20 ივნისს სომხეთში გამართული არჩევნების შედეგად, სამი პოლიტიკური ძალა მოხვდება პარლამენტში.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლ ფაშინიანის, პარტია გამოწვევად იქცა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებისთვის უშუალოდ არჩევნების წინ, რადგან 20 ივნისის ვადამდელ არჩევნებში პარტიამ დამაჯერებლად გაიმარჯვა და საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვა.
ფაშინიანის „სამოქალაქო შეთანხმებამ“ 54 პროცენტამდე ამომრჩეველი მიიმხრო და აჯობა ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის, ოპოზიციურ ალიანს „სომხეთს“, რომელსაც 21 პროცენტი ხვდა წილად.
ვერც ერთმა სხვა 20-მა პარტიამ და სამმა ალიანსმა ვერ გადალახა საჭირო მინიმალური ზღვარი - პარტიებისთვის 5-პროცენტიანი და ალიანსებისთვის 7-პროცენტიანი - და ვერ მოხვდა საკანონმდებლო ორგანოში. მესამე ძალა, რომელიც პარლამენტში მანდატებს მოიპოვებს ხუთპროცენტიანი შედეგით, არის ბლოკი „პატივი მაქვს“, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი უჭერს მხარს. სომხეთის კანონით, ამ ქვეყნის პარლამენტში წარმოდგენილი უნდა იყოს სულ მცირე სამი პოლიტიკური ძალა. სწორედ ამის შედეგად მოხვდება პარლამენტში „პატივი მაქვს“.
ეროვნული ერთიანობა
სომხეთის ვადამდელი არჩევნების ჩატრება ფაშინიანის იდეა იყო - ამ გზით უნდოდა მას დაეძლია პოლიტიკური კრიზისი, რომელიც აზერბაიჯანთან სამკვირიან ომში მარცხის შედეგად წარმოიშვა.
ფაშინიანმა 21 ივნისს ფეისბუკში დაწერა, რომ მის პარტიას „ექნება საკონსტიტუციო უმრავლესობა და შეძლებს თვითონ შექმნას მთავრობა“.
თუმცა, ამასთანავე, მან თავის მომხრეებს იმავე დღეს განუცხადა, დავიწყებ პოლიტიკურ კონსულტაციებს მომავალ კვირაში ყველა „ჯანმრთელ პარტიასა და ჯგუფთან, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს არჩევნებში, იმისთვის რომ გავიგოთ მათი ხედვები ჩვენი პოლიტიკური ცხოვრებისა და საზოგადოებრივი ძალების შესაძლო მომავალი კონსოლიდაციის შესახებო“.
პოლიტიკური ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ამ არჩევნებს არ მოჰყვება სომხეთის პოლიტიკური ორიენტაციის შეცვლა, რომ რუსეთს ერევანი არ განუდგება...
რობერტ ქოჩარიანის ბლოკმა, „სომხეთმა“, არ მიიღო 20 ივნისის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგი და მას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
არჩევნები „სომხეთის რესპუბლიკაში იყო კონკურენტული და, მთლიანობაში, კარგად ორგანიზებული მოკლე დროის განმავლობაში“, - თქვა კარი ჰენრიკსენმა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა.
პოლიტიკური ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ამ არჩევნებს არ მოჰყვება სომხეთის პოლიტიკური ორიენტაციის შეცვლა, რომ რუსეთს ერევანი არ განუდგება, რადგან სომხეთი კიდევ უფრო მეტად არის დამოკიდებული მოსკოვზე უსაფრთხოების სფეროში ნოემბრის შეთანხმების შემდეგ, რასაც მოჰყვა აზერბაიჯანთან ომის დასრულება.
სამი პარტია, რომლებიც პარლამენტში ადგილებს დაიკავებენ, გამოვიდა მოწოდებით, რომ შეინარჩუნონ ახლო ურთიერთობა რუსეთთან იმ იმედით, რომ ექნებათ უშიშროების გარანტია და მთიანი ყარაბაღის ეთნიკური სომხებით დასახლებულ არეალებში შენარჩუნდება სტატუს-კვო.
ანალიტიკოსების აზრით, ერევნის ქუჩებში დაპირისპირება და არჩევნების შემდგომი ძალადობის შესაძლებლობა შემცირდა იმის გამო, რომ ფაშინიანმა დამაჯერებლად გაიმარჯვა კენჭისყრაში და პოლიციას მოუწოდა არ გამოიყენონ ძალა დემონსტრანტების წინააღმდეგ, რათა არ გამწვავდეს სიტუაცია.
მცდარი პროგნოზები
ერევანში ბევრი მოელოდა, რომ ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ იქნებოდა აშკარა გამარჯვებული და ვერც ერთი ცალკეული ძალა ვერ მოიპოვებდა მარტო საპარლამენტო უმრავლესობას.
