თბილისში, ამერიკის საელჩოსთან დაბანაკებულმა შუქრუთელებმა, ელჩ კელი დეგნანს დახმარების თხოვნის წერილი 31 მაისს, საღამოს გაუგზავნეს. მადნის მოპოვებით დაზარალებული შუქრუთელები აშშ-ის ელჩს მათი პრობლემით დაინტერესებას და ხელისუფლებასთან შუამდგომლობას სთხოვენ. როგორც რადიო თავისუფლებისთვის გახდა ცნობილი, ელჩი დეგნანი შუქრუთის მკვიდრთა წერილს, სავარაუდოდ, 2 ივნისს გამოეხმაურება.
შუქრუთელების წერილი აშშ-ის ელჩს
„ჩვენ, სოფელ შუქრუთის მცხოვრებნი, გწერთ, რათა მოგიყვეთ ჩვენი პრობლემის შესახებ და გთხოვოთ დახმარება. ჩვენ ვართ მადნის მომპოვებელი კომპანიის „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ წარმოებული სამუშაოებით დაზარალებული მოსახლეობა. სოფელი ნაწილებად იშლება და ამ პროცესის შეჩერება შეუძლებელია. კომპანია მუშაობას 24/7-ზე განაგრძობს. სოფლის ქვეშ 16 მაღაროა. ყველა მაღარო მუშაობს, რის შედეგადაც, ჩვენი სახლები დაიბზარა. ზოგი სახლი მთლიანად დაინგრა. ბზარები და ღრმულებია გაჩენილი სახნავ-სათეს მიწებზეც. ასეთ სახლებში ცხოვრება სიცოცხლისთვის სახიფათოა. დაზიანდა ეკლესიაც, რომელიც 2008 წელს აშენდა. დაზიანდა ჩვენი წინაპრების საფლავებიც. შეუძლებელია ამის შეჩერება.
2019 წლის 5 სექტემბრიდან დღევანდლამდე, ჩვენ, შუქრუთის მკვიდრნი, ვითხოვთ, რომ მოლაპარაკების პროცესი მოსახლეობასა და კომპანიას შორის იყოს გამჭირვალე და ამ პროცესში ჩაერთოს ცენტრალური ხელისუფლება, როგორც მედიატორი, მაგრამ ეს თხოვნა, ამ დრომდე, უშედეგოა. კომპანია მხოლოდ ზეპირ დაპირებებს იძლევა, რომელსაც არასდროს ასრულებს.
სოფლის მცხოვრებლებმა სამჯერ ვირწმუნეთ „ჯორჯიან მანგანეზის“ ზეპირი დაპირებებისა, მაგრამ სამივეჯერ მწარედ მოვტყუვდით. ამან გვიბიძგა მიგვემართა პროტესტის უკიდურესი ფორმისთვის. ჩვენი ხმის გაგონება არც ადგილობრივ და არც ცენტრალურ ხელისუფლებას არ სურს. ჩვენი პრობლემებით არავინ ინტერესდება.
21 დღის წინ, რვა ადამიანმა, ხუთმა კაცმა და სამმა ქალმა პირი ამოიკერა, თუმცა, ამანაც კი ვერ აიძულა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება, რომ ჩვენი პრობლემებით ან ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესებულიყვნენ. ჩვენ გვემუქრებიან, გვაშანტაჟებენ. პოლიციამ ჩვენი რამდენიმე წარმომადგენლის წინააღმდეგ საგამოძიებო პროცესიც დაიწყო.
იმის გამო, რომ ჩვენი ხმა ჭიათურაში არავის ესმის, გადავწყვიტეთ თბილისში ჩამოსვლა. მეორე დღეა ღამეს აშშ-ის საელჩოსთან, მანქანებში ვათენებთ, რადგან კარვის გაშლის უფლება არ მოგვცეს.
