Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სწავლა სკოლებში, უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში დისტანციურ რეჟიმში განახლდება


სასწავლო პროცესი სკოლებში 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება, იგივე რეგულაცია შეეხება უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებს.

"4 ოქტომბრამდე შეზღუდული დარჩება სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობა და ეს ეხება როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ბაღებს", - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, იქნება დიფერენცირებული მიდგომა. იმ ქალაქში ან სოფელში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი იქნება 4%-ზე ქვემოთ, სწავლა განახლდება საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში ანუ დასწრებულ ფორმატში; სადაც 4%-ზე მაღალი იქნება, იქ გაგრძელდება დისტანციურ ფორმატში, მშობლებს ფორმატის არჩევის საშუალება კვლავ ექნებათ.

ჩვენ გვინდა მაქსიმალურად მოქნილი სისტემა შევთავაზოთ და შევთავაზებთ მშობლებს, გვქონდა ჩვენ ეს პრაქტიკა დანერგილი წინა სემესტრებში, თუ რომელიმე მშობელი გადაწყვეტს, რომ მას ურჩევნია კვლავ დისტანციურ ფორმატში იყოს, ამის საშუალება შენარჩუნებული იქნება“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

რაც შეეხება უნივერსიტეტებს, ვინაიდან მათ სწავლის დაწყების ინდივიდუალური თარიღები აქვთ, 4 ოქტომბრამდე სწავლა ყველგან დაიწყება დისტანციურ რეჟიმში, გადაწყყეტილება სწავლის ფორმატის ცვლილებაზე მიიღება ადგილზე არსებული ეპიდვითარების შესაბამისად.

„გამონაკლისია სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის პრაქტიკული ლაბორატორიული და კლინიკური მეცადინეობები. თეორიული მეცადინეობა მთლიანად იქნება დისტანციურად 4 ოქტომბრამდე, უნივერსიტეტებს უფლებამოსილება ეძლევათ, რომ მედიცინის პროგრამის სტუდენტებისთვის კლინიკური, ლაბორატორიული და პრაქტიკული აწარმონ დასწრებული ფორმატით, მნიშვნელოვანი დათქმით, რომ ამ აქტივობების დროს როგორც სტუდენტები, ასევე პროფესორ-მასწავლებლები უნდა იყვნენ ორჯერადად აცრილები“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

რაც შეეხება იუსინეფის და ჯანმოს რეკომენდაციებს სკოლის შენობაში სწავლის განახლების აუცილებლობასთან დაკავშირებით, მიხეილ ჩხენკელმა თქვა, რომ ის შეხვდა გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენელს და ბავშვების ჯანმრთელობის საკითხზე არსებობს სრული თანხვედრა.

სპეციფიკა მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოში 90% შტამების არის დელტა, დელტამ სამიზნეში ამოიღო ბავშვები და ახალგაზრდები, მე პირველი ვარ იმის მომხრე, რომ სასწავლო პროცესი მიმდინარეობდეს ბუნებრივ გარემოში ანუ საკლასო ოთახებში და აუდიტორიებში. სკოლები არიან მზად ყოველმხრივ და ყველა სცენარისთვის. აქ კრიტერიუმი არის სულ სხვა, პანდემიის, ინფიცირების დონე არის ძალიან მაღალი, ამაში სრული თანხვედრა გვაქვს იუნისეფის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან, რომ ბავშვის ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი არ არის არაფერი“, - განაცხადა განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.

მისი სიტყვებით, როგორც კი 4%-ს ჩამოსცდება ინფიცირების დღიური მაჩვენებელი, ბავშვები დაბრუნდებიან საკლასო ოთახებში. ამასთან, განათლების მინისტრმა ყურადღება გაამახვილა პედაგოგთა აცრისა და სწავლის დასწრებულ რეჟიმში განახლების მიმართებაზე.

„100%-იც რომ იყოს აცრილი მასწავლებლების, თუ სკოლა მდებარეობს იმ გარემოში, იმ უბანში ან იმ ქალაქში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი მაღალია, კონკრეტულად 4%-ზე მაღალია, იქ საშიშროება, რომ ვირუსი კვლავ შევიდეს [სკოლაში], არის კვლავ მაღალი. შესაბამისად, 4%-იანი კრიტერიუმი არის ის, რასაც ჩვენ დავეყრდნობით 4 ოქტომბრის შემდეგ“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, 31 აგვისტოს დილისთვის დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 10.92%;
  • ბოლო 7 დღის - 9.76%;
  • ბოლო 14 დღის - 10.26%.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 79 პაციენტი. მხოლოდ აგვისტოში, კოვიდინფექციამ იმსხვერპლა 1500-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 43 741 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 4778 შემთხვევა.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გასული დღის განმავლობაში, 30 აგვისტოს აიცრა 25 670 ადამიანი. 15 მარტიდან გაკეთებულია 1 184 306 აცრა.

ერთი დოზით ვაქცინირებულია 790 542 ადამიანი, ანუ მოზრდილი მოსახლეობის 27.7%. სრულად ვაქცინირებულია 393 764 - მოზრდილი მოსახლეობის 13.8%.

ეპიდემიოლოგების თანახმად, ე.წ. საზოგადოებრივი იმუნიტეტისთვის საჭიროა აცრილი იყოს მოზრდილი მოსახლეობის 60% მაინც.

XS
SM
MD
LG