სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო განცხადებას ავრცელებს, რომლითაც გმობს ძალადობას და არ მიესალმება რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონის ინიციატივას, რომელზე საუბარიც გააქტიურდა 5 ივლისს მომხდარი ძალადობრივი ფაქტების შემდეგ.
"ჩვენ, რელიგიათა საბჭოში წარმოდგენილი რელიგიური გაერთიანებები, გამოვხატავთ უკიდურეს შეშფოთებას იმ მასობრივი ძალადობის გამო, რაც თბილისში, 5-6 ივლისს ვიხილეთ. ჰომოფობიური საბაბით, ასევე სიძულვილის სხვა გამოვლინების გამო, ნაცემია 50 - ზე მეტი ჟურნალისტი, ნაცემი არიან მოზარდები, ქალები, მძიმედ დაჭრეს უცხო ქვეყნის მოქალაქე. ამავდროულად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოხსნეს და დახიეს ევროკავშირის დროშა.
ჩვენც, რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებს, ხშირად, ბევრად თუ ნაკლებად, განგვიცდია შეუწყნარებლობა, სიძულვილი, დისკრიმინაცია, უფლებათა შეზღუდვა, შეურაცხყოფა, ძალადობა. ჩვენ კარგად გვესმის, ადამიანის უფლებების დაცვის სურვილის გამო, რას ნიშნავს იყო დევნილი და შევიწროებული.
ამიტომ, ჩვენ თანადგომას ვუცხადებთ მასობრივი ძალადობის შედეგად ყველა დაზარალებულს. ამგვარი რამ აღარასოდეს უნდა განმეორდეს. ძალადობა ანგრევს მშვიდობასა და თესავს ქაოსს.
ამავდროულად, 5 ივლისის ძალადობრივ აქციაზე გაჟღერდა ინიციატივა ეროვნული და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის ამკრძალავი კანონის მიღების აუცილებლობის შესახებ. რელიგიათა საბჭოს წევრები, ვეწინააღმდეგებით ამგვარი კანონის მიღებას. მიგვაჩნია, რომ ასეთი კანონი, ამ კუთხით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა მძიმედ აისახება ჩვენი საზოგადოების განვითარებაზე", - ნათქვამია საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
5 ივლისს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის ამკრძალავი კანონის მიღების აუცილებლობაზე ილაპარაკა მეუფე შიომ, 9 ივლისს კი პარლამენტის წინ იქ უკანონოდ აღამართული ჯვრის დაცვის მოტივით შეკრებილი სასულიერო პირები და მოძალადე ჯგუფების მხარდამჭერი მოქალაქეები ამ კანონის მიღების აუცილებლობაზე საუბრობდნენ.
"ეს რომ აღარ განმეორდეს, რაც დღეს ვიხილეთ და თავიდან ავიცილოთ ეს მძიმე წუთები, ვფიქრობთ, არის დრო, რომ საზოგადოებამ ერთად დავიწყოთ ფიქრი, რათა ეს კანონმდებლობაში აისახოს. აისახოს რელიგიური და ერობრივი გრძნობების შეურაცხყოფის მცნება", - თქვა ეპისკოპოსმა შიომ 5 ივლისს მას შემდეგ, რაც თბილისი პრაიდის ფარგლებში დაგეგმილი "ღირსების მარში" გაუქმდა, სიძულვილის ჯგუფების თავდასხმის ობიექტები კი მედიის წარმომადგენლები გახდნენ.
"რელიგიათა საბჭოს წევრები კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს ღრმა შეშფოთებას რელიგიისა და მორალის სახელით მშვიდობიან ადამიანებზე ძალადობრივი თავდასხმებისა და შეურაცხყოფის გამო. მიგვაჩნია, რომ ძალადობის კულტივაცია დამღუპველია სახელმწიფოს, საზოგადოებისა და თითოეული ადამიანისთვის, მათ შორის - მოძალადისა და ძალადობის ინსპირატორისთვისაც", - წერს რელიგიათა საბჭო.
განცხადებას უერთდებიან შემდეგი რელიგიური ორგანიზაციები:
- სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო
- ქართველ მუსლიმთა კავშირი
- ლათინ კათოლიკეთა ამიერკავკასიის სამოციქულო ადამინისტრაცია
- სახარების რწმენის ეკლესია
- ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესია
- ევანგელურ–ლუთერული ეკლესია
- ევანგელისტური ეკლესია
- ევანგელურ-პროტესტანული ეკლესია
- ევანგელური ეკლესია სიცოცხლის სიტყვა
- ხსნის არმია
- ევანგელური ეკლესია "ურყევი საფუძველი"
- დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია
- სვედენბორგის რელიგიური საზოგადოება
- მეგობართა საზოგადება - კვაკერები
- აჰმადია მუსლიმთა გაერთიანება
- მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესია