Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა მოხდებოდა, სოჭის ხელშეკრულება რომ არ დაგვედო?


1992-1993 წლებში საქართველომ აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დასარეგულირებლად ორი სამშვიდობო ხელშეკრულება დადო: მოსკოვის და სოჭის. ამ ორიდან თბილისის სასარგებლოდ არცერთმა არ იმუშავა, თუმცა საბედისწერო ბოლო, 1993 წლის 27 ივლისს გაფორმებული სოჭის ხელშეკრულება გამოდგა. როგორ განვითარდა მოვლენები ამ შეთანხმების შემდეგ და როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყო, თუკი საქართველო ამ დოკუმენტზე ხელს არ მოაწერდა?

ქეთევან ბერულავა გულრიფშის სკოლაში მათემატიკის მასწავლებელი იყო. მას შემდეგ, რაც 1992 წლის ოქტომბერში გაგრა აიღეს, ორ პატარა ბავშვთან ერთად თბილისში, ნათესავებთან გადმოფრინდა, თუმცა რამდენიმე თვეში უკან მიბრუნდა და ბავშვებიც თან წაიყვანა. ეგონა, რადგან აფხაზეთში უკვე სამშვიდობო ძალები იდგნენ, მართლაც მშვიდობა იყო. თან სკოლა და გაკვეთილებიც ეწყებოდა.

„თვითმფრინავი სოხუმს რომ მიუახლოვდა, პილოტებმა შუქები გამორთეს და მანევრირება დაიწყეს. უმეტესობა ქალები ვიყავით, ატყდა წივილ-კივილი. მფრინავებმა, ხომ გითხარით ხალხნო, ომია, რომ მოდიხართ, სად მოდიხართო“, - იხსენებს ის.

3 სექტემბრის ხელშეკრულება

როდესაც 1992 წლის 3 სექტემბერს მოსკოვში საქართველოსა და რუსეთს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდა, აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებები ერთი თვის დაწყებული იყო. თითქოს ჯერ კიდევ არსებობდა შანსი, ომი შეჩერებულიყო, მაგრამ რეალურად ამ შეთანხმებამ ვერაფერი გააკეთა.

„შევარდნაძე და ელცინი იყვნენ წამყვანი ფიგურები, მაგრამ დოკუმენტს ხელს ჩრდილოეთ კავკასიის ლიდერებიც აწერდნენ, მათ შორის ვლადისლავ არძინბაც. მას კი უნდოდა, მესამე ხელმომწერი ყოფილიყო, მაგრამ ელცინმა აიძულა, სხვებთან ერთად მოეწერა ხელი. ამ ხელშეკრულებით ჩრდილოეთ კავკასიის ძალები უნდა გაეყვანათ აფხაზეთიდან, მაგრამ შეთანხმებას ერთი დღეც არ უმუშავია. რეალურად რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალები და ჩრდილოეთ კავკასიის ძალები არძინბას დაეხმარნენ და 2 ოქტომბერს გაგრა აიღეს. ვერ ვიტყვი, რომ ამ ხელშეკრულების გამო დაეცა გაგრა, მაგრამ არც ხელი შეუშლია“, - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

სოჭის ხელშეკრულება

საბრძოლო მოქმედებები განახლდა და ერთწლიანი ომის შემდეგ, 1993 წლის 27 ივლისში, სოჭში მორიგი სამშვიდობო ხელშეკრულება გააფორმეს. ქართულ და აფხაზურ მხარეებს კონფლიქტის ზონიდან მძიმე ტექნიკა უნდა გაეყვანათ, უნდა გასულიყვნენ ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ძალებიც. შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ომი დასასრულს უახლოვდებოდა, მაგრამ რეალურად ამჯერადაც ყველაფერი პირიქით მოხდა.

„ქართულმა მხარემ პირობა პირნათლად შეასრულა, მაგრამ აფხაზურ მხარეს ტექნიკა ტყეში ჰყავდა დამალული. განახლდა ომი და დაეცა სოხუმი“, - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

რა მოხდებოდა, ქართულ მხარეს სოჭის ხელშეკრულებისთვის ხელი რომ არ მოეწერა, ან უკიდურეს შემთხვევაში თავადაც დაერღვია შეთანხმება და აფხაზეთში მძიმე ტექნიკით დარჩენილიყო? პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში ომი რაღაც პერიოდი კიდევ გაგრძელდებოდა და თუ გავითვალისწინებთ იმ პროცესებს, რომელიც აფხაზეთის კონფლიქტის პარალელურად რუსეთში განვითარდა, გამორიცხული არ არის, ის ქართული მხარისთვის სასიკეთოდ შემოტრიალებულიყო.

