Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გივი ალხაზიშვილი: „მე მირჩევნია სადმე იყო, თუნდაც არ ჩანდე“


77 წლის ასაკში გარდაიცვალა პოეტი გივი ალხაზიშვილი.

გივი ალხაზიშვილის პოეზია მე-20 საუკუნეში დაიწყო და 21-ეს გადმოსცდა. ძველი თაობის პოეტებიდან ის იმ იშვიათ გამონაკლისთა შორისაა, ვინც ხანდაზმულობაშიც წერდა და, ამასთანავე, ბოლო პერიოდში დაწერილი მისი ლექსები ადრინდელივით ძლიერია.

იშვიათად, რომ უკვე ასაკში შედევრები შექმნას მწერალმა. მისი ლექსი ღირებულია არა მხოლოდ პოეტური ფილოსოფიით და განწყობით, არამედ ლექსის ფორმითაც. მისი ყველა გამოცემა სიახლეს წარმოადგენდა. ძალიან პოეტური სულის ადამიანი იყო და სამყაროსაც ასეთი თვალით აკვირდებოდა. განსაკუთრებით ტკივილიანი იყო მისი ბოლო წლების პოეზია. მას შემდეგ, რაც მეუღლე დაეღუპა, სულ მასზე წერდა“, - ამბობს პოეტი რეზო გეთიაშვილი.

„დაგელოდები, ჩამოდი მალე,
შენ რომ არა ხარ, არც მე ვარ სახლში“...
„ალბათ მზეს დარჩა მოლზე ჭილოფი.
გეძებ და ძებნა არის საყრდენი,
მე დავძლევ სივრცით შებოჭილობას
და სადაც შენ ხარ, იქ დავსახლდები“...
„მახსოვხარ, ახლაც შენთან ღამდება
და გათენებაც შენთან იწყება,
რას ვიფიქრებდი, რომ ეს სიცოცხლე
არ ეყოფოდა შენს დავიწყებას“...
„როგორ შეეპარა დაისი დუნიას,
მზის ჩასვლა - ტკივილზე სული შენაბერი,
დაო სიდონია, დაო სიდონია,
ჩემს სარკმელს მოადგა საღამო-შინაბერა“...
„ივსები ბინდით,
შეგატოვეს ღამის წვეთოვანს,
თოვლია შენში და შენ ფიქრობ:
შესაძლოა, ტანჯულ თვალებს ჩამოეთოვა...“

2015 წელს გივი ალხაზიშვილმა რადიო თავისუფლებისთვის დღიურები დაწერა. რაც თავი მახსოვს, სულ ვეძებო, - ამბობდა სამშაბათის ფიქრებში, მერე კი აგრძელებდა: ადამიანის დანიშნულებაზე უამრავჯერ მიფიქრია, თუმცა არ ჩამომიწერია პუნქტებად, რადგან ოჯახმა, გარემოცვამ, აღზრდამ, სკოლამ და უნივერსიტეტმა თითქმის ყველაფერი მომცა, რითიც უნდა აღიჭურვოს ადამიანი, მაგრამ მხოლოდ ეს არ ყოფილა საკმარისი და ვიდრე თვითონ არ აღმოვაჩინე, რა არის ჩემთვის მთავარი ამ სოფელში, მანამდე ვერ ვხვდებოდი... „მე კი არ ვცოცხლობ, ქრისტე ცოცხლობს ჩემში“ – ეს პავლე მოციქულის სიტყვებია და ამის აღმოჩენა იყო ჩემთვის მთავარი და ვერ ვიტყვი, რომ ამ აღმოჩენის მერე განელდა ძებნის ჟინი, რადგან მე დღემდე ვეძებ იმ სამოთხეს, რომელიც ჩემში მხოლოდ მძლავრი ნოსტალგიის მოუხელთებელ ანარეკლად შემორჩა, და მუდამ თანმდევია ის, რაც აღარ არის და ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ თავს გვახსენებს ის, რომლის ნაკვალევი მძაფრად აღბეჭდილა ჩვენს სულში, „და ვიცით, რომ სანამ დამკვიდრებულნი ვართ სხეულში, განშორებულნი ვართ უფლისგან“ (2 კორ. M5. 6); მე ვიცი, რა იმალება ადამიანშიო, ამბობს იესო და მყისვე გვახსენდება, პეტრე როგორ შედრკა წუთიერი სისუსტისას, ვიდრე გამთენიამდე მამალი სამჯერ იყივლებდა“.

