Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთი საქართველოს თავდაცვის ძალების ბოლო ქვედანაყოფმა დატოვა 


ავღანეთის ისლამური რესპუბლიკა საქართველოს თავდაცვის ძალების ბოლო ქვედანაყოფმა დატოვა. ამით მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში 17-წლიანი სამსახური დასრულდა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

"მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ბოლო ნაკადი, ქვედანაყოფის მეთაურის, ვიცე-პოლკოვნიკ ტარიელ მახარაშვილის მეთაურობით, სამშობლოში დაბრუნდა. პირად შემადგენლობასთან ერთად საქართველოში უფროსი სამხედრო წარმომადგენლობაც ჩამოვიდა", - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, 32-ე ბატალიონი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ექვსი თვის განმავლობაში ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში მუშაობდა. საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ნატოს ეგიდით მიმდინარე პროექტის "მტკიცე მხარდაჭერის მისიის" ფარგლებში მუშაობდნენ და ბაზებს იცავდნენ.

საქართველოს თავდაცვის ძალები ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მიმდინარე ნატოს საერთაშორისო მისიას 2004 წლის აგვისტოში შეუერთდა. თავდაპირველად საერთაშორისო მისიას "საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალები" (ISAF) ერქვა, 2015 წლის პირველი იანვრიდან კი "მტკიცე მხარდაჭერის მისია" დაერქვა.

"ალიანსის არაწევრ ქვეყნებს შორის და ერთ სულ მოსახლეზე მისიაში გაგზავნილი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის მიხედვით საქართველო უმსხვილესი კონტრიბუტორი გახდა", - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

უწყების ინფორმაციით, 2004 წლიდან დღემდე სხვადასხვა დონეზე ჩატარებული 107 როტაციის ფარგლებში (ISAF, RSM), ავღანეთში განხორციელებულ საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა 20 ათასზე მეტმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო. ამ დროის განმავლობაში საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას 32 სამხედრო მოსამსახურე შეეწირა.

XS
SM
MD
LG