Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორსულები, მეძუძურები და COVID-ვაქცინა - რა უნდა იცოდნენ მათ?


ორსულები და მეძუძურები ჯერ ისევ გაურკვევლად არიან, შეუძლიათ თუ არა კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინაციის მიღება? რომელიც ვაქცინის გაკეთება შეუძლიათ? რა სჭირდებათ იმისათვის, რომ ამცრელ პუნქტამდე მისულები, ექიმმა უკან არ გამოაბრუნოს და ა.შ.?

მკაფიო რეკომენდაცია ორსულებისა და მეძუძურების აცრების შესახებ არც ჯანდაცვის სამინისტროსა და არც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს არ გამოუცია, თუმცა, ცალკეულ კითხვებზე პასუხად, ჯანდაცვის უწყების მაღალჩინოსნები ჟურნალისტებს ეუბნებიან, რომ კი, ორსულებისა და მეძუძურების აცრა საქართველოში დაშვებულია, თუმცა მხოლოდ „ფაიზერით“.

სწორედ ეს პასუხი გასცა რადიო თავისუფლებას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა. მისი თქმით, ორსულთა და მეძუძურთა ვაქცინაციის წესი ჯანდაცვის მინისტრის №01-11/ნ ბრძანებაშია გაწერილი, სადაც აღნიშნულია, რომ ორსულებისა და მეძუძურებისათვის რეკომენდებულია მხოლოდ „ფაიზერით“ აცრა:

„საჭიროა გაფრთხილება, რომ ამცრელმა იცოდეს, რომ პირი, რომელიც ასაცრელად მოვიდა, ორსული ან მეძუძურია. იმისათვის, რომ მან აცრა გაიკეთოს, მეან-გინეკოლოგის წერილობითი დასტური არ არის საჭირო. „ფაიზერის“ შემთხვევაში არ არის ჩვენება, თუ რატომ არ უნდა აცრა ორსული ან მეძუძური, როდესაც მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა. 30 წუთის ნაცვლად, 45 წუთის განმავლობაში დარჩება ის მეთვალყურეობის ქვეშ, მხოლოდ ეს განსხვავებაა“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ხათუნა ზახაშვილი.

რაც შეეხება ჩინური წარმოების ვაქცინებს „სინოფარმსა“ და „სინოვაკს“, ხათუნა ზახაშვილის თქმით, ამ ეტაპზე, საქართველოში ამ ვაქცინებით ორსულებისა და მეძუძურების აცრა დაშვებული არ არის. როგორც ხათუნა ზახაშვილი აღნიშნავს, ჯანდაცვის უწყება მოქმედებს ვაქცინების ინსტრუქციების შესაბამისად. „სინოფარმსა“ და „სინოვაკს“ კი მისი თქმით, ინსტრუქციაში არ აქვს მითითებული, რომ მისი გამოყენება ორსულებსა და მეძუძურებში დასაშვებია:

„მწარმოებელს ინსტრუქციაში უწერია, რომ მეძუძურებსა და ორსულებში არ არის იმ რაოდენობით კვლევები ჩატარებული, რომ გავცეთ რეკომენდაცია მათი აცრისა. მაგრამ მეორე მხრივ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა რეკომენდაცია, რომ „სინოფარმიცა“ და „სინოვაკიც“ არის ინაქტივირებული ვაქცინები. ჩვენ კი ვიცით, რომ ინაქტივირებული ვაქცინების გამოყენებას ხანგრძლივი ისტორია აქვს ორსულებში და მეძუძურებში და არის აბსოლუტურად უსაფრთხო, მაგალითად, გრიპის ვაქცინა. ამიტომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას იძლევა, რომ ინაქტივირებული კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინები გამოყენებულ იქნას ორსულებშიც. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ვმოქმედებთ ინსტრუქციების მიხედვით, რომელიც ვაქცინებს მოჰყვება და რადგან ვაქცინას უწერია, რომ არ გამოიყენოთ ორსულებსა და მეძუძურებში, ამიტომ ჩვენთან, ჯერჯერობით, ეს მიდგომა რჩება. „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“ პირადი გადაწყვეტილებით აცრა, არ არის რეკომენდებული“.

რას ფიქრობენ ორსულები და მეძუძურები აცრაზე?

