თუ შარშან, კოვიდინფექციით ერთი ორსული გარდაიცვალა, 2021 წელს 8 ასეთი შემთხვევა დადასტურდა. იმატა კორონავირუსით ბავშვთა ინფიცირების რიცხვმაც.
სოციალურ ქსელში ორსული ქალები, რომლებიც აიცრნენ, სხვებსაც მოუწოდებენ იმავე ნაბიჯის გადადგმისკენ, საკუთარი თავისა და შვილების უსაფრთხოებისთვის.
36 წლის მაგდა ნებიერიძე ერთ-ერთი მათგანია. ის ონკოლოგიური პაციენტია, შესაბამისად, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების შემდეგ განსაკუთრებით იზოლირებულია გარემოსგან, სახლიდან გასვლას ერიდება და თუკი გადის, ზედმიწევნით იცავს უსაფრთხოების წესებს. მისი სიფრთხილის მიზეზს კიდევ ერთი დაემატა - ერთ თვეში მეორე შვილის დედა უნდა გახდეს.
- „2017 წლის მერე ძალიან ვუფრთხილდები თავს, ვიცი, რომ იმუნიტეტი ძლიერი არ მაქვს, გადავიტანე ძუძუს კიბო, ოპერაციები, თერაპია, ყველაფერი, რაც მოჰყვება სიმსივნური პაციენტების მკურნალობას. სახლიდან ვმუშაობ და დიდი ხანია 2 პირბადის გარეშე არსად გავდივარ. ოჯახში ყველა იყო აცრილი ჩემს გარდა“.
მაგდა ვაქცინაციას ორჯერ ეცადა, თუმცა გაზაფხულზე მას ექიმებმა თავის შეკავება ურჩიეს - „ცოტა ხანი მოვიცადოთ, მოდი იმშობიარე და მერე გაიკეთე ვაქცინაო“, თუმცა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ვითარება მკვეთრად შეიცვალა, გაიზარდა ინფიცირებისა და ყოველდღიური გარდაცვალების შემთხვევები, გაჩნდა მეტი ინფორმაცია და კვლევები ორსულებისა და ლაქტაციის პერიოდში აცრილი დედების შესახებ. მაგდას ექიმების განწყობაც შეიცვალა.
აცრისგან თავის შეკავებას მხოლოდ მაგდას არ ურჩევდნენ, სოციალურ ქსელში დაბნეულები არიან ისინიც, ვინც ორსულობას გეგმავს, ექიმი კი ურჩევს, აცრის შემდეგ კიდევ 2 თვე „დააკვირდეს”, თუმცა უცნობია - რას.
ექიმები ამბობენ, რომ არც ორსულებისთვის და არც ლაქტაციის პერიოდში მყოფი დედებისთვის „ფაიზერით“ ვაქცინაციას უკუჩვენება არ აქვს. პირიქით, მას შემდეგ, რაც ადამიანი ორჯერადად აიცრება და 14 დღეც გავა, ანუ როცა ორგანიზმი სრულად გამოიმუშავებს იმუნიტეტს კორონავირუსის წინააღმდეგ, ორსულობის დაგეგმვაც არ წარმოადგენს პრობლემას.
იმის გამო, რომ მეტი ორსულისთვის იყოს ვაქცინაცია მისაღები და მეტმა „გაბედოს“ აცრა, მსახიობი რუსკა მაყაშვილი თავისი სოციალური ქსელის მეშვეობით მოუწოდებს სხვებსაც - აიცრან. ამბობს, რომ ამის გამო „ანტივაქსერები” აკრიტიკებენ, თუმცა მაინც აგრძელებს თავის კამპანიას, რადგან მიაჩნია, რომ ერთადერთი გზა საკუთარი თავისა და 3 თვის კატოს ჯანმრთელობის დაცვისთვის ვაქცინაციაა.
მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის გავრცელებისას ცნობილი იყო, რომ კორონავირუსი ორსულებსა და ბავშვებს არ „ერჩის“, დელტა შტამმა რეალობა შეცვალა. ინფიცირდებიან ორსულებიც, როგორც ამ პერიოდში სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანები და ბავშვებიც, რომელთა რიცხვი მუდმივად იზრდება.
გასულ კვირას, აშშ-ის მისურის შტატის სენ ლუისის საავადმყოფოში ორსულთა 20 პროცენტი კორონავირუსით იყო ინფიცირებული. მათი მესამედი მძიმედ იყო ავად, რაც ამავე პერიოდის შარშანდელ მონაცემთან შედარებით ორჯერ მეტია.
ივლისში საქართველოში კოვიდ 19-ით ინფიცირებული სამი ჩვილი იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი, მაია ჩხაიძე რადიო თავისუფლებას ეუბნებოდა, რომ კლინიკაში გარდა ამ სამი ბავშვისა, კოვიდით ინფიცირებული 65 მოზარდი მკურნალობდა.
23 აგვისტოს მონაცემებით კი, ციციშვილის სახელობის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 90 ბავშვი მკურნალობს, 25 პაციენტი რეანიმაციაშია.
ვაქცინაცია, მშობლების გარდა, დედის მუცელში მყოფ ბავშვებს და მეძუძურ ჩვილებსაც რომ შეიძლება დაეხმაროს, ეს კარგად იცის სოფო გვანცელაძემ, რომელიც მალე დედა გახდება. ამბობს, რომ ბევრი რამე წაიკითხა იქამდე, სანამ აცრას გადაწყვეტდა.
„როცა აცრა გადავწყვიტე, ვეცადე პატარა კამპანიასავით ყოფილიყო, რომ სხვა ორსულებისთვისაც მისაბაძი ყოფილიყო. ჩემმა ახლობლებმა იციან, როგორი „იპოქონდრიკი“ ვარ, სულ მგონია, რომ რაღაც მჭირს და სულ ყველაფერს ვამოწმებ, შესაბამისად, ისინიც დარწმუნებულები არიან, რომ ამ ნაბიჯს ჰაერზე არ გადავდგამდი, სანამ არ დავრწმუნდებოდი ვაქცინაციის უსაფრთხოებასა და ეფექტიანობაში, ამის შედეგად უკვე 2 ორსული აიცრა“, - ამბობს სოფო.
12 წლიდან ალერგია აწუხებს (მცენარეებზე, ცხოველებზე, მტვერზე), ორსულობაში მოემატა D-დიმერი [D-დიმერის მომატება მიუთითებს ორგანიზმში თრომბის არსებობაზე], შესაბამისად, არაერთი კითხვით მიმართა ყველა პროფილის ექიმს, რომელსაც კომპეტენტურად თვლიდა და ყველამ ერთხმად ურჩია ვაქცინაცია.
როგორც ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს: „არ არსებობს ალერგიის ფორმა ანამნეზში (ასთმა, რინიტი, ურტიკარია, კვინკე...), რომლის დროსაც [პაციენტს] აცრაზე შეიძლება უარი ეთქვას“.
31-ე კვირაზე ერთჯერადად, მაგრამ უკვე ვაქცინირებული სოფო განმარტავს, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი და აუცილებელი აცრა ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია უკიდურესად საგანგაშოს უწოდებს ბოლო ხანს კოვიდინფექციით ორსულების გარდაცვალების ფაქტებს და ამბობს, რომ ყველა ორსული უნდა აიცრას, რადგან „ორსულებისთვის „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა სრულიად უსაფრთხოა“.