სამწუხაროდ, ჩვენს სოფელში ცხოვრება შეუძლებელია, სწორედ ამიტომ ვთხოვთ ხელისუფლებას, რომ პროცესში ჩართოს სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო, რათა შეაფასოს ჩვენი ზარალი და გადმოგვეცეს შესაბამისი კომპენსაცია საქართველოს კანონმდებლობის თანახმად. გვინდა, რომ ეს პროცესი იყოს გამჭვირვალე.
იმის გათვალისწინებით, რომ ორი წლის განმავლობაში ჩვენი პრობლემით არავინ დაინტერესდა, მოგმართავთ თქვენ, ჩვენი მეგობარი ქვეყნის ელჩს, კელი დეგნანს, რათა ჩვენი პრობლემა ადამიანურად შეისმინოთ და შეასრულოთ მედიატორის როლი ჩვენს, სახელმწიფოსა და „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის, რათა მოგვარდეს ეს პრობლემა. პატივისცემით, შუქრუთის მკვიდრნი“.
რას ითხოვენ თბილისში ჩამოსული შუქრუთელები?
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის 10 ოჯახის წარმომადგენლები მესამე დღეა თბილისში, აშშ-ის საელჩოსთან სხედან. მათმა პროტესტმა, რომელიც უკვე 106 დღეა, სოფელ შუქრუთში, კოროხნალის მაღაროსთან მიმდინარეობს, 30 მაისს თბილისში გადმოინაცვლა. ისინი 22-ე დღეა შიმშილობენ. მოშიმშილეების ნაწილმა, ხუთმა კაცმა და სამმა ქალმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა.
პირი აქვს ამოკერილი თამარ კუპატაძესაც. შიმშილობის გამო პერიოდულად შეუძლოდ ხდება. დაბალი წნევა და თავის ტკივილი აქვს. თუმცა, ამბობს, რომ ეს დისკომფორტი არაფერია იმ პრობლემებთან, რომელიც ჭიათურაში, სოფელ შუქრუთში, სახლში ელოდება. მისი სახლის ეზოში ღრმულები გაჩნდა. ორი ოთახის კედლები დაიბზარა და შეკეთებას აღარ ექვემდებარება:
„თქვენი თვალით უნდა ნახოთ, რა ხდება, ასე ზეპირად ვერც კი წარმოიდგენთ. როდის გამოეცლება სოფელს მიწა და როდის ჩაიქცევა, არ ვიცით. ჩვენი სოფლის ქვეშ, „ჯორჯიან მანგანეზი“, მისი შვილობილი კომპანიის სახელით „შუქრუთი+“ მადანს უკანონო, სწრაფი მოპოვების წესით მოიპოვებს. სოფლის ქვეშ 12 გვირაბია შეჭრილი. სამი მეტრის სიცარიელეა სოფლის ქვემოთ. ჰაერშია სოფელი გამოკიდებული. ას დღეზე მეტია, ჩვენი პროტესტი უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ამ დრომდე, ჩვენი პრობლემით ხელისუფლების მხრიდან არავინ დაინტერესებულა. ამიტომ გადავწყვიტეთ აშშ-ის საელჩოსთან ჩამოსვლა და ელჩისთვის წერილით მიმართვა, რომ იქნებ ხელისუფლებასთან გვიშუამდგომლოს და დააყენოს ჩვენი საკითხი. ამ პროცესში სახელმწიფოს ჩართულობას იმიტომ, ვითხოვთ, რომ დაავალდებულოს კომპანია და კანონის შესაბამისად გადაახდევინოს ის ზარალი, რაც კომპანიამ ამ ხნის განმავლობაში მოგვაყენა“.
შუქრუთელები ზარალის შეფასების პროცესში ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ჩართვას ითხოვენ. შეფასების პირობები და ვადები მათ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ ხუთი დღის წინ, წერილობით გაუგზავნეს.
