი?

ეჭვი და შიში ჯერ კიდევ არჩევნებამდე გაჩნდა, რომ „ქართული ოცნება“ ბოლომდე არ გაიტანდა 2%-იანი ბარიერის საკითხს.

საყოველთაო სახალხო განხილვის პროცესში აშკარა იყო, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები უფრო 3%-იან ბარიერს ემხრობოდნენ. ხოლო საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით დამტკიცების შემდეგ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა არც საჯარო კომენტარებში გამორიცხეს, რომ საარჩევნო ბარიერი შესაძლოა შეიცვალოს და 3% გახდეს.

თუკი ბარიერი 3%-იანი იქნება, 2 ოქტომბრის შედეგების მიხედვით, პარლამენტში არა - 4, არამედ 3 პარტია შევა, ანუ გარეთ დარჩება - „ლელოც“. „ოცნება“ ასეთ შემთხვევაშიც მოახერხებს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნას.

  • თუკი საკონსტიტუციო ცვლილებები საერთოდ, ჩავარდება, ამჟამად მოქმედი საკონსტიტუციო ჩანაწერით, სავარაუდო რიგგარეშე არჩევნების შემთხვევაში, 150-წევრიანი პარლამენტი ისევ შერეული სისტემით დაკომპლექტდება (120 მანდატი პარტიული სიით+30 მაჟორიტარული). პარტიებს მხოლოდ 1%-იანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ.
  • 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგებით, 1%-იან ბარიერს 9 პარტია გადალახავდა, მაგრამ მმართველი პარტია, მათ შორის - მაჟორიტარების ხარჯზე, დიდი ალბათობით, უმრავლესობის ფორმირებას კვლავ მოახერხებდა. დაბალი ბარიერის მიუხედავად, ოპოზიცია შერეული სისტემის წინააღმდეგია.

პაატა მანჯგალაძე შიშობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“, შესაძლოა, საერთოდ აღარ დაამტკიცოს საკონსტიტუციო ცვლილებები.

თუკი ეს მოხდება, ძველი ჩანაწერი დარჩება მომავალ (არა რიგგარეშე) საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებითაც.

ამჟამად მოქმედი საკონსტიტუციო ჩანაწერით, გეგმური არჩევნები 2024 წელს სრულად პროპორციული სისტემითა და 5%-იანი ბარიერით ჩატარდება.

  • 2 ოქტომბრის არჩევნების ოფიციალური შედეგების მიხედვით, ასეთ შემთხვევაში, პარლამენტში 3 პარტია შევა.
  • „ქართული ოცნება“ ამ შემთხვევაშიც იოლად მოახერხებს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნასა და მთავრობის დაკომპლექტებას.

ექსპერტები ვერ ხედავენ მოტივაციას, რის გამოც „ქართულმა ოცნებამ“ ბარიერის დაწევა თავისით უნდა მოინდომოს. ისინი ფიქრობენ, რომ, 2 ოქტომბრის შედეგებით, მმართველ პარტიას აღარ სჭირდება პარლამენტში თავისი მომხრე პატარა პარტიების შეყვანა.

„თუ ბარიერი 5%-იანი დარჩება, ეს ბუნებრივ პოლარიზებას ნიშნავს და საერთოდ მოკლავს თავისუფალ პოლიტიკურ სივრცეს ... გვქონდა კონსულტაცია ელჩებთანაც... თუ არ მოსთხოვ, თავისით „ქართული ოცნება“ არ დაწევს ბარიერს“, - ამბობს დეპუტატი მანჯგალაძე.

„შარლ მიშელის შეთანხმების“ ცალმხრივი ანულირების მიუხედავად, საერთაშორისო პარტნიორები „ქართულ ოცნებას“ მუდმივად შეახსენებენ მნიშვნელოვანი რეფორმებისა და მათ შორის - საკონსტიტუციო ცვლილებების ბოლომდე მიყვანის აუცილებლობას.

პირველი მოსმენით დამტკიცებულ დოკუმენტში მწვავე კრიტიკის საგნად იქცა „ქართული ოცნების“ მხრიდან მთავარი პროკურორის არჩევის იმგვარი წესის იგნორირება, რომელიც ასახული იყო „შარლ მიშელის შეთანხმებაში“.

რადიო თავისუფლება ცდილობდა გაერკვია შემდგომ განხილვასთან დაკავშირებული ზუსტი გეგმები, მაგრამ მმართველი პარტიისგან პასუხი ვერ მივიღეთ. ეს არც პაატა მანჯგალაძემ იცის - მისთვის ჯერ პარლამენტიდან არაფერი შეუტყობინებიათ.

ვის აძლევს ხელს რიგგარეშე არჩევნები?

რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მიზანზე დღეს ის ოპოზიციური პარტიებიც ლაპარაკობენ, რომლებიც, 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგებით, 2%-იანი ბარიერის გადალახვას ვერ მოახერხებენ.

ასეთია, მაგალითად - ზურაბ ჯაფარიძის „გირჩი - მეტი თავისუფლება“ (1.44%).

პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ოპოზიციური ძალების გაერთიანების (მათ შორის - ენმ) მიერ თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატად დასახელებული ცოტნე კობერიძე ეუბნება რადიო თავისუფლებას - რიგგარეშე არჩევნები ქვეყანას ისე სჭირდება, რომ მზად არის - ამ იდეის გამო გამართულ მიტინგებშიც მიიღოს მონაწილეობა.

რის იმედად? შეძლებდა პარტია პარლამენტში მოხვედრას რიგგარეშე არჩევნების გზით?

ცოტნე კობერიძე გვეუბნება, რომ „სწორად მუშაობის“ შემთხვევაში პარტია შეძლებს ამომრჩევლების მობილიზებას და პროცენტული მაჩვენებლების გაზრდას, რაც რიგი მიზეზების გამო ვერ მოხერხდა 2 ოქტომბრის არჩევნებზე.

რა იყო ეს მიზეზები?

„ეს წინასაარჩევნო კამპანია არ იყო კონკრეტულად ჩვენს პარტიაზე მორგებული და ხალხისთვის რეფერენდუმის იდეის ახსნას ვცდილობდით... ამომრჩევლისთვის რთული დავალება აღმოჩნდა, რომ - ბიულეტენში ჩვენი შეთანხმების მონაწილე სხვადასხვა პარტია ეპოვა და მხარდაჭერა გამოეხატა.

თუკი, მაგალითად, „გირჩს“ მხარს დაუჭერდა ამომრჩეველი, რომლისთვისაც „ქართული ოცნება“ ნაკლები პრობლემაა, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ „გირჩია“ მისი პირველი პრეფერენცია, ამ შემთხვევაში ამომრჩევლის ნაწილმა გადაწყვიტა, არ მოსულიყო არჩევნებზე, რადგან ჩვენს შეთანხმებაში მონაწილე პარტიები ყველა ისე არ მოსწონდა, როგორც დამოუკიდებლად მოსწონდა „გირჩი“.

არ ჰქონდა ხალხს განცდა, რომ კონკრეტულად ჩვენს მხარდასაჭერად მოდიოდა არჩევნებზე. ვფიქრობ, ასევე პრობლემა იყო ორი „გირჩის“ არსებობა ბიულეტენში“, - გვეუბნება კობერიძე.

რიგგარეშე არჩევნებს კვლავაც მხარს უჭერს „ლელო“. „სტრატეგია აღმაშენებელში“ კი გვითხრეს, რომ - რიგგარეშე არჩევნებს ქუჩაში ბევრი ხალხის გამოსვლის გარეშე ვერავინ მიაღწევს, ხალხმრავლობის შანსს კი პარტიაში ახლა ვერ ხედავენ.

ოპოზიციის ძირითად ნაწილში ფიქრობენ, რომ რიგგარეშე არჩევნების საკითხი ქვეყანაში მაინც დადგება და ამას თვითმმართველობის დონეზე ოპოზიციის წარმომადგენლობის ზრდაც შეუწყობს ხელს.

  • თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერობის კანდიდატებს შორის მეორე ტურები 64-დან 20 შემთხვევაში გაიმართება. „ქართული ოცნების“ კონკურენტი 20-დან 17 შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი იქნება.
  • ოპოზიციური პარტიები კმაყოფილები არიან თავიანთი გაზრდილი წარმომადგენლობითაც საკრებულოებში, საქართველოს მასშტაბით.

საკუთარ „შთამბეჭდავ გამარჯვებაზე“ ლაპარაკობს „ქართული ოცნება“, რომლისთვისაც 20 შემთხვევაში მეორე ტურის დანიშვნა ოპოზიციის წარმატებაზე სულაც არ მიუთითებს.

პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 5 ოქტომბერს თქვა, რომ „ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად, „ოცნებამ“ მოიგო „რადიკალური ოპოზიციის მიერ გამოცხადებული ე.წ. რეფერენდუმიც“.

„შარლ მიშელის შეთანხმებაში“ ეწერა, რომ თუკი მმართველი პარტია თვითმმართველობის არჩევნებზე ვერ გადალახავდა 43%-იან ბარიერს, საქართველოში 2022 წელს რიგგარეშე არჩევნები დაინიშნებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ „ოცნება“ ცალმხრივად გამოეთიშა ამ დოკუმენტს, ოპოზიცია თვლიდა, რომ, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, ამ საკითხის გატანას მოახერხებდნენ.

მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“, ცესკოს მონაცემებით, 43%-იანი ბარიერი გადალახა, ოპოზიცია ამ საკითხს აღარ დაბრუნებია.

ოპოზიციონერების უმრავლესობა 2 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებაზე ლაპარაკობს, მათ შორის - ამომრჩევლების მასობრივი დაშინებისა და მოსყიდვის გამო. ასეთი ფაქტების არსებობა საერთაშორისო მეთვალყურეების არაერთ ანგარიშშია ასახული.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG