Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეკანოზი ზაზა თევზაძე: ჟურნალისტები აკეთებენ იმას, რის გარეშეც ჩვენ წყვდიადში ვიქნებოდით


"თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც მოვალე ხართ, ეს მძიმე რეალობა შეცვალოს. ამას ჩვენს მაგივრად ვერავინ გააკეთებს, ეს არის ჩვენი გასაკეთებელი. ჩვენ არ გვაქვს უფლება, უარი ვთქვათ ღირსებაზე, თავისუფლებაზე, ჭეშმარიტებაზე, რისთვისაც ვართ გაჩენილები და მოწოდებულები.

მე მინდა მადლობა და დიდი პატივისცემა გამოვხატო თითოუელი თქვენგანის მიმართ, რომლებიც მზად ხართ დადგეთ და გააკეთოთ ის, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ და მე დარწმუნებული ვარ, თქვენ ეს შეგიძლიათ. ასევე მინდა დიდი პატივისცემა გამოვხატო ჟურნალისტების მიმართ. ჟურნალისტებზე აღმართული ხელი ეს არის ჩვენს თვალზე აღმართული ხელი. ისინი არიან ჩვენი თვალი და ყური ჩვენი, ჩვენი ფანჯარა, ჩვენი ხედვის წერტილი. ამიტომ პატივი უნდა დავდოთ მათ, ისინი აკეთებენ იმას, რის გარეშეც ჩვენ წყვდიადში ვიქნებოდით. ყველაზე დიდი ანგარიშსწორება მათ მიმართ დაიწყეს - 53 ადამიანი, რომელიც გახდა აგრესიის მსხვერპლი და რომლის თვალებიც იყო სამიზნე. თვალები არის სახე და სიმბოლო ცნობიერების.

მე მინდა ამავდროულად ვთქვა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ, როგორც მოძღვარმა, როგორც ეკლესიის მასწავლებელმა. დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საეკლესიო დღე, ეს არის მოციქულების დღე (პეტრეს და პავლეს ხსენების დღე) და მოციქულები არიან ქრისტეს მედია, ქრისტეს ჟურნალისტები და ისინი ასწავლიან, მათ შეცვალეს სამყარო და ამ თვალსაზრისით მეც მედიას წარმოვადგენ ღმერთსა და ადამაინებს შორის. კარგად გავიგოთ, კარგად შევიმეცნოთ, იმიტომ რომ სამყარო როგორიც იყო, ასეთი არ ყოფილა. კანიბალიზმიდან სხვა იდალებს ვესწრაფვით და ეს უნდა განხორციელდეს. ეს არ არის შორს ჩვენგან. ჩვენ გვჭირდება რწმენა. არ უნდა დავიბნეთ, უკან არ უნდა დავიხიოთ. უკან გზა არ არსებობს. მხოლოდ წინ, ჭეშმარიტებისა და თავისუფლებისკენ. ჩვენ გავიმარჯვებთ, აუცილებლად!"- ასე მიმართა დეკანოზ ზაზა თევზაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე შეკრებილ ადამიანებს ტრიბუნიდან. პარლამენტის წინ აქციის მოთხოვნა მთავრობის გადადგომაა.

მთავრობის გადადგომის მოთხოვნა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც გარდაიცვალა 5 ივლისს მოძალადე ჯგუფების მიერ სასტიკად ნაცემი ოპერატორი ლექსო ლაშქარავა. პრემიერ-მინისტრმა დღეს თქვა, რომ გადადგომას არ აპირებს.

ტვ პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისის დილას ოჯახის წევრებმა საკუთარ სახლში იპოვეს გარდაცვლილი, 5 ივლისს, სიძულვილის ჯგფების მხრიდან სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა მაშინ, როცა "სირცხვილიას" ოფისთან გადაღებაზე იმყოფებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო სიკვდილის მიზეზების დამდგენი ექსპერტიზის პასუხის მიღებამდე მიანიშნებს მის კავშირს ნარკოტიკებთან, ინტერნეტში გარდაცვლილის დისკრედიტაციის მიზნით ვრცელდება განსაკუთრებული კატეგორიის პირადი ინფორმაცია მის შესახებ.

XS
SM
MD
LG