Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„პანსიონი იყო პირქუში და სევდიანი”: ნინო ლომჯარია ნინოწმინდაში შეხვედრის დეტალებზე


რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ და რამდენიმეთვიანი ბრძოლის შედეგად, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია 28 ივნისს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შევიდა. რა დახვდა სახალხო დამცველისთვის თვეობით ჩაკეტილ ჭიშკარს მიღმა ნინო ლომჯარიას? იქ შეხვედრის დეტალებზე, განწყობასა და პანსიონის სავარაუდო მომავალზე რადიო თავისუფლება თავად სახალხო დამცველს ესაუბრა.

რადიო თავისუფლება: ნინო, ხანგრძლივი წინააღმდეგობის და პაუზის შემდეგ თქვენ გუშინ ბოლოს და ბოლოს შეხვედით ნინოწმინდის პანსიონში. რა იყო პირველი შთაბეჭდილება, ემოცია, რაც გაგიჩნდათ, როცა ჭიშკარი შეაღეთ?

ნინო ლომჯარია: ეზო. პირველი ემოცია მაინც ეზოში შესვლამ გამოიწვია, რადგან სამწუხაროდ, იმ ეზოს ნაკლებად ეტყობოდა, რომ ბავშვებისთვის იყო მოწყობილი. არსად იყო ფერადი საქანალები ან საბავშვო მოედანი, სიმწვანე. ყველაფერი მოუწესრიგებელი და ულამაზი იყო.

კარგი ის არის, რომ შიგნით ყველგან შევედით და ყველაფერი ვნახეთ. მათ შორის, პირობები, დოკუმენტები, კომპიუტერი. ამ მხრივ, ახალი ხელმძღვანელობისგან არ გვქონია შეზღუდვა და ეს გვიადვილებდა მუშაობას - ცოტა რთულად წარმომიდგენია, როგორ ვიმუშავებდით თუ პერსონალიც და ბავშვებიც მტრულად დაგვხვდებოდნენ, რისი დიდი შანსიც არსებოდა. თუმცა, მაინც იგრძნობოდა უნდობლობა და ეჭვი ჩვენ მიმართ, რა უნდათ ამ ადამიანებს - ასეთი განწყობა. ჩვენ ავუხსენით, რომ ყველაზე მთავარი არიან ისინი, ბავშვები, მათი ინტერესები და სურვილები. ვილაპარაკეთ იმაზე, რაზე საუბარიც მათ სურდათ.

რადიო თავისუფლება: პანსიონის შენობაშიც ეზოს მსგავსი გარემო დაგხვდათ?

ნინო ლომჯარია: კი. მე მინახავს ფერიის პანსიონი და ის სულ სხვანაირია. ასეთ დროს, ყურადღებას აქცევ ფერებს, ავეჯს, სათამაშოებს, გასართობ შესაძლებლობებს და აქ, ნინოწმინდის პანსიონში, ჩემთვის ყველაფერი გაცილებით პირქუში და სევდიანი იყო, ვიდრე სხვა პანსიონები და ბავშვთა საცხოვრებლები, რაც კი მინახავს.

რადიო თავისუფლება: თქვენს საუბარს ბავშვებთან სხვებიც ესწრებოდნენ?

ნინო ლომჯარია: არა, მხოლოდ ჩვენ ვიყავით და ბავშვთა ფსიქოლოგი, რომელსაც ეს გასაუბრება მიჰყავდა.

რადიო თავისუფლება: იმას თუ გავიხსენებთ, როგორ გახასიათებდნენ პანსიონში პირადად თქვენ, საინტერესოა, როგორ შეგხვდნენ ეს ბავშვები? რაიმე შეკითხვა დაგისვეს?

ნინო ლომჯარია: მე ვიგრძენი, რომ ბავშვებს წინასწარ დაელაპარაკნენ, მოამზადეს და დადებითად განაწყვეს ჩვენ მიმართ. ამან, ალბათ, გარკვეული ფონი შექმნა, თუმცა, ცხადია, რომ მათ ესმოდათ მხოლოდ ცუდი ჩვენს შესახებ. და ეს ინტერესი, როგორები ვართ ჩვენ სინამდვილეში, იგრძნობოდა. რა მოგვწონს, რა არა. გვითხრეს, ტელევიზორში სხვანაირად გამოიყურებით და რეალურად სხვანაირები ხართ, უფრო მხიარულებიო. ერთმა ბავშვმა პირდაპირ მითხრა, მომიყევი შენს შესახებო.

