Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის იზოლატორში საქართველოს ორი მოქალაქე რჩება


საოკუპაციო გამყოფი ზოლი
საოკუპაციო გამყოფი ზოლი

ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში საქართველოს ორი მოქალაქე რჩება. მათი ახლობლები და ოჯახების წევრები კი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავენ და დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.

კარალეთის დევნილთა დასახლების მცხოვრებლები ნიკოლოზ ფეხშველაშვილი, გიორგი ჯავახიშვილი, რომან გოჩაშვილი და გოგა მეტრეველი 4 ოქტომბრის საღამოს, სოფელ ერგნეთის მიმდებარედ, მდინარე ლიახვის სანაპიროზე გავიდნენ. ოთხივე დიდი ლიახვის ხეობიდან დევნილია. მცირე მანძილის გავლის შემდეგ მათ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები შენიშნეს. გიორგი ჯავახიშვილმა ერგნეთის მიმართულებით გაქცევა მოახერხა, ნიკოლოზ ფეხშველაშვილიც გაიქცა, მაგრამ 10 -12 მეტრის სიმაღლის თხრილში ჩავარდა, ხელი მოიტეხა და თავი დაარტყა.

დაკავებულთა ახლობელი რადიო თავისუფლებას უყვება, რომ დევნილი ახალგაზრდები ნასვამები იყვნენ და გადაწყვიტეს, რომ მონატრებული, მშობლიური, ამჟამად ოკუპირებული სოფელი ხეითი და სალოცავები მოენახულებინათ, მაგრამ მდინარის სანაპიროზე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს გადაეყარნენ.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ხეითელი 3 ახალგაზრდა იქვე მდინარესთან დააკავეს. ტრავმირებული ფეხშველაშვილი 5 ოქტომბრის საღამოს ერგნეთის საგუშაგოზე ქართველ სამართალდამცავებს გადასცეს. იგი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა.

პირველადი დათვალიერებით მას აღენიშნება სხივის ძვლის მოტეხილობა და თავის ტვინის მსუბუქი დაზიანება...
შალვა გოდერძიშვილი

„პაციენტი შემოყვანილია სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ ჰოსპიტლის მიმღებ განყოფილებაში. პირველადი დათვალიერებით მას აღენიშნება სხივის ძვლის მოტეხილობა და თავის ტვინის მსუბუქი დაზიანება. პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - ამბობს გორის ჰოსპიტლის ტრავმატოლოგ-ორთოპედი შალვა გოდერძიშვილმა. ექიმის განცხადებით, პაციენტს არაფერი უთქვამს ფიზიკურ ზეწოლაზე, მას ხელზე თაბაშირის ნახვევი ადევს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ადგილზე აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მედიის ცნობით, საქართველოს ერთ-ერთმა მოქალაქემ დაკავებისას გაქცევა სცადა, რა დროსაც ტრავმა მიიღო.

“საქართველოს ოთხმა მოქალაქემ სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთა“, - აცხადებენ დე ფაქტო უშიშროების კომიტეტში და აღნიშნავებ, რომ დაკავებულები ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ.

დილას გავიგე, დაიჭირესო და ცხინვალში ჰყავთო და მეტი არაფერი ვიცი. ყველას ვთხოვ, რომ გამოუშვან, რაც შეიძლება სწრაფად...
თამარ გოგიძე

„შემთხვევა 4 ოქტომბერს მოხდა. დამრღვევებმა გაქცევა სცადეს, მას შემდეგ რაც ოსმა მესაზღვრეებმა ისინი დააფიქსირეს. ერთი მათგანი უკან, საქართველოში გაიქცა, ორი - მესაზღვრეებმა დააკავეს, კიდევ ერთი კი გაქცევისას 10-12 მეტრი სიმაღლიდან გადავარდა და დაშავდა. ის მოგვიანებით დააკავეს“, - აცხადებენ დე ფაქტო უშიშროების კომიტეტში.

კაგებეს ინფორმაციით, ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე, დაშავებული მოქალაქე საქართველოს ხელისუფლებას ერგნეთის საგუშაგოზე გადასცეს. ხოლო დანარჩენ დაკავებულებთან დაკავშირებით კი გაგრძელდება „კანონით გათვალისწინებული პროცედურული ქმედებები“.

ერგნეთი
ერგნეთი

ამჟამად ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში გოგა მეტრეველი და რომან გოჩაშვილი რჩებიან. კარალეთის დევნილთა დასახლებაში მათი ოჯახების წევრები დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვენ.

„დილას გავიგე, დაიჭირესო და ცხინვალში ჰყავთო და მეტი არაფერი ვიცი. ყველას ვთხოვ, რომ გამოუშვან, რაც შეიძლება სწრაფად. ფეხშველაშვილი გადმოიყვანეს, ჯავახიშვილმა გამოქცევა მოახერხა და ჩემი ბიჭი და მეტრეველი იქ ჰყავთ. მათ გათავისუფლებას ვითხოვთ,“ - ამბობს რომან გოჩაშვილის დედა, თამარ გოგიძე.

საქართველოს მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეციალური განცხადება გაავრცელა:

უკანონო დაკავების მომენტიდან მოხდა „ცხელი ხაზის“ გააქტიურება, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინფორმირება. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა უკანონო პატიმრობაში დარჩენილი პირების გათავისუფლების მიზნით", - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

უწყების თანახმად, ადამიანების უკანონო დაკავებები მნიშვნელოვნად ართულებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობას. უკანონო დაკავებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას.

XS
SM
MD
LG