„ლელო-საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი, საბა ბუაძე ფიქრობს, რომ შარლ მიშელის შეთანხმების ანულირების მიუხედავად, „ქართულ ოცნებას“ მოუწევს ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ აღებული ვალდებულების შესრულება. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ საბა ბუაძემ განაცხადა, რომ შესაძლოა „ქართულმა ოცნებამ“ ისე წაიყვანოს საქმე, რომ ვადამდელი არჩევნები თვითმმართველობის არჩევნებიდან მოკლე დროში გაიმართოს. გადაცემაში საბა ბუაძემ თქვა ისიც, რომ ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი შექმნილ პირობებში ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის მოტივაციის გაზრდა უნდა იყოს:
„ჩემთვის ძალიან ცხადია, რომ ვადამდელი არჩევნები აუცილებლად იქნება ამ ქვეყანაში. როგორც არ უნდა უნდოდეს "ქართულ ოცნებას", რომ ვადამდელი არჩევნები არ ჩატარდეს. მე დარწმუნებული ვარ ასევე იმაში, რომ ეს ნაბიჯი [შარლ მიშელის შეთანხმების ანულირება] მათ გადადგეს იმისთვის, რომ მოახდინონ ამომრჩევლის დემოტივაცია. პირველ რიგში ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის დემოტივაცია და ათქმევინონ ხალხს, რომ ამ პირობასაც არ ასრულებენ და არჩევნებზე მისვლას რა აზრი აქვს. ამიტომ ჩვენი მთავარი ამოცანა ახლა უნდა იყოს და იქნება, რომ დავარწმუნოთ საზოგადოება, რომ არჩევნები აუცილებლად ჩატარდება და მას აუცილებლად მოჰყვება შესაბამისი შედეგი“, - განაცხადა საბა ბუაძემ. გადაცემაში მან აღნიშნა ისიც, რომ „ლელო საქართველოსთვის“ უცხოელ პარტნიორებთან აქტიურ კომუნიკაციაშია და პარტიას აქვს მოლოდინი იმისა, რომ პარტნიორების განცხადებებს კონკრეტული ქმედებები მოჰყვება:
„ჩვენ გუშინ გვქონდა საუბარი ყველა ჩართულ მხარესთან, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ისე ევროკავშირთან, ბატონი მიშელის წარმომადგენლებთან და ეს კონსულტაციები დღესაც გაგრძელდება და მე ვფიქრობ, რომ საზოგადოება გაიგებს ჩვენი პარტნიორების ადეკვატურ რეაქციას. არ უნდა გვქონდეს მოლოდინი რომ ეს განცხადებები გაცდება რაღაც დიპლომატიურ საზღვრებს. ეს ასე არ იქნება ნამდვილად. განცხადებები იქნება ძალიან მწვავე. მაქვს მოლოდინი, რომ ამ განცხადებებს მოჰყვება კონკრეტული ქმედებები და ეს ქმედებები იქნება ძალიან ცხადი და ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ამ ქვეყანაში საუბარი იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ არის პროდასავლური ძალა“, - აღნიშნა საბა ბუაძემ.
28 ივლისს, პარტიამ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ანულირებულად გამოაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით ოპოზიციის ნაწილთან 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება. მმართველ პარტიაში გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ შეთანხმების მთავარი მიზანი იყო პოლარიზაციის და რადიკალიზაციის შემცირება, რაც ვერ მოხერხდა და პირიქით მოხდა, და, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია "ნაციონალური მოძრაობა" შეთანხმებას არ შეუერთდა.
მმართველი პარტიის გადაწყვეტილება ოპოზიციამ შეაფასა ქვეყნის დასავლური კურსის შეცვლად და "ქართული ოცნების" მიზნად, ხელისუფლება ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს.
"ქართული ოცნების" გადაწყვეტილებაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს რეაქცია ოფიციალურად ჯერჯერობით არ გამოუხატავს.
2021 წლის 19 აპრილს, "ქართულმა ოცნებამ" და საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ნაწილმა, თბილისში, ხელი მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ, შარლ მიშელის მიერ ინიცირებულ შეთანხმებას, რომელმაც სათავე დაუდო ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის შედარებით განმუხტვას და ოპოზიციის მიერ საპარლამენტო საქმიანობის დაწყებას.
შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებდა კონსენსუსის საფუძველზე საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს, პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებას და პარლამენტში ძალაუფლების განაწილებას, ხელი არ მოაწერეს "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" და მასთან ერთად საარჩევნო ბლოკში მყოფმა პარტიებმა, ასევე, "ევროპულმა საქართველომ" და "ლეიბორისტულმა პარტიამ". შეთანხმება მოიცავს დათქმასაც, რომ თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში "ქართული ოცნება" ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.