ტელეკომპანია „ფორმულის" დაყადაღების მოთხოვნას უარყოფს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. როგორც მის განცხადებაში არის აღნიშნული, მას არ მოუთხოვია ტელეკომპანიის წილის დაყადაღება.
„მიუხედავად იმისა, რომ დავით კეზერაშვილი თავის კომპანიებს აფინანსებს სახელმწიფოსგან მიტაცებული თანხებით, რომლებიც სახელმწიფოსთვის საზიანო საქმიანობას ეწევიან, თავდაცვის უწყება კარგად იაზრებს დემოკრატიულ ღირებულებებს, სიტყვის თავისუფლების მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. აქედან გამომდინარე საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე სამინისტროს არც კი დაუშვია იმის ალბათობა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოეთხოვა ტელევიზიის წილის დაყადაღება. მით უმეტეს, როდესაც დავით კეზერაშვილი წლების განმავლობაში აღნიშნული ტელევიზიიდან დივიდენდს არ იღებს. შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების ალბათობა აღნიშნული კომპანიიდან არ არსებობს', - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ამავე უწყების ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილსა და მისი მინისტრობის დროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროს ალექსანდრე ნინუას სასამართლოში უჩივის. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მოთხოვნა "დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაა".
7 სექტემბერს საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს და ტელეკომპანია "ფორმულის" 51%-იანი წილის მესაკუთრეს დავით კეზერაშვილს უზენაესმა სასამართლომ პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა. მას სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, თუმცა სასჯელი ამნისტიის შედეგად განახევრდა.
კეზერაშვილის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ სამი წევრის შემადგენლობით. ესენი არიან: შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე და მერაბ გაბინაშვილი.
2017 წელს სააპელაციო სასამართლომ კეზერაშვილის საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა, რომელიც პროკურატურამ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. იმ დროს გენერალური პროკურორის თანამდებობას შალვა თადუმაძე იკავებდა.
კეზერაშვილი გეგმავს მიმართოს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.