Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის კონსულმა მოინახულა


რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება
რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება

უკრაინის კონსული რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ოლეგ ნიკოლენკომ გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ უთხრა, რომ სააკაშვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და საპატიმროში არსებულ პირობებს არ უჩივის.

ნიკოლენკოს განცხადებით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო და საკონსულო მიხეილ სააკაშვილს, როგორც უკრაინის მოქალაქეს უწევენ საკონსულო და სამართლებრივ დახმარებას. ნიკოლენკოს ინფორმაციით, უკრაინის კონსულს თბილისში კავშირი აქვს სააკაშვილის ადვოკატებთან.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. 1 ოქტომბერს დილიდან, "ქართული ოცნების" ლიდერები და შსს აცხადებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია და საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს, საღამოს კი, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ სააკაშვილი დაკავებულია. მოგვიანებით, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ შსს საგანგებოდ არ ავრცელებდა რეალურ ინფორმაციას, რათა ხელი არ შეშლოდა მიხეილ სააკაშვილის დაკავების ოპერაციას.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ იძებნებოდა. მას ქართული სასამართლოს მიერ დაუსწრებლად აქვს მისჯილი პატიმრობა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. 2018 წელს, ორივე საქმეზე სააკაშვილი დამნაშავედ ცნეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე მიესაჯა 6 წლით, ხოლო სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე - 3 წლით. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე.

XS
SM
MD
LG