40-მდე ოჯახი თბილისის ცენტრში 10 წელია შუქისა და გაზის გარეშე ცხოვრობს. 21 სკოლის მოსწავლე ორი წელია გაკვეთილებს ვერ ესწრება.
ქსოვრელის N2ა-ში სოციალურად დაუცველები და დევნილები ცხოვრობენ. ოთხსართულიანი შენობა, რომელიც კიკვიძის ბაღთანაა, ოჯახებისთვის ფაქტობრივად თავშესაფრად არის ქცეული. მობინადრეები კორპუსში 2011 წელს თვითნებურად შესახლდნენ, ნაგვის ბუდედ ქცეული ტერიტორია მეტ-ნაკლებად დაასუფთავეს და ზოგან კარ-ფანჯარაც ჩასვეს. გაიყვანეს წყალიც და კანალიზაციაც, თუმცა ნახევრად დანგრეული შენობა საცხოვრებლად დღემდე უვარგისია. კიბეებს მოაჯირები არა აქვს, ყველა სართულზე სამშენებლო ნაგავი ყრია, თავზემოთ კი შიშველი კაბელებია გაჭიმული.
როგორ გავძარცვოთ ლამპიონი
„საკუთარი“ ელექტროენერგია აქაურებს 10 წელია არ აქვთ. „შუქს ლამპიონს ვპარავთ“, - ეუბნებიან „თავისუფლებას“ ქსოვრელის ქუჩის მცხოვრებლები. გარე განათების ბოძი მათი კორპუსის წინ დგას და იქიდან გადმოყვანილი კაბელები მთელ შენობაშია გაბმული. 36 ოჯახის დღის წესრიგიც ამ ლამპიონზეა აწყობილი. ქსოვრელის N2ა-ში შუქი მაშინ მოდის, როდესაც ღამდება და ქუჩებში გარე განათებას რთავენ. თუ რაღაც მიზეზების გამო ლამპიონი არ აინთო, სანთლებზე გადადიან.
კორპუსში არც გაზია. ზამთარში შეშით თბებიან, საჭმელს კი ბალონებზე ამზადებენ.
ლიკა ჯანაშია ცეცხლზე შემომდგარ ფაფას რძეს ამატებს და თან ჰყვება, რომ ერთი ბალონი 15-20 დღე ჰყოფნის, მერე უნდა წაიღო, დატენო, შეაერთო... მათ ბინაში მაცივარი კარადის ფუნქციას ასრულებს, დენის მუდმივი ცვლილების გამო გადაიწვა. ლიკა ამბობს, რომ ლამპიონი ათობით ოჯახის „მოთხოვნებს“ ვერ უძლებს და კაბელები ხშირად იწვება.
როცა კარგი ამინდია, მობინადრეები გარეთ, ხის ჩრდილში სხედან, ასე ერთმანეთსაც ესაუბრებიან და ეზოში მოთამაშე ბავშვების არმიასაც აკონტროლებენ. ხანდახან მათთან სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები მიდიან, ძირითადად წინასაარჩევნოდ. ჩვენი იქ ყოფნისას სოციალურ გამოკითხვაზეც მიადგნენ, მერობის კანდიდატების შეფასებას სთხოვდნენ.
„არც ერთი არ უქნია ღმერთს“, - პასუხობს ახალგაზრდა ქალი ბავშვით ხელში და დაფიქრების შემდეგ ერთ-ერთზე ეუბნება, თუ მაინცდამაინც უნდა ავირჩიო, ეს შემოხაზეო.
შესახლებულებს შორის ბევრი მრავალშვილიანია. 45 ბავშვიდან 21 სკოლის მოსწავლეა, 5 სტუდენტიც ჰყავთ. მას შემდეგ, რაც სკოლები ონლაინსწავლებაზე გადავიდნენ, კიდევ ერთი პრობლემა დაემატათ, ბავშვები გაკვეთილებს ვერ ესწრებიან.
