Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო დოლიძე: უცნაურია, რომ ცესკომ „სისხლიანი ბანერები“ არ მიიჩნია სააგიტაციო მასალად


ნინო დოლიძე, "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელი დირექტორი
ნინო დოლიძე, "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელი დირექტორი

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორი რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ გამოეხმაურა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ „სისხლიან ბანერებთან“ დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც აღნიშნული ბანერები არ იქნა მიჩნეული სააგიტაციო მასალად:

„არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, როდესაც ქვეყნის მასშტაბით ამდენი ბანერი გაეკვრება, სადაც საარჩევნო სუბიექტები არიან უშუალოდ და ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის დასახელებაც არის, ჩვენ, ცხადია, ამას ვხედავთ და ვუყურებთ როგორც საარჩევნო სააგიტაციო მასალას და ამის მიჩნევა, რომ არ არის ეს სააგიტაციო მასალა, ძალიან უცნაური გადაწყვეტილებაა ნამდვილად. ჩვენი საარჩევნო კოდექსი შესაძლოა ვერ ითვალისწინებდეს ნებისმიერ ქმედებას, რომელიც ადამიანებს შეიძლება თავში მოუვიდეთ და სწორედ ამიტომ საარჩევნო კოდექსი ითვალისწინებს, როგორი უნდა იყოს სააგიტაციო მასალა ზოგადად. ამიტომ ასეთი გადაწყვეტილება ზოგადად, ჩემი აზრით, აზრს უკარგავს იმ მუხლებს და სტანდარტებს, რომლებიც საარჩევნო კანონმდებლობაშია და, სამწუხაროდ, მომავალში შესაძლოა წაახალისოს კიდეც მსგავსი ტიპის კერძო ინიციატივები“, - განაცხადა ნინო დოლიძემ „დილის საუბრებში“. მისი თქმით, 28 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილებით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე არსებული სტანდარტი გააუარესა:

„2018 წელს გვქონდა ჩვენ მსგავსი შემთხვევა და მაშინ აუდიტის სამსახურს მივმართეთ და არა ცესკოს და ჩვენ უკვე გვაქვს სტანდარტი, როდესაც აუდიტის სამსახურმა ეს ჩათვალა როგორც სააგიტაციო მასალა და იმ ადამიანის ეს დანახარჯები დეკლარირებული იქნა, როგორც შემოწირულობა მაშინ სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ. ამიტომ ეს სტანდარტი უკვე არსებობს და ძალიან სამწუხაროა, რომ ცესკოს სტანდარტი გაუარესებულია ამ შემთხვევაში იმიტომ, რომ წარმოუდგენელი მგონია ინდივიდუალური ადამიანის დამოუკიდებელი ინიციატივა, რომ საარჩევნო პერიოდში, ორი კვირით ადრე ასეთი ბანერები გააკრას“, - აღნიშნა ნინო დოლიძემ, რომლის თქმითაც, აუდიტის სამსახურს „სამართლიანმა არჩევნებმა“ ამჯერადაც მიმართა, თუმცა ჯერ მისგან პასუხი არ მიუღია. რაც შეეხება ცესკოში წარდგენილ საჩივარზე რეაგირებას, ნინო დოლიძე ამბობს, რომ კარგი საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, საარჩევნო ადმინისტრაციები პოზიტიურ როლს უნდა ასრულებდნენ საარჩევნო პროცესში. შესაბამისად, ნინო დოლიძე მიიჩნევს, რომ ცესკოს კანონმდებლობის სულისკვეთებით უნდა ეხელმძღვანელა და არა კანონმდებლობის ვიწრო ინტერპრეტაციით, „რომელშიც შესაძლოა სიტყვასიტყვით არ ეწეროს ამ კერძო ინდივიდუალური ადამიანის მიერ ასეთი ბანერების გაკვრაზე“.

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 28 სექტემბერს განაცხადა, რომ ე.წ. სისხლიან ბანერებზე, რომლებიც სხვადასხვა ქალაქში წინასაარჩევნოდ გაჩნდა, სამართალდარღვევის ოქმს ვერ შეადგენს, რადგან კანონმდებლობა არ დარღვეულა.

"საარჩევნო ადმინისტრაციამ დეტალურად მოიკვლია ბანერების თემა და დაადგინა კიდეც, რომ ბანერების დამკვეთი არის ფიზიკური პირი, რომელმაც შპს „ალმას“ შეუკვეთა მათი დამზადება/განთავსება. სწორედ ამ კერძო პირის წერილობითი პასუხებიდან ირკვევა, რომ საჩივრებში მითითებული ბანერების დამზადება/განთავსება არ მომხდარა რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტის დაფინანსებით. ჩვენი მოკვლევის თანახმად, - ეს პირი ასევე არ წარმოადგენს არც ერთ პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო სუბიექტს ან მათ ოფიციალურ მხარდამჭერს და არც საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად არის რეგისტრირებული. ის არ არის არც ერთი პოლიტიკური გაერთიანების შემომწირველი", - ვკითხულობთ განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ ამ გარემოების გათვალისწინებით, არ დარღვეულა საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-3 ნაწილი და არ არსებობს სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის საფუძველი.

თითქმის ორი კვირაა, თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში განთავსდა „სისხლიანი ბანერები“ მოწოდებით: „არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს!“. ბანერებზე სისხლის შხეფების ფონზე გამოსახულები არიან ოპოზიციური პარტიებისა და მედიის წარმომადგენლები: მიხეილ სააკაშვილი, ნიკა მელია, გიგა ბოკერია, ზურაბ გირჩ ჯაფარიძე, გუბაზ სანიკიძე, გიორგი გახარია, ნიკა გვარამია და ნოდარ მელაძე. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბანერები ბიზნესმენ მიხეილ გაბრიაძის დაკვეთით განთავსდა.

ბანერების ჩამოსახსნელად, წინასაარჩევნო კამპანიის დროს სააგიტაციო მასალის დამზადებისა და გავრცელების წესის დარღვევის გამო, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართეს "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" და პოლიტიკურმა პარტიამ "დროა". ამავე მოთხოვნით ქუთაისის საოლქო კომისიაში საჩივარი შეიტანა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა და ქუთაისის მერობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ.

სარეკლამო კომპანია „ალმა“, რომელსაც თბილისის მერიისგან მინიჭებული ლიცენზიით უფლება აქვს, რომ ბანერები გააკრას ქალაქში, ემიჯნება იმ პლაკატების შინაარსს, რომელიც მათ ბილბორდებზეა გაკრული. „სისხლიანი ბილბორდების“ ნაწილმა ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერები ჩაანაცვლა, რამაც დაავადებათა კონტროლის ცენტრის უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.

XS
SM
MD
LG