Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე ჯიმ რიშზე: იმ კაცმა არ იცის, რა ხდებოდა აქ 2012 წელს, არ არის ქართველი და არ იცის


"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სენატორ ჯიმ რიშს საქართველოში 2021 წლის 2 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით პასუხობს და ამბობს, რომ მან არ იცის, რა ხდებოდა 2012 წელს, რომელთანაც ავლებს პარალელს. კობახიძეს რიშის განცხადების შეფასება ჟურნალისტებმა პარლამენტში სთხოვეს.

"როდესაც ადამიანი ერთმანეთს ადარებს 2012 წლის და 2021 წლის არჩევნებს, იმას რა უნდა მოჰკითხო, მე არ ვიცი, ეს არის წარმოუდგენელი რამ. იმ კაცმა [ჯიმ რიშმა] არ იცის და თქვენ ხომ იცით, რაც ხდებოდა 2012 წელს საქართველოში, თუ არ გახსოვთ? შეიძლება ბავშვი იყავით მაშინ... რა თქმა უნდა, ის არ არის ქართველი და არ იცის, აქ რა ხდებოდა. მაგრამ 2012 წელს რაც ხდებოდა, ეს იყო წარმოუდგენელი რამ, როცა ადარებ 2012 წელს და 2021 წელს, ეს ნიშნავს, რომ ან არ გახსოვს, რა ხდებოდა, ან სხვა რამეშია საქმე", - თქვა კობახიძემ.

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, რესპუბლიკელმა ჯიმ რიშმა უაღრესად იმედგამაცრუებელი უწოდა საქართველოში 2 ოქტომბერს ჩატარებულ თვთმმართველობის არჩევნებს.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში რიში წერს, რომ ეს არჩევნები დრამატულად განსხვავდებოდა 2012 წლის არჩევნებისგან, რომელსაც ის საქართველოში აკვირდებოდა.

რესპუბლიკელი სენატორის თანახმად, საერთაშორისო თანამეგობრობა გააგრძელებს ყურადღებით დაკვირვებას არჩევნების მეორე ტურზე. ჯიმ რიშის განცხადებით, მას აშფოთებს მრავალრიცხოვანი ცნობები ამომრჩევლების დაშინების და მოსყიდვის შესახებ.

2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგებით, საქართველოს მასშტაბით, პროპორციულ ნაწილში ყველაზე მეტი ხმა, 46%-ზე მეტი, მმართველ პარტია "ქართულ ოცნებას" აქვს. მეორე ადგილზე "ნაციონალური მოძრაობაა" 30%-ზე მეტით და მესამეზე "გახარია-საქართველოსთვის", რომელსაც ხმა მისცა 7%-ზე მეტმა. სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოში წევრები ეყოლებათ სხვა პარტიებსაც, მათ შორის, "ლელოს", "გირჩი-მეტი თავისუფლებას" და "ანა დოლიძე-ხალხისთვის".

ამასთან, 5-ივე თვითმმართველ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" მიერ წარდგენილი კანდიდატების მონაწილეობით, რადგან პირველივე ტურში გასამარჯვებლად საჭირო, ხმების 50%-ზე მეტი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო. მერის არჩევნების მეორე ტური გახდა საჭირო 59-დან 15 თვითმმართველ თემშიც. წინასწარი მონაცემებით, 44 თემში პირველივე ტურში გაიმარჯვეს "ქართული ოცნების" კანდიდატებმა. არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს.

XS
SM
MD
LG