როცა წლების განმავლობაში არსებობს ბარიერი, ასე უცებ, ცხადია, ეს ვერ მოიხსნება, ამას დრო დასჭირდება.

რადიო თავისუფლება: დღეს რა ასაკის და რამდენი ბავშვია ნინოწმინდის პანსიონში?

ნინო ლომჯარია: ახლა იქ არის 15 არასრულწლოვანი და 1 სრულწლოვანი, რომელიც წელს აბარებს ეროვნულ გამოცდებს. დანარჩენებიდან ყველაზე პატარა იყო 8 წლის, ხოლო უფროსი - 16 წლისა.

რადიო თავისუფლება: რა შთაბეჭდილება დაგრჩათ ამ შეხვედრიდან, როგორები არიან ისინი, პანსიონის ცხოვრებამ მოახდინა მათზე გავლენა? თუ ეს არ არის ასე შესამჩნევი?

ნინო ლომჯარია: მათთვის ამ ბოლო თვეებში ყველაფერი რადიკალურად შეცვლილია. სხვანაირად ექცევიან, უფრო მეტის უფლებას აძლევენ, მთელი საზოგადოების ყურადღება და კეთილგანწყობაც მათკენაა მიმართული და ეს იგრძნობა იმაში, რომ უფრო გათამამებულები არიან, უფრო თავისუფლები, ხმაურიანები. უარყოფითი განწყობა მათი მხრიდან ნამდვილად არ გვიგრძვნია. უბრალოდ, ეს გაუცხოება ჯერ არსებობს და ვერ გაგვეხსნენ. პირველ შეხვედრაზე ეს რთულია.

რადიო თავისუფლება: რაზე ილაპარაკეთ, შეგიძლიათ რამე გაგვიზიაროთ?

ნინო ლომჯარია: ძალიან ვფრთხილობ ამ თემაზე. ჯერ ერთი, კიდევ უნდა შევხვდეთ ერთმანეთს და მეორეც, მე მათ დავპირდი, რომ საჯაროდ ამაზე არ ვილაპარაკებდი.

რადიო თავისუფლება: მაშინ მხოლოდ იმას გკითხავთ, თუ შეეხეთ პანსიონში მომხდარ სავარაუდო ძალადობის ფაქტებს, ამ გამოცდილებაზე თუ ილაპარაკეთ და მიიღეთ რაიმე ახალი ინფორმაცია?

ნინო ლომჯარია: მე ვფიქრობ, რომ წარსულში მომხდარ ამბებზე ჩვენ საკმარისი ინფორმაცია მივიღეთ უკვე იმ ბავშვებისგან, ვინც პანსიონიდან წავიდნენ. ეს საკმარისია, რომ გვქონდეს მყარი ვარაუდი წარსულში იქ არსებული არასწორი აღზრდის მეთოდებზე. გუშინ ამ საკითხებზე ჩვენ ამ ბავშვებთან არ გვისაუბრია. არ დავძაბეთ ისინი და ვილაპარაკეთ იმაზე, რაზეც მათ სურდათ საუბარი. შესაძლოა, მათ ჰქონდათ ეს შიში, რომ სწორედ ამით დავიწყებდით მათთან ლაპარაკს, მაგრამ წინ კიდევ არაერთი შეხვედრაა, გვექნება ამის დროც. დღეს ჩვენ ის უფრო გვაინტერესებდა, რა სჭირდებათ ამ ბავშვებს.

რადიო თავისუფლება: მართლაც. დღეს რა სჭირდებათ მათ ყველაზე მეტად?

