„დაპირისპირება ეს არის, ასე ვთქვათ, „ყურით მოთრეული“ თემა, ეს არის მოგონილი თემა იმისთვის, რაღაცა თითქოს ხდება“, - ასე უპასუხა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას იმის თაობაზე, არსებობს თუ არა დაპირისპირება საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ჯანდაცვის მინისტრს შორის მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობას ხალხმრავალ წვეულებაზე მოჰყვა ეკატერინე ტიკარაძის მოწოდება დაწესებული რეგულაციების დაცვის ვალდებულების შესახებ. ჟურნალისტის შეფასებით, ჯანდაცვის მინისტრის განცხადება, პრაქტიკულად, პირდაპირ პრემიერ-მინისტრისადმი იყო მიმართული და ერთგვარი შენიშვნის ფორმაც ჰქონდა.
„ეს თქვენი ინტერპრეტაციაა, მე ესე ნამდვილად არ აღვიქვამ. ჩვენ ძალიან კარგი კოლეგიალური ურთიერთობები გვაქვს, ეხლაც მიმდინარეობს საბჭო, რომელიც ეხება პანდემიის მართვას და ყველაფერს ვწყვიტავთ კოლეგიალურად“, - განაცხადა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ. მისი თქმით, დაპირისპირება არ არსებობს, მთავრობა არის მოწოდების სიმაღლეზე და მართავს პანდემიას და ზრდის ეკონომიკას.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 8 აგვისტოს საქართველოს მოსახლეობას და მთავრობის წევრებს კოვიდრეგულაციების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ქვეყანა ვირუსის გავრცელების კრიტიკულ ზღვარზე დგას. მან თქვა რომ რეკომენდაციები მხოლოდ რეკომენდაციებისთვის არ არსებობს და მათი შესრულებაა საჭირო:
„ეს არის ძალიან რთული ბრძოლა, რომელიც ჩვენ ძალიან გვიჭირს და მე მზად ვარ დავიკავო ჩვენი გმირი ექიმების გვერდით ადგილი, ჩავიცვა ისევ თეთრი ხალათი და მათთან ერთად დავდგე ამ ურთულეს ბრძოლაში. ძალიან მინდა ვთხოვო საქართველოს ყველა მოქალაქეს, ყველა ქართველსა და არაქართველს, რომელიც დღეს ჩვენთან ერთად ცხოვრობს, აუცილებელია, რომ დაცული იყოს ყველა რეგულაცია და მე ძალიან კარგად ვიაზრებ იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობა, მაგრამ მაშინ, როდესაც ჩვენ სიკვდილის და სიცოცხლის ბრძოლაში ვიმყოფებით, ალბათ დამერწმუნებით, რომ უპირველესი რჩება არა ეკონომიკა, არამედ მთავარია თითოეული ჩვენს გვერდში მდგომი ადამიანის, მეზობლის, ჩვენი ოჯახის წევრის სიცოცხლის გადარჩენა. ყველას გთხოვთ, იგრძენით ის მაღალი მორალური პასუხისმგებლობა, რომლითაც შეგვიძლია დავამარცხოთ კოვიდპანდემია. ძალიან დიდი ბოდიში მინდა გადაგიხადოთ, შეიძლება ვიყავი ზედმეტად ემოციური, რაც მე არ მახასიათებს და ყველა აკვირდებით, რომ წელიწად-ნახევარია ჩემი მსგავსი აღელვება საზოგადოებას არ უნახავს, მაგრამ მართლა კრიტიკულ ზღვარზე ვდგავართ, როდესაც შეიძლება მე ვერ გავცე ჩვენს რომელიმე მოქალაქეს პასუხი, თუ რატომ ვერ გადავარჩინე მისი ოჯახის წევრის სიცოცხლე და ჩემთვის ეს იქნება ძალიან რთული“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
„მერე რა?“ - ეკატერინე ტიკარაძის ამ განცხადებამდე ასე უპასუხა საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, უქმნის თუ არა უხერხულობას ქეიფი და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დარღვევა.
საქართველოში კორონავირუსის რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების პარალელურად, პრემიერი ღარიბაშვილი 7 აგვისტოს ჩავიდა ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის ოჯახის ხალხმრავალ წვეულებაზე, რამაც საზოგადოების ნაწილის აღშფოთება და მწვავე რეაქციები გამოიწვია.
7 აგვისტოს გრძელ სუფრებთან შეკრებილ ადამიანებს არც პირბადეები ეკეთათ და არც უსაფრთხოებისთვის დაწესებულ დისტანციას იცავდნენ.