კენჭისყრის წინ ერევნელი პოლიტიკური მიმომხილველი ბენიამინ პოღოსიანი ეუბნებოდა რადიო თავისუფლებას, რომ მოსალოდნელი იყო ან კოალიციური მთავრობა, ან მეორე ტური.
ფაშინიანის მესამე და ბოლო უპირატესობას ქმნიდა ის, რომ მისი მოწინააღმდეგე პარტიები, ოპოზიცია, გახლეჩილი იყო ოთხ ერთმანეთის მეტოქე პარტიად და ფრაქციად...
გამოკითხვებით, რომლებიც მაისის ბოლოს და ივნისის დასაწყისში ჩატარდა, „სამოქალაქო შეთანხმებას“ და „სომხეთს“ მსგავსი შედეგები უნდა ჰქონოდათ.
14 ივნისს შვეიცარიის Gallup International Association-ის სომხეთის ფილიალის გამოკითხვით, უნდა გაემარჯვა ქოჩარიანს 28,7 პროცენტით, ხოლო მეორე უნდა ყოფილიყო „სამოქალაქო შეთანხმება“ 25,2 პროცენტით.
ლუსინე ჰაკობიანი, დემოკრატიის დამცველთა ალიანსის საბჭოს წევრი, ეჭვს გამოთქვამდა Gallup International Association-ის ფილიალის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიმართ და დაწერა კიდეც ეს Atlantic Council-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.
ერევნის დამოუკიდებელი „რეგიონალური კვლევის“ ანალიტიკური ცენტრის დირექტორი, რიჩარდ გირაგოსიანი, ამბობს, რომ Gallup International Association-ის ფილიალს ერევანში მიიჩნევენ არასანდოდ და მცდარად.
სომხეთში ერთი სანდო გამოკითხვა ჩატარდა, ამბობს გირაგოსიანი, და ის მოაწყო „ერევნის საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა“. მისი ნაკლი მხოლოდ ის იყო, რომ მაისის დასაწყისში ჩატარდა და ასახავდა ვითარებას ქოჩარიანის „სომხეთის“ ალიანსის ჩამოყალიბებამდე.
გრიგორიანი განმარტავს, რომ, ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევისა და არჩევნების თანახმად, ფაშინიანის პარტიას სამი რამის გამო ჰქონდა უპირატესობა: „ერთი იყო ის, რომ ფაშინიანს დიდი მხარდაჭერა ჰქონდა პროვინციებისა და სოფლის მოსახლეობისგან, რომელიც წინა მთავრობებისგან უყურადღებობას გრძნობდა“. ამავე დროს, ფაშინიანის უპირატესობა იყო მისი უნარი, მიემხრო კრიტიკულად განწყობილი პირები, რომლებსაც გადაწყვეტილების მიღება უჭირდათ და, ამასთან, ხმის უფლების მქონეთა 30 პროცენტს წარმოადგენდნენ. გირაგოსიანი ფიქრობს, რომ მათ ფაშინიანი იმიტომ კი არ აირჩიეს, რომ „მოსწონთ ის, არამედ იმიტომ, რომ ქოჩარიანისა და ოპოზიციის უფრო ეშინიათ“.
„რეგიონალური კვლევის“ ანალიტიკური ცენტრის დირექტორის თანახმად, ფაშინიანის მესამე და ბოლო უპირატესობას ქმნიდა ის, რომ მისი მოწინააღმდეგე პარტიები, ოპოზიცია, გახლეჩილი იყო ოთხ ერთმანეთის მეტოქე პარტიად და ფრაქციად.
გრიგორიანი დაასკვნის, რომ არჩევნების შედეგებმა „აჩვენა ნდობის არარსებობა Gallup International Association-ის სომხური ფილიალის მიმართ, რომელსაც ბრალად ედება ვაშინგტონში დაფუძნებული საერთაშორისო სოციოლოგიური ჯგუფის, Gallup, Inc.-ის, სახელისა და რეპუტაციის ბოროტად გამოყენება. „მას არ აქვს ოფიციალური ურთიერთობა Gallup-თან, სოციოლოგიური კვლევის დასავლეთში მოქმედ ჯგუფთან, რომელსაც კარგად ვიცნობთ“.
და მართლაც, ამერიკულმა Gallup, Inc.-მა სარჩელი შეიტანა სასამართლოში მოთხოვნით, რომ იურიდიულად დაცული იყოს მისი სახელი უმართებულო გამოყენებისგან Gallup International-ის წევრების მიერ, რომელთა რიცხვი ასამდეა მთელ მსოფლიოში, ბულგარეთის, რუსეთისა და არაერთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ჩათვლით. გირაგოსიანის თქმით, ცნობილია, რომ მათ „იყენებდნენ კრემლი და სხვა საეჭვო ხელისუფლებები პოსტსაბჭოთა სივრცეში, რათა ამომრჩეველთა აზრის მანიპულირება მოეხდინათ კრემლის სასარგებლოდ, მისი გავლენის აღსადგენად აღმოსავლეთ ევროპაში“.