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“ ორსულებისა და მეძუძურების ვაქცინაცია, ჯერჯერობით, არ არის რეკომენდებული, ეკა ონიანმა, სწორედ ლაქტაციის პერიოდში გადაწყვიტა „სინოფარმით“ ვაქცინაცია. ის 19 ივლისს, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში აიცრა:

„ზოგადად, ლაქტაციის პერიოდში აცრის გადაწყვეტილება ბრმად არ მიმიღია. უამრავი ინფორმაცია წავიკითხე, გავეცანი კვლევებს, კარგად შევაფასე და ავწონ-დავწონე რისკები და სარგებელი და გადავწყვიტე, რომ უნდა ავცრილიყავი. ჯერ კიდევ გაზაფხულზე ვფიქრობდი, რომ როდესაც ქვეყანაში „ფაიზერი“ შემოვიდოდა, ამ ვაქცინით ავიცრებოდი, რადგან არსებობდა ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაცია, რომ მეძუძურებისა და ორსულების აცრა სწორედ ამ ვაქცინით იყო რეკომენდებული, მაგრამ მოგეხსენებათ, „ფაიზერის“ საქართველოში შემოტანის პროცესი როგორ გაიწელა“.

სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ეკამ ჩინურ ვაქცინაზე, „სინოფარმზე“ დარეგისტრირება. მის გადაწყვეტილებას ხელი შეუწყო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციამაც, რომელიც 10 მაისს გამოიცა. ამ რეკომენდაციის თანახმად, ჩინური წარმოების, ინაქტივირებული ვაქცინა ორსული და მეძუძური ქალებისათვის რეკომენდებულია, რაკიღა ვაქცინის სარგებელი აჭარბებს შესაძლო რისკებს. ეკამ ვაქცინის მოსაპოვებლად იბრძოლა. მას შემდეგ, რაც ამცრელ პუნქტში შეიტყვეს, რომ ეკა მეძუძური დედა იყო, მას აცრაზე უარი უთხრეს:

„19 ივლისს მივიდე შიდსისა და ინფექციური პათოლოგიების ცენტრში ასაცრელად. ვუთხარი, რომ ბავშვს ძუძუთი ვკვებავდი, თუმცა, ამცრელმა ექიმებმა უარი მითხრეს. მოვითხოვე ადმინისტრაციასთან გასაუბრება. შევხვდი კლინიკის სამედიცინო დირექტორს, მარინე ეზუგბაიას, რომელმაც გულისხმიერად მომისმინა, ამიხსნა სიტუაცია, შემდეგ დაუკავშირდა დაავადებათა კონტროლის ცენტრს, ამიხსნეს, რომ აცრის რეკომენდაციას ვერ გასცემდნენ, რადგან ინსტრუქციაში მსგავსი რეკომენდაცია არ იყო გაწერილი და ამ შემთხვევაში, მე უნდა მიმეღო ინფორმირებული გადაწყვეტილება. საბოლოოდ, მოვიპოვე აცრის უფლება. დავწერე ხელწერილი, რომ საკუთარი მოთხოვნით ვიცრებოდი „სინოფარმით“, - ყვება ეკა ონიანი.

28 000 დოზა ამერიკული წარმოების „ფაიზერი“ საქართველოში სწორედ იმ ღამეს შემოვიდა, როცა დოდი ხარხელს სამშობიარო ტკივილები დაეწყო. მიუხედავად იმისა, რომ ორსულობისას ვერ მოახერხა აცრა, გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ როგორც კი სამშობიაროდან გამოვიდოდა, აცრა აუცილებლად უნდა გაეკეთებინა. ვაქცინის დაჯავშნაში მეგობრები დაეხმარნენ. ლილი 14 ივლისს გააჩინა, თავად კი 22 ივლისს აიცრა:

„მთელი ორსულობა ველოდებოდი „ფაიზერის“ შემოსვლას. თვალყურს ვადევნებში ამერიკაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესს და ვიცოდი, რომ იქ „ფაიზერით“, „მოდერნათი“ და „ჯონსონით“ იყო შესაძლებელი ორსულების აცრა. მეგონა, როდესაც „ფაიზერი“ შემოვიდოდა, ორსულებს, როგორც რისკ-ჯგუფს, მოგვეცემოდა შესაძლებლობა, რომ საყოველთაო რეგისტრაციის გარეშე გაგვეკეთებინა აცრების ჯავშანი, რაც ასე არ მოხდა. ღამის 3 საათზე დამეწყო სამშობიარო ტკივილები და დღის 3 საათზე იხსნებოდა რეგისტრაცია „ფაიზერზე“. გამოვიანგარიშე როდის გამოვიდოდი სამშობიაროდან, რომ მაშინვე ავცრილიყავი. მთელი ორსულობა, ფაქტობრივად, კარანტინში ვიყავი. წავიკითხე, რომ ლაქტაციის დროს, დედის ანტისხეულები შესაძლოა ბავშვზე გადავიდეს. ვოცნებობ, რომ ჩემი გამომუშავებული ანტისხეულები ლილისაც გადავცე“.

