Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში მოკლული შანაი ბრუკის ოჯახი წერილს ავრცელებს


საქართველოში მოკლული ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის ოჯახი წერილს ავრცელებს. ოჯახი საზოგადოებას ქალის შესახებ უყვება და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

რადიო თავისუფლება წერილს უცვლელი სახით გთავაზობთ:

"შანაის ოჯახმა ჩვენი ლამაზი გოგონა წარმოუდგენლად ტრაგიკულად დავკარგეთ.

მან ბევრი მეგობარი და ოჯახის წევრი დატოვა გულგატეხილი და განადგურებული.

გვეამაყება ყველა ის წარმატება, რომელსაც შანაიმ თავისი ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე ბევრ ქვეყანაში მიაღწია.

იგი იყო სიყვარულისა და პოზიტივის მომტანი გარშემომყოფთათვის.

შანაი იბრძოდა ქალთა უფლებებისა და უსაფრთხოებისთვის, დიდ დროს უთმობდა რამდენიმე ქვეყანაში ჩაგრულ და დაუცველ ადამიანებზე ზრუნვას.

შანაი გამორჩეულად გულწრფელი და ერთგული მეგობარი იყო, თავგადასავლების მოყვარული და მამაცი, სიცოცხლის თითოეულ წუთს აფასებდა და ცხოვრების მუდამ მადლიერი იყო.

გვსურს, ჩვენი გულითადი მადლიერება გამოვხატოთ შანაის მეგობრების მიმართ, რომლებმაც შანაეს გაუჩინარებისთანავე უმალვე განგაში ატეხეს და გასწიეს დახმარება ძებნის პროცესის ორგანიზებაში.

ჩვენი ოჯახისთვის გასაოცრად მხარდამჭერია როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოეთიდან, მათ შორის ქართული საზოგადოებიდან, შანაის ბევრი მეგობრის სიყვარულით სავსე გზავნილები.

მადლიერებას გამოვხატავთ თბილისის პოლიციისა და იმ გამომძიებლების მიმართ, რომლებმაც მალევე შეძლეს შანაის პოვნა და დამნაშავის დაკავება.

მადლობას ვუხდით კორძაძის საადვოკატო ბიუროს თბილისში ჩვენი ოჯახის წევრებზე დაუღალავი ზრუნვისათვის მათი საქართველოში ყოფნისას, დღემდე იმ მხარდაჭერისა და დახმარებისათვის, რაც ამ საშინელი პერიოდის გაძლებაში გვეხმარება.

მადლობა ავსტრალიის საელჩოს თანამშრომლებს ანკარაში, ჩვენი ოჯახის მნიშვნელოვანი მხარდაჭერისათვის.

მადლობას ვუხდით როგორც საქართველოს სახელმწიფოს, შანაის რეპატრიაციაში ფინანსური დახმარების გაწევის შემოთავაზებისათვის, ასევე, ქართველ ხალხს უწყვეტი ყურადღების, სიყვარულისა და თანადგომისათვის ამ მძიმე ტრაგიკულ პერიოდში.

ასევე, განსაკუთრებული მადლობა გვსურს გადავუხადოთ ყველას, ვინც ფინანსური წვლილი შეიტანა შანაის GoFundMe ფონდში. შეგროვებული თანხა მოხმარდება აქამდე გაწეულ ხარჯებს და შანაის ბოლო გზაზე გაცილებას.

ახლა კი შანაის ოჯახი ესწრაფვის, საქართველოს მართლმსაჯულების სისტემამ უზრუნველყოს დამნაშავის მიერ სიცოცხლის ციხეში გატარება - სამართლიანი სასჯელი ამგვარი ულმობელი თავდასხმისთვის, რომელმაც ჩვენი ახალგაზრდა ანგელოზის სიცოცხლე წაიღო.

ჩვენი დარდი და მწუხარება გაუსაძლისია.

სიყვარულითა და პატივისცემით

შანაის ოჯახი

გთხოვთ, განაგრძოთ ჩვენი ოჯახისა და პირადი სივრცის პატივისცემა".

ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი 30 ივლისს გაუჩინარდა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა მისმა მეგობარმა, რომლის თქმით, როცა შანაი ბრუკს ტელეფონით ელაპარაკებოდა, ის მთაწმინდაზე იმყოფებოდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, თავს დაესხნენ.

ახალგაზრდა ქალის ცხედარი მთაწმინდის ფერდზე 31 ივლისს იპოვეს.

შსს-მ ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული, თბილისში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე 8 სექტემბერს დააკავა.

10 სექტემბერს ბრალდებულ 33 წლის რაფაელ მურსაკულოვს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

XS
SM
MD
LG