ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 14-16 სექტემბერს სტრასბურგში გამართა შეხვედრა, ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული განჩინებების და გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესის განსახილველად.
ერთ-ერთი საქმე, რომელიც განიხილეს, არის „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“, რომელზეც 2019 წლის 31 იანვარს, სტრასბურგის სასამართლომ მოპასუხე სახელმწიფოს, რუსეთს დააკისრა სამი თვის ვადაში 10 მილიონი ევროს ვალდებულება მოსარჩელე სახელმწიფოსთვის [საქართველო], იმ არაეკონომიკური ხასიათის ზარალის გამო, რომელიც მიადგა საქართველოს სულ მცირე 1500 მოქალაქეს. ამასთან, მოსარჩელე სახელმწიფოს უნდა შეემუშავებინა ეფექტიანი მექანიზმი თანხების სამართლიანი განაწილებისთვის, იმ ინდივიდებს შორის, ვისაც საქმეში აღნიშნული დარღვევები შეეხო.
სტრასბურგის სასამართლოს 2019 წლის გადაწყვეტილება ეხებოდა რუსეთის ფედერაციაში საქართველოს მოქალაქეების დაპატიმრებას, დაკავებას და იქიდან გამოძევებას, 2006 წლის სექტემბრიდან 2007 წლის იანვრის ბოლომდე. სასამართლომ დაადგინა, რომ 2006 წლის ოქტომბრის შემდეგ რუსეთის ფედერაციაში მოქმედებდა ადმინისტრაციული პრაქტიკის ტოლფასი პოლიტიკა, რომელიც მოიცავდა საქართველოს მოქალაქეების დაპატიმრებას, დაკავებას და გაძევებას და 10 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა რუსეთის ფედერაციას საქართველოსთვის, დაზარალებული მოქალაქეების სასარგებლოდ.
ახალ გადაწყვეტილებაში, მინისტრთა კომიტეტი აღნიშნავს, რომ თანხის გადახდისთვის დაწესებული ბოლო ვადის, 2019 წლის 30 აპრილის გასვლის შემდეგ 2020 წლის დეკემბერში სპეციალური რეზოლუციით მკაცრად შეახსენეს რუსეთს გადახდის ვალდებულებები, და ასევე 2021 წლის 9 ივნისს დაუწესეს ახალი ვადა, 2021 წლის 6 სექტემბერი, რათა გადაეხადა დაკისრებული თანხა, წარმოქმნილი საურავებით.
კომიტეტმა ღრმა შეშფოთება გამოთქვა იმის თაობაზე, რომ ჯერჯერობით არანაირი თანხა არ არის გადახდილი და ხაზი გაუსვა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული თანხის გადახდა უპირობო მოვალეობაა და გაჭიანურება მსხვერპლთ ართმევს მიღებული ზარალის კომპენსაციის მიღების საშუალებას.
მინისტრთა კომიტეტმა ასევე აღნიშნა, რომ 2021 წლის აგვისტოში საქართველოს და რუსეთის მხარეები შეთანხმდნენ, რომ თანხის გადახდა მოხდებოდა ევროპული საბჭოს ბანკის ანგარიშის მეშვეობით, ხოლო რუსეთის ხელისუფლება კვლავ გამოხატავს სურვილს, რომ ევროსაბჭო იყოს გადახდის შუამავალი, მაგრამ სჭირდება დამატებითი დრო, რომ დაასრულოს შიდა პროცედურები.
მინისტრთა კომიტეტი შეთანხმდა, რომ 2021 წლის სამი ნოემბრის შეხვედრაზე, თუ იქამდე არ მიიღწევა პროგრესი, მოამზადებს ახალი რეზოლუციის პროექტს ნოემბრის ბოლოს, შემდეგ შეხვედრაზე, განსახილველად.