Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ტელეწამყვანი ირაკლი აბსანძე გაათავისუფლა


ირაკლი აბსანძე
ირაკლი აბსანძე

თოქშოუ „კვირის ინტერვიუს“ წამყვანი, ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თინათინ ბერძენიშვილის ბრძანებით სამსახურიდან დაითხოვეს.

გენერალური დირექტორის ბრძანება 2021 წლის 9 აგვისტოთი თარიღდება და მიზეზად მითითებულია, რომ წამყვანმა მაუწყებლის ქცევის კოდექსი დაარღვია. კონკრეტულად ის რამდენიმე პუნქტი, რომელიც სოციალური ქსელების გამოყენებას არეგულირებს.

„ჩემი აზრით, რაც უფრო ნაკლები კრიტიკული გადაცემა იქნება, „ქართული ოცნების“ მხრიდან როგორღაც კონტროლირებად მედიებზე, ამაზე მუშაობენ ალბათ“, - ასე ახსნა გათავისუფლების მიზეზები ჟურნალისტმა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას.

ტელეწამყვანი გათავისუფლებას უკავშირებს 5-6 ივლისის მოვლენების დროს მის აქტიურობას „ფეისბუკსა" და საპროტესტო აქციებზე. როგორც მან გვითხრა, მოხსენებითი ბარათის ერთ-ერთი თემა, სწორედ, ეს იყო. მან ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორის გიორგი გვიმრაძისგან მოხსენებითი ბარათები მიიღო.

„ბოლო კვირების განმავლობაში ორჯერ მომივიდა გიორგი გვიმრაძის მოხსენებითი ბარათი, რომელზეც პასუხი უნდა გამეცა. ჩვენი საგამოძიებო ჯგუფის მიერ მომზადებული რეპორტაჟი (დავითგარეჯის შესახებ), რომ გავაპროტესტე ეთერში, რაც უნდა ამეხსნა. მეორე საკითხი უკავშირდებოდა, 5-6 ივლისის მოვლენების შესახებ ჩემს „ფეისბუკ“-აქტიურობას, რომელიც, მათი აზრით, საზოგადოებრივი მაუწყებლის იმიჯს აზიანებს და თითქოს ვიქცევი შეუფერებლად. ჩემმა იურისტებმა გასცეს პასუხი, მაგრამ, როგორც ჩანს, არ იყო დამაკმაყოფილებელი“, - ამბობს ირაკლი აბსანძე.

აბსანძე შსს-მ 12 ივლისს ძალის გამოყენებით „ქართული ოცნების” ოფისის წინ საპროტესტო აქციაზე დააკავა. როდესაც ორიოდე საათის შემდეგ იგი გაათავისუფლეს აღმოჩნდა, რომ დაკავებისას ჟურნალისტს ხელი მოტყდა.

ამ მოვლენებიდან მეორე დღეს თავისუფლებასთან ინტერვიუში კითხვაზე შეიძლებოდა თუ მისი დაკავების დაკავიშრება იმასთან, რომ ჟურნალისტმა საჯაროდ გააკრიტიკა ხელისუფლება, ტელეწამყვანმა თქვა: "არ მინდა ამით სპეკულირება, მაგრამ მანქანაში რომ ვეუბნებოდი [პოლიციელს], მტკივა-მეთქი[ხელი] და მაინც ასე იქცეოდნენ, რომ არ დამარეკინეს ადვოკატთან, სულ მცირე, უცნაურია." თუმცა ამ ინტერვიუს დროს იგი გამორიცხავდა მაუწყებლიდან გათავისუფლების შესაძლებლობას: "აბსოლუტურად გამოვრიცხავ, რომ ეს შეიძლება რამე სახით აისახოს ჩემს კარიერაზე... ყოველ შემთხვევაში, იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც ახლა მაქვს".

ირაკლი აბსანძე აცხადებს, რომ გიორგი გვიმრაძის მოხსენებით ბარათებში ნახსენები იყო, რომ მის საქმეზე წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დაიწყო სამართალწარმოება.

დაკავებიდან მეორე დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო სადაც ისმოდა და ჩანდა, რომ დაკავების წინ ირაკლი აბსანძე პოლიციელს პირბადის არქონის გამო შეურაცხყოფას აყენებდა.

თინათინ ბერძენიშვილის ბრძანებაში ირაკლი აბსანძის გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად დასახელებულია ქვეპუნქტი, რომელიც ეხება ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში/არაერთგზის დარღვევას.

ირაკლი აბსანძე აპირებს სამართლებრივ ბრძოლას. ჯერჯერობით მისთვის ცნობილი არ არის, გათავისუფლების შემდეგ მიიღებს თუ არა კომპენსაციას.

აბსანძე აქტიურად მონაწილეობდა 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებულ საპროტესტო აქციებში. „მე ვიცი, რომ თავისუფლებას აქვს თავისი ფასი და ამ ფასს ვიხდით ახლა ჩვენ, ჟურნალისტები, ამიტომაც ამ ამბავს ძალიან ტრაგიკულადაც არ ვუყურებ. ეს არის იმის ილუსტრაცია, რაც დღეს ხდება. დღეს ადამიანი დაკრძალეს, რომელიც ჯერ მოკლეს და მერე მორალურად მოკლეს. ჩემი ხელი შეხორცდება და იმ კრიტიკულ ტონს, რაც აქამდე გვქონდა, არც ამის შემდეგ შევიცვლი", - თქვა 13 ივლისს ირაკლი აბსანძემ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.

XS
SM
MD
LG