2 ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნების შემდეგ ოპოზიციის განწყობას გამოეხმაურა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
„რა უხარიათ ამ, უკაცრავად, საცოდავებს, ძალიან მიკვირს. მოსახლეობას, რომ ავუხსნათ რეალურად, ჩვენ თუ გავუკეთებთ ანალიზს, 64 მუნიციპალიტეტიდან 20 მუნიციპალიტეტში დაინიშნა მეორე ტური. ეს რეალურად არის გაუმჯობესება თუ ჩვენ შევადარებთ წინა არჩევნებს. 2016-სა და 2020 წელს მეორე ტური ოლქების თითქმის ნახევარში დაინიშნა, ეს ერთი. ახლა - 30%-ში, ანუ ერთ მესამედში“, - ამბობს ღარიბაშვილი და ამატებს, - „მეორე, მთავარი, მათთვის გამანადგურებელი არგუმენტი, მთავარი, რაც მაქვს: ყველა ამ მუნიციპალიტეტში მეორე ტური დაინიშნა იმის გამო, რომ ღალატი დაგვიჯდა 7%-8%. ეს დაბნეულობა, მაინც, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ იყო გახარიას შემთხვევაში. ბევრი, ასე ვთქვათ, პირდაპირ უნდა ითქვას, ჩვენი ამომრჩეველი, ბევრს ეგონა, რომ ეს იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის პროექტი 2“.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ არ ყოფილიყო „ღალატის ისტორია“, „ქართულ ოცნებას“ შეიძლება პირველივე ტურში ყველა ოლქში მოეგო არჩევნები.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემების მიხედვით, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციულ ნაწილში „ქართულმა ოცნებამ" აიღო ხმების 46.68%, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" - 30.7%, „გახარია - „საქართველოსთვის" - 7.8%.
თბილისში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება კახა კალაძისა (44.97%) და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის, ნიკა მელიას (33.98) მონაწილეობით. გიორგი გახარიამ აიღო 8.86%.