საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ საარჩევნო უბნებზე ჟურნალისტების უფლებების დარღვევის ფაქტები გამოაქვეყნა. იყო შემთხვევები, როდესაც ჟურნალისტებს, რომლებიც არჩევნების გაშუქებას ცდილობდნენ ლანძღავდნენ და ემუქრებოდნენ, რიგ შემთხვევებში საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდეც კი მივიდა, კერძოდ:
- თბილისში, ჩუღურეთის რაიონში „ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფს სავარაუდოდ „ქართული ოცნების” აქტივისტი დაესხა თავს და კამერა დაუმტვრია.
- ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს TV 25-ის ჟურნალისტს თეო ფუტკარაძეს.
- „TV პირველის“ ჟურნალისტი თამთა დოლენჯაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა მაუწყებლის აპარატურა სამარშრუტო ტაქსიში ჩაკეტეს.
- ზუგდიდში, ერთ-ერთი საარჩევნო უბანზე უცხო პირი „ფორმულას” ჟურნალისტს, სალომე ჩადუნელს ელექტროშოკით დაემუქრა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
- მედიაგამოცემა „ბათუმელების" ჟურნალისტს ხელი შეუშალეს პროფესიული საქმიანობის შესრულებაში, შემთხვევა ბათუმის 64-ე უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
- სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს „მთავარი არხის" ჟურნალისტს გონიოში; „ფორმულას” ჟურნალისტს ქარელში; ონლაინგამოცემა „პუბლიკას" ჟურნალისტს მინდია გაბაძეს გლდანის 47-ე უბანზე; მთავარი არხის გადამღებ ჯგუფს ჩუღურეთში; „ტვ პირველის" ჟურნალისტს გიორგი ხუხიას; ტელეკომპანია „ფორმულას” ჟურნალისტს და მედიაგამოცემა „ბათუმელების" ჟურნალისტს. მედიასაშუალების ინფორმაციით, აგრესიულად განწყობილი პირები ჟურნალისტს მუქარით პასუხობდნენ: „მოგხედავთ”, „ვიმახსოვრებთ სახელებს” - ამბობდნენ ისინი.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს გამოიძიოს ჟურნალისტებზე თავდასხმისა და მათ საქმიანობაში ჩარევის ფაქტები.