Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველომ საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან $286 მლნ-ის ოდენობის სარეზერვო აქტივი მიიღო


საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან საქართველომ 286 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სარეზერვო აქტივები მიიღო. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

პანდემიის დროს წევრი ქვეყნების ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობისა და კრიზისული მდგომარეობიდან გამოყვანის მიზნით, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (სსფ) მიმდინარე წელს ნასესხობის სპეციალური უფლების განაწილების ახალი წესი დაამტკიცა და ქვეყნებს შორის 650 მლრდ აშშ დოლარის (დაახლოებით 456 მლრდ SDR) ოდენობის გადანაწილება გააკეთა. ეს წესი ძალაში 23 აგვისტოდან შევიდა.

650 მლრდ აშშ დოლარიდან დაახლოებით 275 მლრდ აშშ დოლარი (დაახლოებით 193 მლრდ SDR) განვითარებად ეკონომიკებში, მათ შორის დაბალშემოსავლიან ქვეყნებში განთავსდა. აღნიშნულ განაწილებაში საქართველოს 202 მლნ SDR ერგო, რაც დაახლოებით 286 მლნ აშშ დოლარის ეკვივალენტია.

"აღნიშნული ოპერაცია ზრდის ქვეყნის მთლიან საერთაშორისო რეზერვებს და, შესაბამისად, კრიზისის წინააღმდეგ ფინანსურად უფრო მდგრადს ხდის. SDR-ის ფლობა ქვეყანას საშუალებას აძლევს საერთაშორისო რეზერვების შესავსებად უფრო ძვირადღირებული საშინაო ან საგარეო ვალის აღება შეამციროს. ამავე დროს, SDR ქვეყნის უპირობო ვალდებულებაა. იგი საგადასახდელო ბალანსის აქტივებში აღირიცხება, ერთი მხრივ, როგორც სარეზერვო აქტივი, ხოლო, მეორე მხრივ, როგორც გრძელვადიანი ვალდებულება.

SDR-ის აღნიშნული განაწილება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ წევრი ქვეყნებისთვის, მიმდინარე პანდემიური ვითარების და გლობალური კრიზისის დაძლევის პროცესში, გამოხატული მნიშვნელოვანი მხარდაჭერის დასტურია. ასეთი განაწილებები მსოფლიოს ფინანსურ სტაბილურობაში მნიშვნელოვანი წვლილის შემტან მოვლენებად განიხილება", - აღნიშნავს ეროვნული ბანკი.

აქვე გახსენებულია, რომ წინა მსგავსი განაწილება 2009 წელს მოხდა, როდესაც საერთაშორისო სავალუტო ფონდმა წევრი ქვეყნებისთვის 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისიდან გამოსაყვანად 250 მლრდ აშშ დოლარის ეკვივალენტი SDR განათავსა. განაწილების ამ რაუნდის დროს, საქართველომ 144 მლნ SDR (225,5 მლნ აშშ დოლარის ეკვივალენტი) მიიღო.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა უარს ეუბნებოდა ევროკავშირს 75 მლნ-ის მოცულობის მაკროფინანსურ დახმარებაზე, რომლის წინაპირობაც რეფორმების გატარება იყო. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხაზს უსვამდა, რომ "ეს არ იყო გრანტი და დახმარება".

ევროკავშირმა გაითვალისწინა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება მაკროფინანსური დახმარებაზე უარის შესახებ და საქართველოს 75 მლნ ევროს აღარ გამოუყოფს.

"150 მლნ ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება, რომლის ნახევარი უკვე გადმორიცხულია, მიზნად ისახავდა საქართველოს მოსახლეობის დახმარებას კოვიდპანდემიასთან გამკლავებაში. ეს თანხები საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობას უნდა მოხმარებოდა.

ევროკავშირი ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის დასაბუთებას გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ არ მოითხოვოს მაკროფინანსური დახმარების დარჩენილი ნაწილი. პატივს ვცემთ რა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ამავე დროს აღნიშნავთ, რომ საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა და, კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი...

ევროკავშირი ხაზგასმით აღნიშნავს: მიუხედავად იმისა, რომ ის კვლავ სრულად მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს რეფორმებს ევროკავშირი–საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად, ევროკავშირის დახმარება კვლავ დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე", - თქვა საქართველოში ევროკავშირის წამომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის დროებით შემსრულებელმა ჯულიენ კრამპმა.

XS
SM
MD
LG