გივი ალხაზიშვილის წიგნები 1972 წლიდან იბეჭდებოდა, მაგრამ თავად საეტაპო გამოცემად მაინც 1981 წელს დასტამბული „დიალოგი ფიქრში“ მიაჩნდა. შემდგომ იყო „სინათლე წვეთში“ 1995 წელს; „გამოსვლა უდროობიდან“ 1998 წელს; „ჩაბრუნებული მზერა“ 2010; ეპისტოლეთა წიგნი“ 2012; „შენ ცოცხლობ ჩემში“ 2013; „უცნობი მზე“ და „ორი სინამდვილის ზღვარზე“ 2014...

განსაკუთრებული იყო 2006 წელს გამოსული „ქორონიკონი“. ამ წიგნის შესახებ კრიტიკოსი ზაზა შათირიშვილი ჟურნალ „არილში“ წერდა, რომ ესაა პირველი გააზრებული კრებული ქართულ პოეზიაში, სადაც ლექსები თხრობის – ნარატივის – იმიტაციას წარმოადგენს.

რას მოგვითხრობს ეს კრებული? – იმას, რომ XIX-XX საუკუნეების ქართული კულტურა და პოეტური ტრადიცია დამთავრდა. ქორონიკონი დასრულებული ეპოქის შემაძრწუნებლადთანამედროვე“, ალაგ-ალაგ ვულგარულ ენაზეც კი გამოთქმული რეკვიემიაშესრულებული ქართული პოეზიის მთელი მეტრულ-პროსოდიული საუნჯის გამოყენებით. ამ უკანასკნელმა გარემოებამ შეიძლება შეცდომაშიც კი შეგვიყვანოს და ჩავთვალოთ, რომ გივი ალხაზიშვილიაგრძელებსტრადიციას. მაგრამ ვინც ამ კრებულს დაკვირვებით წაიკითხავს, ის მიხვდება, რომლირიკულმა მეძალიან კარგად იცის, რომ ტრადიციის გაგრძელება შეუძლებელიაამიტომაც, ის არაერთხელ ჩაუვლის ამ არაერთხელ სახელგამოცვლილ /სახეგამოცლილ/ ქუჩებსა და მოედნებს:

„დროს მოაქვს, დრო ისევ მოიტანს,
თითქოსდა შეისწავლა გამოწვლილვით –
საკუთარ წრეხაზზე მბრუნავი მოედანი,
მგონი, არაერთხელ სახელგამოცვლილი“.

გივი ალხაზიშვილი
გივი ალხაზიშვილი

გივი ალხაზიშვილი განსაკუთრებით კარგად ფლობდა სალექსო ფორმებს. წერდა როგორც ვერლიბრს, ასევე რითმიან ლექსს. დღევანდელ ეპოქაში ბევრმა პოეტმა უარი თქვა რითმიან ლექსზე, რადგანაც მიიჩნევა, რომ მან საკუთარი თავი უკვე ამოწურა და ძალიან ძნელია ამ მიმართულებით რამე ახალი შექმნა. გივი ალხაზიშვილი სწორედ ამით იყო საინტერესო, რომ ახერხებდა ემუშავა ერთი შეხედვით ძველი სალექსო ფორმებით, მაგრამ სრულიად თანამედროვე ლექსი შეექმნა.

„გივი ალხაზიშვილი ჩვენი კურსის ხელმძღვანელი იყო და ყოველდღე ვხვდებოდით. ეს შეხვედრები წარმოადგენდა საუბარს ლიტერატურაზე, დაწყებული ლიტერატურის სათავეებიდან, პოსტმოდერნიზმით დამთავრებული. ის დარწმუნებული იყო, რომ პოეტი აუცილებლად უნდა ფლობდეს ყველა ძირითად სალექსო ფორმას. მათ შესასწავლად მათემატიკური ფორმულები ნაკლებად გამოდგებოდა, ამიტომ ლიტერატურიდან მოჰყავდა ძალიან ბევრი მაგალითი... ერთი წლის განმავლობაში გვასწავლიდა და ერთხელაც არ დაცდენია სიტყვა საკუთარ შემოქმედებაზე“, - იხსენებს პოეტი შალვა ბაკურაძე.​

„ის საბრალოა, რადგან ჯერ ორად არ გაყოფილა
და თუ შეეკითხება მიწას, ის უპასუხებს:
რომ „ბევრია შექმნილი,
მაგრამ მცირედნი გადარჩებიან“,
რომ იგი დადის, როგორც ფეხადგმული მიწა,
ღამით კი, როცა იძინებს,
იმავე მიწით ავსებს საწოლს,
რომელიც დღისით ამაყად დაჰყავს
სახლიდან სახლში, ქუჩიდან ქუჩაზე
და ორი წვეთი თვალი
ამჩნევს, ბაბუაწვერას ყვითელი ყვავილები
როგორ ამოდიან მიწიდან
და უნებლიეთ ფიქრობს:
ისინი იმიტომ ამოდიან, რომ მე ჩავიდე“.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG