Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

WHO და UNICEF-ი სკოლებს მოუწოდებენ, გაიხსნან და შექმნან უსაფრთხო გარემო


მსოფლიოში კორონავირუსის დელტა შტამის გავრცელების მიუხედავად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ოფისი და გაეროს ბავშვთა ფონდის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური ოფისი სკოლებს მოუწოდებენ, გაიხსნან და შექმნან უსაფრთხო გარემო ვირუსის გავრცელების მინიმიზაციისთვის საჭირო ზომების მიღებით. საქართველოში როდის გაგრძელდება და რა ფორმატით საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესი, ჯერ უცნობია.

ორგანიზაციების განცხადებით, სკოლაში უსაფრთხო გარემოს შექმნა შესაძლებელია ვაქცინაციის ეროვნულ გეგმებში სამიზნე ჯგუფებს შორის მასწავლებლებისა და სკოლის სხვა პერსონალის ჩართვითა და მათი ვაქცინაციით მოსახლეობის სხვა დაუცველ ჯგუფებთან ერთად.

"უნდა აიცრან 12 წლის და ზემოთ ასაკის ბავშვები, რომელთა სამედიცინო ისტორია მნიშვნელოვნად ზრდის კოვიდ-19-ის მძიმე ფორმით დაავადების რისკს. ასევე მნიშვნელოვანია სასკოლო გარემოს გაუმჯობესება საკლასო ოთახების უკეთესი განიავების, საჭიროებისამებრ ბავშვების მცირე კლასებად დაყოფის, ფიზიკური დისტანცირების უზრუნველყოფისა და ბავშვებისა და პერსონალის რეგულარული ტესტირების მეშვეობით", - აღნიშნულია UNICEF-ის გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის დირექტორი ჰანს ჰენრი კლუგე ამბობს, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ პანდემია დავიწყებას მიეცემა, თუმცა მანამდე ამოცანა ბავშვებისთვის სკოლის შენობაში, უსაფრთხო გარემოში განათლების მიცემა უნდა იყოს.

"პანდემიამ გამოიწვია საგანმანათლებლო პროცესის კატასტროფული შეფერხება, რომელიც ისტორიას არ ახსოვს. შესაბამისად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ევროპის რეგიონში შეუფერხებლად გაგრძელდეს სწავლება საკლასო ოთახებში... ყველა ქვეყანას მოვუწოდებთ, სკოლები არ დაკეტონ, ხოლო ყველა სკოლას მოვუწოდებთ, აამოქმედონ კორონავირუსისა და მისი სხვადასხვა ვარიანტის გავრცელების რისკის შესამცირებლად საჭირო ზომები", - ამბობს დოქტორი ჰანს ჰენრი კლუგე.

ექსპერტების რეკომენდაციები

  1. სკოლები უნდა იყოს პირველი, რომლებიც გაიხსნება და ბოლო, რომლებიც დაიხურება;
  2. შემუშავდეს ტესტირების სტრატეგია;
  3. შემუშავდეს რისკის შემცირებისთვის საჭირო ქმედითი ზომები;
  4. დაცული იქნეს ბავშვების ფსიქიკური ჯანმრთელობა და სოციალური კეთილდღეობა;
  5. დაცული იქნენ ყველაზე მოწყვლადი და მარგინალიზებული ბავშვები;
  6. გაუმჯობდეს სასკოლო გარემო;
  7. ბავშვები და მოზარდები ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
  8. აქტიურად განხორციელდეს ვაქცინაცია, რათა ბავშვები სკოლებში შევინარჩუნოთ.
XS
SM
MD
LG