Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერ-მინისტრი ხალხმრავალ წვეულებაში რეგულაციების დაუცველად მონაწილეობს


ირაკლი ღარიბაშვილი. 2021 წლის 22 მაისი
ირაკლი ღარიბაშვილი. 2021 წლის 22 მაისი

საზოგადოების ერთი ნაწილის აღშფოთება და მწვავე რეაქციები გამოიწვია ინტერნეტსივრცეში გავრცელებულმა ლაივ-ვიდეომ, რომელზეც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პანდემიის პირობებში, დახურულ სივრცეში ხალხმრავალ წვეულებაში მონაწილეობს.

2021 წლის 7 აგვისტო
2021 წლის 7 აგვისტო

გრძელ სუფრებთან მსხდომ ადამიანებს არც პირბადეები უკეთიათ და არც უსაფრთხოებისთვის დაწესებულ დისტანციას იცავენ.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მრავალრიცხოვან სტუმარს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფელ არხილოსკალოში 7 აგვისტოს ოლიმპიური ჩემპიონის, ოქროს მედლის მფლობელის, ლაშა ბექაურის ოჯახი მასპინძლობს.

2021 წლის 7 აგვისტო
2021 წლის 7 აგვისტო

სტუმრებს შორის არიან ასევე დედოფლისწყაროს მერი, ნიკოლოზ ჯანიაშვილი და სახელმწიფო რწმუნებული კახეთში, ირაკლი შიოშვილი.

გამოსახულების მიხედვით, სტუმრები შეკრებილი არიან დაუსრულებელ შენობაში.

„შაბათს 14 ადამიანი ვიჯექით ღია სივრცეში. ორი სკამის დაშორებით. 5 ეკიპაჟი დაგვადგა. ამ კადრებს წავიღებ და სახეში ავაკრავ. ამათთვის შეიძლება? კოვიდი?“ - წერს ერთ-ერთი ფეისბუკმომხმარებელი ლაივ-ვიდეოს კომენტარებში.

„მე რატომ დავდივარ 2 ნიღბით, რატომ? გიჟი ვარ, გიჟი! ვიხსნი ნიღაბს და ვიხდი 500-კაციან ქორწილს მეორედ!“; „თავყრილობებისგან თავი შევიკავოთო და ტიპმა რა მაგალითი დადო“, „კორონა ამათ არ ეკარება“, - წერენ სხვები.

კახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი შიოშვილმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ სუფრა ლაშა ბექაურის მშობლიურ სოფელ არხილოსკალოში დღეს ადგილობრივებმა გაშალეს, რითაც მისი ოლიმპიური ჩემპიონობა აღნიშნეს.

შეკითხვაზე - რამდენად მიზანშეწონილია ქვეყანაში არსებული გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე ხალხმრავალი სუფრის გაშლა? - შიოშვილმა გვიპასუხა:

„დიდი სუფრა არ იყო. დაცული იყო მანდ ყველაფერი. შესვლა-გამოსვლა კონტროლდებოდა სკრინინგით. დეზობარიერებიც იყო და ყველაფერი... სოფელმა იზეიმა ლაშას გამარჯვება. პრემიერიც იყო და ის შეჰპირდა მოსახლეობას, რომ იქ აშენდება ლაშა ბექაურის სახელობის დარბაზი“.

XS
SM
MD
LG