ელცინი საკუთარი პარლამენტის წინააღმდეგ

აფხაზეთის კონფლიქტის პარალელურად, რუსეთშიც და საქართველოშიც სამოქალაქო ომი იყო. პაატა ზაქარეიშვილი ჰყვება, რომ რეალურად იმ პერიოდში იკვეთებოდა ხუთი ძალა: სახელისუფლებო ძალები შევარდნაძის მეთაურობით, ყოფილი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მომხრეები, აფხაზური მხარე, რუსეთის პრეზიდენტი ბორის ელცინი და რუსეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე რუსლან ხაზბულატოვი, თავ-თავიანთი მომხრეებით. ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ ელცინი მართლაც გულწრფელად მხარში ედგა შევარდნაძეს, მაგრამ მას რუსეთში არც პარლამენტი ემორჩილებოდა, არც - სამხედროები, მით უფრო არ ემორჩილებოდა მისი მთავარი მოწინააღმდეგე - რუსლან ხაზბულატოვი, რომელიც ეთნიკური ჩეჩენი იყო და, ზაქარეიშვილის თქმით, ჩრდილოეთ კავკასიას საქართველოს წინააღმდეგ აგულიანებდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ 1993 წლის 4 ოქტომბერს ელცინმა რუსეთის პარლამენტს ჭურვები დაუშინა და ხაზბულატოვი დააპატიმრა.

1993 წლის 4 ოქტომბერი, „ალფა ჯგუფი“ დარაჯობს დაპატიმრებულ რუსლან ხაზბულატოვსა და რუსეთის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ალექსანდ რუცკოის
1993 წლის 4 ოქტომბერი, „ალფა ჯგუფი“ დარაჯობს დაპატიმრებულ რუსლან ხაზბულატოვსა და რუსეთის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ალექსანდ რუცკოის

„დღემდე მტკივნეული ფაქტია რუსეთისთვის, რომ დემოკრატიული გზით არჩეულმა პრეზიდენტმა პარლამენტი დაამხო, მაგრამ სხვა გზა არ დაუტოვა ხაზბულატოვმა. შევარდნაძე ელცინს ენდობოდა, ეგონა, მას მართლა ჰქონდა გავლენა, ამ დროს არავითარი ძალა არ გააჩნდა, ცოტა ხანში საერთოდ პუტინს დაუთმო ხელისუფლება. უსაფრთხოების სამსახურები, თავდაცვის სტრუქტურები და ჩრდილოეთკავკასიური ძალები მართავდნენ ყველაფერს.

მაშინ საომარი მოქმედებები როგორმე ერთი თვე რომ გაგვეწელა და ხაზბულატოვის ჩამოგდებას დავლოდებოდით, შეიძლება სიტუაცია ჩვენს სასიკეთოდ შემობრუნებულიყო. ეს ჰიპოთეზაა და მეტი არაფერი, მაგრამ მაინც“, - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

იარაღის გარეშე დარჩენილი აფხაზეთი

სოჭის ხელშეკრულებიდან ზუსტად ორ თვეში, 27 სექტემბერს მძიმე ტექნიკის გარეშე დარჩენილი სოხუმი დაეცა. გენერალ გენო ადამიას შვილი ელგუჯა ადამია, რომელიც მაშინ ჰოსპიტლის ხელმძღვანელი იყო, რადიო თავისუფლებასთან საუბარში იხსენებს, რომ მხოლოდ მის საავადმყოფოში დაჭრილების რაოდენობა იმ დღეებში 1500 კაცამდე ავიდა.

„სამშვიდობო შეთანხმება იყო და იარაღი მთლიანად ფოთში გავუშვით. ორი კვირა ავტომატის ამარა იბრძოდა საქართველოს ჯარი. ჰოსპიტალზე ისეთი „ზეწოლა“ იყო... თუ ჩვეულებრივ ბრძოლაში 50-100 კაცი იჭრებოდა, მაშინ რამდენიმე დღეში 1000-1500 კაცამდე ავიდა დაჭრილების [რაოდენობა]“.

პოლკოვნიკი ნაური ჯიქია კი, რომელიც ომის პერიოდში 24-ე ბრიგადის არტილერიას ხელმძღვანელობდა, ამბობს, რომ ქართულმა მხარემ შეცდომა დაუშვა, როდესაც სოხუმიდან ტექნიკა გამოიყვანა.

