ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში განსაკუთრებით მაღალი სიცხეები იქნება - მაგალითად, თბილისში ტემპერატურა 36 გრადუსს მიაღწევს. ტემპერატურის მატებასთან ერთად იზრდება ტყის ხანძრების ალბათობა. რისკებს თან მინდვრების გადაწვის ადგილობრივი ტრადიციაც ერთვის.
ახლა საქართველოში - განსაკუთრებით ეს ეხება აღმოსავლეთ საქართველოს - გლეხები სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებს წვავენ, ეს არის მარტივი და იაფი გზა იმისთვის, რომ ნაკვეთი ნარჩენებისგან გაწმინდო.
„ბოლო ერთი თვის განმავლობაში მთელი შირაქი, მთელი კახეთი იწვოდა. ერთდროულად 20 ხანძრის კერა ჩანდა და ამაზე რეაქცია არავის ჰქონდა. ეს ცეცხლი ძალიან ადვილად შეიძლება გადავიდეს ტყის მასივზე. ამასთან, ნაკვეთის გადაწვის დროს ნადგურდება ნიადაგის ნოყიერი ფენა და ცოცხალი ორგანიზმების ნაწილი, რომელსაც ნიადაგის ფორმირებაში დიდი წვლილი მიუძღვის. ნიადაგი იფიტება და მოსავლიანობა კლებულობს, შესაბამისად მცირდება გლეხის შემოსავალიც“, - ამბობს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) წარმომადგენელი, რეზო გეთიაშვილი.
ერთი მხრივ, გლეხებს არ სჯერათ, რომ მინდვრის გადაწვით ნიადაგის ნაყოფიერება მცირდება და, მეორე მხრივ, თითქმის არავინ იცის, რომ თუნდაც საკუთარ ნაკვეთზე ცეცხლის გაჩენა კანონით ისჯება.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსი, მაია ჩხობაძე, განმარტავს, რომ სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე ნარჩენების მოგროვება და დაწვა კანონით აკრძალულია. დარღვევაზე 500-ლარიანი ჯარიმაა დაწესებული. თუ ნარჩენებში ისეთი საგნებიც მოხვდა, რომელიც გარემოს აზიანებს, მაგალითად, რეზინი, - ხშირად სწორედ საბურავებს წვავენ, - ჯარიმა 1500 ლარი ხდება. თუ ცეცხლი გავრცელდა და გარემოს ზიანი მიადგა, - მაგალითად, დაიწვა ქარსაფარი ზოლი, -დამნაშავე გარემოსთვის მიყენებული ზიანის შესაბამის თანხას გადაიხდის ჯარიმის სახით.
„სამწუხაროდ, დაჯარიმება ჯერ კიდევ პრევენციის საუკეთესო საშუალებაა და ნებისმიერ ფაქტზე დეპარტამენტს რეაქცია აქვს. ფუნქციონირებს უფასო ცხელი ხაზი 153, სადაც მსგავს ფაქტებზე უნდა დატოვონ შეტყობინება. ეს არ არის მეზობლის „ჩაშვება“. ეს არის საკუთარი თავის გადარჩენა, რადგან ის ცეცხლი შეიძლება მის ტერიტორიაზეც გადმოვიდეს“, - ამბობს მაია ჩხობაძე.
უპრეცედენტოდ მაღალი ტემპერატურისა და ქარის გამო ხანძრებმა იფეთქა ევროპაში, რუსეთსა და თურქეთში. საჭირო გახდა ათასობით ადამიანის ევაკუაცია, ზარალმა კი ასობით მილიონი დოლარი შეადგინა. მეოთხე დღეა, ტყის ხანძრებს ებრძვიან საბერძნეთში, ხუთი მუნიციპალიტეტი ევაკუირებულია. 5 აგვისტოს საღამოს მდგომარეობით, 99 ხანძრის კერიდან 57 კვლავ ისევ იწვოდა.
ევროკავშირის გარემოსდაცვითი კომისრის, ვირგინიუს სინკევიჩიუსის, გაცხადებით, ზაფხულის წყალდიდობა, ხანძარი და სითბური ტალღები უკვე თანამედროვე რეალობად იქცა.
„უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს, ეს ის სამყაროა, სადაც ცხოვრება გვინდა? ჩვენ გვჭირდება გადაუდებელი ღონისძიებები გარემოსთვის, სანამ ეს ძალიან გვიან არ არის“, - თქვა მან.
რამდენად მზადაა საქართველო ტყის ხანძრებისთვის, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოსთვისაც ნორმა გახდა? განსაკუთრებით მასშტაბური იყო ზოგიერთი მათგანი, მაგალითად, 2008 წლის ბორჯომის ხანძარი, რომელიც საქართველოს მთავრობამ ეკოციდად შეაფასა. ბორჯომის ტყეებს კიდევ ერთხელ წაეკიდა ცეცხლი 2010 წელს. ორი ხანძარი გადაიტანა აბასთუმანმაც. 2005 წელს აქ 500 ჰა-მდე ტყის მასივი განადგურდა. ხანძარი განმეორდა 2017 წელს. გარდა ამისა, სხვადასხვა დროს ხანძარი იყო სხვა კურორტებზეც - ლიკანში, წაღვერში და, ზოგადად, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, დაწყებული სვანეთით და თუშეთით დამთავრებული.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო მონაცემებით, მხოლოდ 2019 წელს ხანძრის შედეგად 4 ათასამდე ჰექტარი ტყე განადგურდა. ამასთან, მონაცემებში არ შედის ინფორმაცია აჭარაზე, მცხეთა-მთიანეთსა და თბილისზე.
„მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი, ირაკლი მაჭარაშვილი, ამბობს, რომ ტყის ხანძრების ჩაქრობას საგანგებო ცოდნა სჭირდება, რადგან ეს ერთ-ერთი ყველაზე მსხვერპლიანი პროფესიაა.
„წლების განმავლობაში დიდი ფული დაიხარჯა სწავლებებზე. მაგალითად, იყო ასეთი ინიციატივა - ენსეკი (Environmental Security), ევროკავშირისა და ნატოს ერთობლივი პროგრამა. ძალიან სერიოზული სწავლება ჩატარდა ამ პროგრამის ფარგლებში, ელექტრონული რუკებიც მისცეს მთავრობას. ფაქტობრივად, ამ ყველაფერს არაფერში არ იყენებენ. იმის მაგივრად, რომ კოსმოსური სატელიტებით აკვირდებოდნენ ხანძარს, დასხდებიან ჩინოვნიკები და ნაპოლეონივით ქაღალდზე დახაზულ რუკებს უყურებენ და ვერც ვერაფერს იგებენ“, - ამბობს ირაკლი მაჭარაშვილი.
რამდენიმე დღის წინ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გაავრცელა განცხადება და მოქალაქეებს მოუწოდა, არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს, არ დატოვოთ ცეცხლის კერები უყურადღებოდო. დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში ხანძრის თავიდან ასაცილებლად შსს ასევე მოუწოდებს მოქალაქეებს დარეკონ 112-ში.