ნანა ბაგალიშვილი სექტემბრის დასაწყისში ელოდება შვილს. 11 აგვისტოს „ფაიზერით“ უნდა აიცრას. რამდენიმე დღის წინ იმუნიზაციის საბჭოს წერილითაც მიმართა, რომ ორსულთა ვაქცინაციისთვის შემოიღონ სპეციალური პროტოკოლი, რათა ორსულები და მეძუძურები ინტერნეტით არ ეძებდნენ ინფორმაციას ვაქცინაციის შესახებ. აპირებს, რომ ამცრელ პუნქტში პირადი მეან-გინეკოლოგის რეკომენდაციაც წარადგინოს, რომ რაიმე მიზეზით ვაქცინაციაზე უარი არ უთხრან:

„ისედაც ჰაერის უკმარისობა მაქვს და რომ წარმოვიდგენ ხოლმე, რომ ამას შესაძლოა დაემატოს კოვიდით გამოწვეული უკმარისობა, ძალიან სახიფათო იქნება ჩემთვისაც და ბავშვებისთვისაც. 11 აგვისტოს მიწევს აცრა. სახლში ვარ გამოკეტილი. მეორე აცრა ლაქტაციის დროს მომიწევს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს კონკრეტული რეკომენდაცია ორსულებისათვის და მეძუძურებისთვის, რა ვაქცინით და როგორ აიცრან. რამდენიც გინდა იმდენი შემთხვევაა, როდესაც ორსულებს უკან აბრუნებენ. ეუბნებიან, რომ შენს ადგილას არ ავიცრებოდი და ა.შ. რამდენიმე დღის წინ აიცრა ჩემი ორსული მეგობარი, რომელიც ამცრელ პუნქტში ნეგატიური ინფორმაციით დატვირთეს და ახლაც შეშინებულია“.

რეკომენდაციები და საერთაშორისო გამოკვლევები ორსულთა და მეძუძურთა ვაქცინაციის შესახებ

„თუ ორსულად ხარ, შენ შეგიძლია მიიღო კოვიდ-საწინააღმდეგო აცრა. ვაქცინაცია ორსულობისას დაგიცავთ მძიმედ მიმდინარე დაავადებისგან“ - ეს ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ერთ-ერთი მთავარი გზავნილია. უწყების თანახმად, ორსული ქალები მძიმედ მიმდინარე კოვიდის გაცილებით მაღალი რისკის ქვეშ დგანან, ვიდრე სხვა ადამიანები.

მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად, ორსულთა და მეძუძურთა ვაქცინაციის კვლევების შედეგები თითქმის არ არსებობდა, დროთა განმავლობაში, ამ ჯგუფის შესახებ გარკვეული მონაცემები დაგროვდა, რომლის თანახმადაც, ვაქცინაციას არანაირი „უარყოფითი ეფექტი“ არ გამოუვლენია ორსულ ქალებსა და მათ ჩვილებში.

მაგალითად, 14 ივლისს, ედინბურგის უნივერსიტეტი და შოტლანდიის საზოგადოებრივი ჯანდაცვა (PHS) იტყობინებოდა, რომ 4000 აცრილი ორსული ქალის მონაცემების თანახმად, აცრის შემდეგ წარმოქმნილ „უარყოფით ეფექტს“ ადგილი არ ჰქონია. ქალები გასული წლის დეკემბრიდან მიმდინარე წლის მაისის პერიოდში აიცრნენ.

პედიატრიისა და ბავშვთა ჯანდაცვის სამეფო კოლეჯი კი აცხადებს, რომ ვაქცინაციით, ქალი იცავს ახალშობილსაც, რადგან დედიდან შვილის ინფიცირების რისკი მცირდება.