„შევარდნაძე ღებულობდა პოლიტიკურ და არა სამხედრო გადაწყვეტილებებს. ომი და პოლიტიკური გადაწყვეტილება ვერაა კარგად ერთმანეთთან. პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო სოხუმიდან ტექნიკის გაყვანა და მერე სექტემბერში სკოლებში სწავლა რომ დაიწყეს, ისიც“.

სწავლა ტყვიების ქვეშ

გარდა იმისა, რომ ტექნიკის გარეშე დარჩენილმა ქართულმა მხარემ დიდი მსხვერპლი ნახა, გაცილებით გართულდა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაც. სამშვიდობო ხელშეკრულებამ ადგილობრივ მოსახლეობას შთაბეჭდილება შეუქმნა, რომ ისინი დაცულები იყვნენ, ამიტომ ბოლო დღეებამდე ხალხს აფხაზეთი არ დაუტოვებია, პირიქით, უკან დაბრუნდნენ ისინიც კი, ვინც არეულობას ომის დაწყებისას გაერიდა. ქეთევან ბერულავა იხსენებს, რომ სოხუმის დაცემამდე ათიოდე დღით ადრე მასწავლებლები გაკვეთილების ცხრილზე მუშაობდნენ და სკოლას ბავშვების მისაღებად ამზადებდნენ.

„20 სექტემბერს სწავლა უნდა დაწყებულიყო. მთელ საქართველოში ოქტომბერში იწყებოდა სწავლა და აფხაზეთში იწყებდნენ სექტემბერში. გაკვეთილების ცხრილს ვადგენდით, ვანაწილებდით. 16 ოქტომბერს, დილის 6 საათზე ქმარს ვაცილებდი, ფსოუზე უნდა დამდგარიყო, მაშინ იქ სამშვიდობოები იდგნენ, ერთი აფხაზი, ერთი რუსი, ერთი ქართველი. ჭიშკართან ვიყავით, როცა ისევ შეტევა დაიწყო. ამ დროს აფხაზეთიდან გასული ხალხი უკან იყო ყველა დაბრუნებული“, - იხსენებს ქეთევან ბერულავა.

ხალხი აეროპორტს მიაწყდა, მაგრამ იქაც ისევ იმას უმეორებდნენ, რომ სოხუმი კარგად იყო დაცული.

„ისეა დაცული, ჩიტიც ვერ შემოფრინდებაო. ღამე მეზობელი მოვიდა ჩემს ქმართან, აეროპორტში მუშაობდა და უთხრა, შევარდნაძეს რას უსმენთ, ამ ღამეს ორი თვითმფრინავი აფრინდება და გავაყოლოთ ქალები და ბავშვები, ჩვენ მერე ტყე-ტყე გამოვიდეთ ფეხითო. ჩემმა დედამთილმა, პროვოკატორი ხარო, არ დაიჯერა. სოხუმის მხრიდან ცეცხლი რომ გამოჩნდა, ზოგმა სატვირთო მანქანა გამოიყვანა, ზოგმა ტრაქტორი, დავსხედით და წამოვედით. ასე ვიარეთ მერხეულამდე, მერე იქიდან სვანეთში უკვე ფეხით გავაგრძელეთ გზა. ბავშვებს ორივეს სიცხე მისცა. დავაპირე ვერტმფრენისთვის დამეცადა, მაგრამ ერთი სვანი მოვიდა, რა ვერტმფრენი, ახლა ყინვები დაიჭერს, სანამ დროა, იარეთ, ტრიალ მინდორში არ დარჩეთო. დავუჯერეთ და წამოვედით. მერე გავიგეთ, რომ ჩვენ რომ უნდა ჩავმჯდარიყავით, ის ვერტმფრენი გადატვირთულობის გამო ჩამოვარდა და ყველა დაიღუპა“.

გურამ ოდიშარია დევნილთა უღელტეხილზე
please wait

No media source currently available

0:00 0:10:01 0:00

სოხუმის დაცემის შემდეგ საკენი-ჭუბერის უღელტეხილი დაახლოებით 100-120 ათასმა ადამიანმა გამოიარა. მაშინ სამშვიდობოს გამოსაღწევად დევნილებს 250-კილომეტრიანი გზის გავლა მოუხდათ. ზუსტი რიცხვი დღემდე უცნობია, მაგრამ ვარაუდობენ, რომ უღელტეხილზე დაიღუპა ასობით ადამიანი, დაღლილობისგან, შიმშილისგან და ყინვისაგან.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG