ტოკიოს ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე უკვე საათებს ითვლიან. უმნიშვნელოვანეს სპორტულ ღონისძიებაში ჩასაბმელად, იაპონიაში ბოლო დღეებში ასზე მეტი ქვეყნის სპორტული დელეგაცია ჩავიდა. ქართველ სპორტსმენთა უმრავლესობაც დაბინავდა ოლიმპიურ სოფელში. მათ შორის უნდა იყოს ოქსანა კალაშნიკოვაც, მაგრამ... ოცდაათი წლის ჩოგბურთელს კუთვნილი ოლიმპიური ლიცენზია მხოლოდ იმის გამო არ დაუმტკიცეს, რომ ამ საკითხის მოსაგვარებლად ვიღაცამ ნაკლები ყურადღება გამოიჩინა. ქართველი გულშემატკივრებისთვის კიდევ უფრო შეურაცხმყოფელი ისაა, რომ მომხდარი უსამართლობა უბრალოდ მიიჩქმალებოდა, თავად ოქსანა კალაშნიკოვას ტვიტერით გავრცელებული განცხადება რომ არა.
სპორტსმენი, რომელიც წყვილთა თანრიგში მსოფლიოს რეიტინგში სამოცდამეათე ადგილზეა, აცხადებს, რომ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მხოლოდ იმის გამო ვერ მიიღებს მონაწილეობას, რომ საქართველოდან განაცხადი არ გააგზავნეს.
კალაშნიკოვას განცხადებას დღეს გამოეხმაურა საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია, რომელმაც დაადასტურა, რომ ტოკიოს ოლიმპიადაზე თამაშს ოქსანა სამართლიანად იმსახურებს, რადგან წყვილთა თანრიგის განაცხადში მართლაც მოხვდნენ ქართველებზე დაბალრეიტინგიანი ჩოგბურთელები. ფედერაციამ ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში კონკრეტული პასუხი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისგან მოითხოვა.
აი რა წერია ფედერაციის განცხადებაში:
„საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია ეხმაურება ქართველი ჩოგბურთელის, ოქსანა კალაშნიკოვას განცხადებას, ტოკიოს ოლიმპიადაზე წყვილთა თანრიგში მის მონაწილეობასთან დაკავშირებული გაუგებრობის შესახებ და აღნიშნავს, რომ საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციამ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან მიიღო ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის ლიცენზია ერთეულთა თანრიგში. მიუხედავად მიღებული ერთი ლიცენზიისა, საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციამ საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს დათქმულ ვადაში მიაწოდა ოლიმპიური ლიცენზიანტების გაფართოებული სია, რის შემდეგაც, საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა, ნიკოლოზ ბასილაშვილის განაცხადთან ერთად, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს წარუდგინა პოტენციური ოლიმპიელების კანდიდატურები. საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი დაკომპლექტებულია პროფესიონალებით, რომლებიც მრავალი წელია, აღნიშნულ საქმეს ემსახურებიან და კარგად ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას. აქედან გამომდინარე, საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია იმედს იტოვებს, რომ ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა პირნათლად შეასრულა დაკისრებული მოვალეობა, ყველა წესის დაცვით წარუდგინა შესაბამისი დოკუმენტაცია საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი უმოკლეს დროში დაადგენს და ყველა დაინტერესებულ მხარეს აცნობებს, რა მიზეზით ვერ მიიღეს ქართველმა ჩოგბურთელებმა წყვილთა თანრიგში ოლიმპიური ლიცენზიები და რა კრიტერიუმებით მოხვდნენ ტოკიოს ოლიმპიადაზე რეიტინგით ქართველებზე უკან მდგომი ნაკრები გუნდები“.
ჩოგბურთის ფედერაციის განცხადებას, განცხადებითვე უპასუხა საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა. მასში ნათქვამია, რომ საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციამ, იმის ნაცვლად, რომ ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციისთვის მიემართა და შესაბამისი განმარტება მოეთხოვა, თითი საქართველოს ოლიმპიური კომიტეტისკენ გაიშვირა.
ამონარიდი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის განცხადებიდან:
„...ჩოგბურთის ფედერაციას საქმის გაკეთებად ის მიაჩნია, რომ სეოკ-ს გამოუგზავნა პოტენციური ოლიმპიური ლიცენზიანტების გაფართოებული სია, რომელიც სეოკ-მა, რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ მიაწოდა ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტს დადგენილი ფორმით და წესით. ეს გაცილებით ადრე, ჯერ კიდევ მარტში მოხდა, ვიდრე ეს ფედერაციის განცხადებაშია მითითებული. მოგვიანებით, 16 ივნისს ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ თავის წევრ ორგანიზაციას - საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციას მისი პრეზიდენტის, ხვიჩა მაქაცარიას სახელზე გამოგზავნილი წერილით აცნობა (წერილის ასლი სეოკ-მაც მიიღო), რომ ქართველთაგან, მიმდინარე რეიტინგის თანახმად, ოლიმპიური ლიცენზია მხოლოდ ნიკოლოზ ბასილაშვილს ერგო. იქვეა განმარტებული წყვილთა თანრიგში ლიცენზიების განაწილების კრიტერიუმები.
უტყუარი ფაქტია, რომ ქართული წყვილი იმ მომენტისთვის საერთაშორისო ფედერაციის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდა და ამიტომაც არ შეიყვანა ლიცენზიანტთა სიაში. სეოკ-ს არავითარი უფლებამოსილება არ ჰქონდა, მიემართა ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციისთვის და მოეთხოვა ჩვენი წყვილისთვის ლიცენზიის მინიჭება. რა მოხდა, 16 ივნისის შემდეგ, რომელი წესისა და დებულების საფუძველზე განაწილდა ლიცენზიები წყვილთა თანრიგში, ეს ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეროგატივაა და თუ რაიმე არასწორად გაკეთდა, პასუხი უპირველესად საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციამ უნდა მოითხოვოს.
თავის მხრივ, სეოკ-ი სისლხორცეულად არის დაინტერესებული, რაც შეიძლება მეტი ქართველი სპორტსმენი წარსდგეს ოლიმპიურ თამაშებზე, შესაბამისად, მოუწოდებს საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციას გადადგას ადეკვატური ნაბიჯები და, თუ ამის შანსი და საფუძველი ჯერ კიდევ არსებობს, ზემდგომი ორგანიზაციისგან მოითხოვოს ლიცენზიის გადმოცემა. დიახ, ეს არის საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პირდაპირი მოვალეობა. ოლიმპიურ ლიცენზიებს ანაწილებს ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია და ამასთან არანაირი პირდაპირი კავშირი არა აქვს არც საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს და არც თამაშების საორგანიზაციო კომიტეტს, მით უმეტეს - არც სეოკ-ს. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი მხოლოდ კვოტებს აწესებს სპორტის ოლიმპიური სახეობებისთვის, დანარჩენი კი შესაბამისი საერთაშორისო ფედერაციის მიერ დადგენილი წესებით რეგულირდება.
მოკლედ, ოქსანა კალაშნიკოვამ, ჩოგბურთის გულშემატკივრებმა, ყველა დაინტერესებულმა მხარემ სწორედ საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციისგან უნდა მოვითხოვოთ პასუხი კითხვაზე: რატომ გაჩნდა ეჭვები ქართული წყვილის მიმართ მიღებულ შესაძლო უსამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და რა ზომებს მიმართა ჩვენმა ფედერაციამ ამ საკითხის გასარკვევად“.
ჩოგბურთის ფედერაციისა და ოლიმპიური კომიტეტის სტატუსებით კინკლაობა, ერთი შეხედვით, პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას უფრო ჰგავს, ვიდრე პრობლემის მოგვარების მცდელობას. თუმცა, ახლა მხარეებს ჩაფლავებული საქმის გამოსასწორებლად შეხმატკბილებულადაც მუშაობა და ბრძოლაც ვერ უშველით.
ტოკიოს ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ხუთი დღე რჩება!