შორენა ბუხრიშვილი იმასაც ჰყვება, რომ რამდენჯერმე მისი შვილი „რეანიმაციულშიც“ მოხვდა: „ხშირად ცივდებოდა და ექიმი ინჰალაციას რომ დაუნიშნავდა, ვერ ვუკეთებდი, ამის გამო რამდენჯერმე სიკვდილს გადაარჩინეს“, - ამბობს ის.
ოთხი წლის წინ მობინადრეებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართეს. ისინი ეკონომიკის სამინისტროსგან კომუნიკაციების (ელექტროენერგია და გაზი) გაყვანას ითხოვდნენ. 2019 წლის 4 ივნისს სასამართლომ განაჩენი მათ სასარგებლოდ გამოიტანა.
„ქონების მართვის სააგენტოს დაევალა, გაეცათ თანხმობა კომუნიკაციებთან დაკავშირებით, მაგრამ თანხმობის ნაცვლად 2019 წლის 5 ივნისს ეკონომიკის სამინისტრომ ისევ გაასაჩივრა და მას შემდეგ ორი წელია პროცესი არ ჩანიშნულა. ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელს ხან არ სცალია, ხან სადღაც მივლინებაშია. ერთი კაცის იქით არავინ ჰყავთ?!“ - გაბრაზებულია ირაკლი ბუთბაია, რომელიც ამ შენობაში ცხოვრობს.
როგორ იქცევა სახელმწიფო
ქონების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ მათ კანონი არ აძლევთ საშუალებას დააკმაყოფილონ მობინადრეების მოთხოვნა მაშინ, როცა საქმე სასამართლოშია. რაც შეეხება გაჭიანურებულ სასამართლო პროცესს, სააგენტოში ამბობენ - სხდომას სასამართლო ნიშნავს და არა სააგენტოო.
რამდენიმე წლის წინ თბილისის მერიამ გამოიკვლია, რომ დედაქალაქში 400 ისეთი ობიექტია, რომელშიც უკანონოდ შეჭრილები ცხოვრობენ. ეს მონაცემები სრულყოფილი არ არის. ზუსტი რიცხვები არც არასამთავრობო სექტორისთვისაა ცნობილი. შედარებით უკეთაა შესწავლილი მიზეზები: ბევრს მართლაც სახლი არ აქვს, ზოგს შესაძლოა ჰქონდეს, მაგრამ სოფელში, სადაც ან სამსახურს ვერ შოულობს, ან სამედიცინო მომსახურებაზე ხელი არ მიუწვდება, ბევრი სახლიდან ოჯახური ძალადობის გამო წამოვიდა და თავი ბარაკებს შეაფარა.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ წარმომადგენელი თათული ჭუბაბრია ამბობს, რომ უსახლკაროების პრობლემები იმის გამო არ გვარდება, რომ მერიას საბინაო პროგრამები არ უვარგა.
ის განმარტავს, რომ ხშირად მსგავს დავებს მხოლოდ საკუთრების უფლების ხელყოფის კუთხით უყურებენ და ასეთ დროს, თუკი შეჭრილი პირი თავის საჭიროებებს ვერ დაამტკიცებს, შესაძლოა, დავა წააგოს, მაგრამ:
„ჩვენ ხშირად ბევრი საპირისპირო არგუმენტი გვაქვს. ქვეყანაში არ არსებობს საცხოვრისის პოლიტიკა, საბინაო პოლიტიკა, ღამის თავშესაფარშიც ყველას არ უშვებენ და, შესაბამისად, შესაძლოა ადამიანი ჭერის გარეშე დარჩეს“, - ამბობს თათული ჭუბაბრია.
ქსოვრელის N2ა-ში მცხოვრები ოჯახები საპროტესტო გამოსვლებზე ფიქრობენ: „ეგებ, არჩევნების წინ აქციებმა გაჭრას“.