რევაზ ბოჭორიშვილი, საფრანგეთში, კლერმონ-ფერანის საუნივერსიტეტო კლინიკის მეან-გინეკოლოგი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ დღესდღეობით, უკვე არსებობს კვლევებზე დაფუძნებული არაერთი მყარი მონაცემი, რომელიც აჩვენებს ორსული და მეძუძური ქალების კოვიდ-ვაქცინაციის უსაფრთხოებას:


„უკვე არსებობს 30 000-მდე ქალის მონაცემი, რომლებიც ორსულობისას აიცრნენ. ამ შემთხვევაში, ლაპარაკია რნმ და ვექტორულ ვაქცინებზე, „ფაიზერი“, „მოდერნა“, „ასტრაზენეკა“. აცრას მათზე არანაირი განსაკუთრებული უკუეფექტი არ მოუხდენია. პირველი, აცრილ ორსულებსა და სხვა აცრილ ქალებს ანალოგიური გვერდითი მოვლენები აქვთ. მეორე, აცრილ ქალებში ორსულობა მიმდინარეობს ისევე მიდის, როგორც აუცრელ ქალებში, არც მეტი მუცლის მოშლა, არც მეტი მკვდრადშობადობა არ ყოფილა და რაც მთავარია, დაბადებულ ბავშვებში, რაიმე განსაკუთრებულად გამოხატული დაავადება არ აღინიშნება. ისეთივეა ეს მონაცემი, როგორც აუცრელ ქალებში. გარდა ამისა, მეძუძურების გამოკვლევის თანახმად, ვაქცინა არ გადადის რძით, მაგრამ ორსულობისას აცრილი დედის ანტისხეულები ბავშვში გადადის და მასაც იცავს“.

რაც შეეხება ჩინურ ვაქცინებს, რევაზ ბოჭორიშვილის თქმით, ამ ეტაპზე, აღნიშნულ ვაქცინებზე გამოკვლევები არ გამოქვეყნებულა:

„ე.წ. ინაქტივირებული ვაქცინები შესაძლოა, ისევე კარგად მოქმედებს ორსულ ქალებზე, როგორც რნმ ვაქცინები, მაგრამ ამის მონაცემები, ჯერჯერობით, არ გვაქვს“.

როდის უნდა აიცრას ორსული? რომელია აცრისთვის ყველაზე ხელსაყრელი პერიოდი? რევაზ ბოჭორიშვილი ამბობს, რომ უმჯობესია, ქალი აიცრას ორსულობის 10 კვირის შემდეგ:

„პირველი 10 კვირის განმავლობაში, ცნობილია, რომ ნორმალურად მიმდინარე ორსულობისასაც კი, შესაძლოა მოხდეს მუცლის მოშლა. ეს მაჩვენებელი დაახლოებით 15%-ს უდრის. შესაბამისად, მუცლის მოშლა ვაქცინაციას რომ არ დაბრალდეს, უმჯობესია, რომ 10 კვირის შემდეგ აიცრას ქალი. უმჯობესია ისე უნდა აიცრას, რომ ორსულობის დასრულებამდე ორივე დოზით იყოს აცრილი და დაცული. გამოკვლევების თანახმად, აუცრელ ორსულს, რომელიც ინფიცირდება კოვიდით, შეიძლება ძალიან ცუდად ჟღერდეს, მაგრამ 22-ჯერ მეტი რისკი აქვს გარდაცვალების, ვიდრე არაინფიცირებულ ორსულს, რაც შეადგენს დედის გარდაცვალების 1,6%-ს. მნიშვნელოვანია, რომ ორსულობის ბოლოს ქალი იყოს აცრილი. ამიტომ დღეს უკვე დაშვებულია ორსულობის პირველივე ტრიმესტრში აცრა, 10 კვირის შემდეგ“.

კოვიდინფიცირებული ორსულის გარდაცვალების უკანასკნელი შემთხვევა საქართველოში რამდენიმე დღის წინ, 19 ივლისს დადასტურდა. 36 წლის ორსული თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში, საკეისრო კვეთის შემდეგ დაიღუპა.

7 მაისს გარდაიცვალა კორონავირუსით 34 წლის ქალი. ორსულობის მეშვიდე თვეზე საკეისრო კვეთის ჩატარება გახდა აუცილებელი. გარდაიცვალა ჩვილიც.

XS
SM
MD
LG