საპარლამენტო ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარე, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ არ გამორიცხავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მეორე მოსმენის დროს საარჩევნო ბარიერი შეცვალოს.
„მათი არგუმენტია, რომ სხვა ქვეყნებში არ არის. თუმცა, კიდევ ერთხელ უნდა ხაზი გავუსვათ და მათაც ამას ვეუბნებით, რომ ჩვენს ქვეყანაში არის სპეციფიური ვითარება. წლების მანძილზე ჩვენ გვქონდა სისტემა, რითაც ხელს ვუშლიდით და ვაზიანებდით ყველა მცირე პარტიას და არ ვაძლევდით განვითარების საშუალებას. შემდეგი 2 არჩევნები 2%-იანი ბარიერით ხელს შეუწყობს, რომ ეს პარტიები, უკვე ვიცით, რომელ პარტიებზეა საუბარი, განვითარდნენ, მოძლიერდნენ და ეს არ არის მხოლოდ პარტიებისთვის გაკეთებული ცვლილება, რა თქმა უნდა. ჩვენ გვჭირდება, რომ ჩვენნაირ მრავალფეროვან ქვეყანაში, სადაც არ მუშაობს ორპარტიულობა, სადაც ორპოლუსიანობა არის ხელოვნურად შექმნილი ვითარება და სინამდვილეში არის მრავალფეროვანი საზოგადოება და აქვს მას გემოვნება სხვადასხვა ტიპის, უნდა იყოს მათი გემოვნება ასახული პარლამენტში“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ „დილის საუბრებში“. გადაცემაში მან თქვა, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დახურულ კარს მიღმა შეხვედრებზე აღნიშნავდნენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში ბარიერის ნაწილს არ შეეხებოდნენ, თუმცა პირველი მოსმენის დროს პლენარულ სხდომაზე ეს დაპირება უკვე ნაკლებად ისმოდა:
„დაიტოვეს ბარიერი, რომ პროკურატურის ნაწილი ამოგვეღო და შემდეგი ნაბიჯი შეიძლება იყოს უკვე ამ ნაწილის გაუარესებაც. მათ არ სურთ ამ ცვლილების მიღება, მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება და არა მხოლოდ მე. ეს მათი ინტერესი არ არის, არც მეორე დიდი პარტიის ინტერესია, უბრალოდ მოლაპარაკებულები ვართ და სოლიდარობა აქვთ სხვა პარტიებთან, ასე აცხადებენ. და სწორედ ამ ორი პარტიის ხმების გარეშე არანაირი ცვლილება არ იქნება, ეს არის რეალობა. მათი ხმების რაოდენობა უზრუნველყოფს იმას, რომ შეიცვალოს კონსტიტუციაში ეს ჩანაწერი“, - აღნიშნა „დილის საუბრებში“ ხათუნა სამნიძემ. გადაცემაში მან გამოთქვა მოსაზრებაც იმის შესახებ, რომ ცვლილება ჩავარდეს:
„ყოველთვის მქონდა განცდა, მიუხედავად განცხადებებისა, რომ შესაძლებელია ეს ცვლილება მთლიანად ჩავარდნილიყო. მე ვფიქრობ, რომ ეხლა პირველი მოსმენით ეს მივიღეთ, იმედს ვიტოვებ, რომ შემდეგი ორი მოსმენაც ნორმალურად ჩაივლის და მივიღებთ ამ ცვლილებას, მაგრამ ყოველთვის არსებობს ეჭვი, რომ „ქართული ოცნება“ ნებისმიერ დროს, ოღონდ ოპოზიციაზე გადაბრალებით, უარს იტყვის ამ ცვლილებაზე“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ „დილის საუბრებში“.
საქართველოს პარლამენტმა 7 სექტემბერს, გენერალური პროკურორის არჩევის წესის გარეშე, 126 ხმით 0-ის წინააღმდეგ, პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი საკონსტიტუტუციო ცვლილებების პროექტს, რომელიც 19 აპრილის შეთანხმების საფუძველზე იქნა მომზადებული.
ამ კანონპროექტის მიხედვით:
• მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის დგინდება 2%-იანი საარჩევნო ბარიერი და მანდატების პროპორციული განაწილების წესი;
• მიმდინარე და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტში ფრაქციის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს ოთხზე ნაკლები;
საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღების შემდეგ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა საჯარო კომენტარებში არ გამორიცხეს, რომ საარჩევნო ბარიერი შესაძლოა შეიცვალოს და 3% გახდეს.
საკონსტიტუციო ცვლილებების ნაწილი უნდა ყოფილიყო ასევე გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილება. ეს პუნქტი კენჭისყრაზე აღარ დამდგარა. ამ პუნქტის თანახმად,
• მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი გენერალურ პროკურორს ირჩევს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით. თუ პარლამენტი სამი მეხუთედის უმრავლესობით გენერალურ პროკურორს ორჯერ ვერ აირჩევს, პარლამენტი გენერალურ პროკურორს ირჩევს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. სრული შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადა ერთი წელია.
საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებული ნორმის გარეშე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება იყო. ამავე პროექტის ავტორების, მმართველი პარტიის წევრების შეფასებით, პროკურორის არჩევის წესი „სამართლებრივი სიმახინჯე“ იყო.