ნინო ლომჯარია: მაგალითად, ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარება. თუნდაც, აუცილებელი გამოკვლევების ჩატარება, რაც ბავშვის განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი და მათ არ ჩასტარებიათ. ასევე, ფსიქოლოგიური დახმარება. მათი განათლების და ზოგადად, მომავლის დაგეგმვა. ასევე მათ უნდათ კლასგარეშე აქტივობებში ჩართვა, წრეებზე სიარული, რისი საშუალებაც დღეს იქ არ არის. ახლა უნდა შეიქმნას. ეს ახალმა ხელმძღვანელობამაც იცის.

რადიო თავისუფლება: ნინო, პანსიონში დღეს დარჩენილი ბავშვები ის ბავშვები არიან, რომლებსაც წასასვლელი არსად აქვთ?

ნინო ლომჯარია: პანსიონში დღეს რჩებიან ბავშვები, რომელთა შესახებ სოციალურმა მუშაკმა ჯერჯერობით ვერ მიიღო გადაწყვეტილება მათ ალტერნატიულ ზრუნვაში გაადაყვანაზე. არის იქ ერთი გოგონა, რომელსაც უნდა მინდობით აღზრდაში გადასვლა, ოჯახურ გარემოში, მაგრამ ჯერ არ არის ნაპოვნი ისეთი ოჯახი, ვინც ამ ასაკის გოგოს მიიღებს. იქ ასევე არიან ბავშვები, რომლებსაც არა აქვთ მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია, სურთ თუ არა პანსიონის დატოვება და აქაც ფაქიზი მიდგომაა საჭირო.

რადიო თავისუფლება: პანსიონის პერსონალი თუ შეიცვალა?

ნინო ლომჯარია: პერსონალის ნაწილმა, როგორც ვიცი, დატოვა დაწესებულება. ეს ის ხალხია, ვისი გვარებიც გაისმა ბავშვების ჩვენებებში. ან სოციალურმა მუშაკებმა დაასახელეს, თუმცა ძველი პერსონალის ნაწილი იქ მუშაობს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ბავშვებთან ახალმა პერსონალმა უნდა იმუშაოს, რადგან ჩემი დაკვირვებით, ბავშვებზე გარკვეული ტიპის ზეგავლენა მაინც ხდება. თუნდაც იმის შესახებ, თუ სად უნდათ იყვნენ ამ ბავშვებს, არ მგონია, რომ ამ გადაწყვეტილებას მარტო იღებდნენ.

რადიო თავისუფლება: საერთოდ როგორი იქნება ამ პანსიონის მომავალი, რა არის ცნობილი? ან ის ბავშვები, რომლებიც თითქოს დროებით წაიყვანეს, ისევ იქ დაბრუნდებიან?

ნინო ლომჯარია: ამით ჩვენც დავინტერესდით და პირველ რიგში, იმას ვიტყვი, რომ მონაცემთა ბაზები არეული და არასრულყოფილია. გადასამოწმებელია ბევრი რამ. მაგალითად, ბავშვების სახელები და გვარები, რამდენი ირიცხებოდა პანსიონში ან რამდენი გაიწერა - გაურკვევლობაა. თუმცა ვიცით, რომ ნაწილი ბავშვებისა ოჯახს დროებით ჰყავს წაყვანილი. ჩვენ დავინტერესდით, ისინი დაბრუნდებიან თუ არა უკან. სოციალურმა მუშაკმა აგვიხსნა, რომ ეს ბავშვები ჩაერთვებიან რეინტეგრაციის ანუ ოჯახში დაბრუნების პროგრამაში, მაგრამ ეს ერთ და ორ კვირაში ვერ მოხდება, რადგან სოცმუშაკები აკვირდებიან მათ ცხოვრებას ოჯახებში. შესაძლებელი იქნება თუ არა ამ ოჯახებმა დაიბრუნონ ბავშვები და მათი გაძლიერებით გადაწყდეს ეს საკითხი. თუ ეს შეუძლებელი იქნება, მაშინ განიხილავენ სხვა ზრუნვის შესაძლებლობას და არა პანსიონში დაბრუნებას.

თავად ნინოწმიმდის პანსიონზე გადაწყვეტილება მიღებულია - იმ ფორმით და იმ ინფრასტრუქტურით პანსიონი აღარ იარსებებს.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG