რუსეთის იუსტიციის სამინისტრო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს სასარგებლოდ მიღებულ გადაწყვეტილებაში ძირითად მომენტად იმას მიიჩნევს, რომ სასამართლომ შვიდჯერ შეამცირა საქართველოს მიერ მოთხოვნილი საკომპენსაციო თანხა, 70 მილიონ 300 ათასი ევრო - ამის შესახებ გამოცემა „კომერსანტს“ განუცხადა სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის უფლებამოსილმა პირმა, მიხაილ გალპერინმა. მისივე თქმით, რუსეთის მოთხოვნით სასამართლომ დააფიქსირა, რომ უნდა არსებობდეს კომპენსაციის მიმღებთა ამომწურავი სია და ამასთან, მათი თავდაპირველი რაოდენობა - თითქმის 5 000 შემცირდა 1500-მდე.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთიდან არჩეულმა მოსამართლემ დმიტრი დედოვმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელზე გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მხარეთა შორის კონფლიქტს აქვს პოლიტიკური ქვეტექსტი, რაც ჭეშმარიტების დადგენას ართულებს. დედოვის შეფასებითვე, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინა უფლებადამცველი ორგანიზაციების ანგარიშებმა. რუსი მოსამართლის განცხადებით, უფლებადამცველი ორგანიზაციები კონფლიქტს მიკერძოებულად მიუდგნენ და მხარი საქართველოს დაუჭირეს. გარდა ამისა, დედოვის თქმით, სტრასბურგის სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო რუსული სასამართლოების მასალები, სადაც დამტკიცებული იყო საქართველოს მოქალაქეთა მიმართ დისკრიმინაციული პოლიტიკის არარსებობა.
დმიტრი დედოვი სტრასბურგის სასამართლოს ერთადერთი მოსამართლეა, რომელმაც დღეს მხარი არ დაუჭირა გადაწყვეტილებას რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეთა მასობრივი დეპოტრაციის საქმეზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ 16 ხმით დაადგინა, რომ რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებს უნდა გადაუხადოს 10 მილიონი ევროს კომპენსაცია.