ჯანო ლაბაძე, შუქრუთის მკვიდრი, რომელიც აშშ-ს საელჩოსთან შიმშილობს, რადიო თავისუფლებას უყვება იმ პუნქტების შესახებ, რომელთა შეტანასაც ისინი იმ ხელშეკრულებაში ითხოვენ, რომელიც კომპანიამ შუქრუთელებს მაისის ბოლოს გამოუგზავნა. ჯანო ლაბაძის თქმით, კომპანიის მიერ შემუშავებული კონტრაქტი ბუნდოვანი და ორაზროვანია და სწორედ ამიტომ მოითხოვეს მათ ხელშეკრულებაში კონკრეტული დეტალებისა და შეფასების პირობების დაზუსტება:
„ხელშეკრულება კომპანიისგან დაახლოებით ექვსი დღის წინ მივიღეთ. დიახ, კომპანია ამბობს, რომ ისინი თანახმანი არიან, რომ ზარალისა და ქონების შეფასების პროცესში სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო ჩაერთოს, მაგრამ თუ რა მეთოდით შეაფასებს ჩვენს ქონებას, ეს არ არის დაკონკრეტებული. ისინი მხოლოდ ზეპირად, სიტყვიერად ამბობენ, რომ ჩანაცვლებითი მეთოდიკით ავანაზღაურებთ ზარალსო. გარდა ამისა, ჩვენ მათ მიერ შემოთავაზებულ ხელშეკრულებაში არ ვართ წარმოჩენილი მხარედ. სწორედ ამიტომ, ჩვენ მოვითხოვეთ, ხელშეკრულებაში ჩაისვას სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსათვის დასასმელი კონკრეტული კითხვა, თუ რა მეთოდიკით მოხდება ზარალის დათვლა. ასევე, მოვითხოვეთ, წარმოვჩინდეთ, როგორც მხარე. მწარე გამოცდილება გვაქვს, რომ ისინი ერთს ამბობენ და მეორეს აკეთებენ. რასაც ისინი ზეპირად დაგვპირდნენ, რომ ჩანაცვლებითი მეთოდიკით აანაზღაურებენ ზარალს, ჩვენ, ჩვენი ხელშეკრულების ფორმაში, ეს პირობა დოკუმენტურად, წერილობითი ფორმით გადავიტანეთ, მაგრამ ამაზე ისინი თანახმანი არ არიან, რადგან ამ ფორმის ხელშეკრულების შემთხვევაში, ვეღარ მოგვატყუებენ. ეს მოცემულობა მათ არ მოსწონთ“.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომლის შეცვლასაც შუქრუთელები ხელშეკრულებაში მოითხოვენ, ეს ქვეკონტრაქტორ კომპანია „შუქრუთი+“- ს ეხება. ისინი მიიჩნევენ, რომ ხელშეკრულებაში მხარეს არა შვილობილი კომპანია, არამედ „ჯორჯიან მანგანეზი“ უნდა წარმოადგენდეს:
„ხელშეკრულებაში წერია, რომ ანაზღაურდება მხოლოდ ქვეკონტრაქტორი კომპანიის მიერ მიყენებული ზარალი, რომელიც მხოლოდ ერთი წელია, რაც ჩვენს ტერიტორიაზე მუშაობს. რეალურად კი ნგრევითი პროცესი დაწყებულია ჯერ კიდევ „ჯორჯიან მანგანეზის“ მუშაობის პერიოდში, 2017 წლიდან. შესაბამისად, ჩვენ ქვეკონტრაქტორ კომპანიას მხარედ არ მოვიაზრებთ. მხარედ მოვიაზრებთ „ჯორჯიან მანგანეზს“.
"ჯორჯიან მანგანეზის" პასუხი შუქრუთელებს
შუქრუთელების პროტესტს 31 მაისს გამოეხმაურა „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი. მისი თქმით, კომპანია თანახმაა, მცხოვრებლების მოთხოვნის საფუძველზე, ზიანის ოდენობა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ განსაზღვროს. ამბობს, რომ მოსახლეობასთან კომუნიკაცია გაგრძელდება და პრობლემა აღმოიფხვრება:
„ჩვენ მათ გავუგზავნეთ ხელშეკრულების დრაფტი და მივიღეთ მათი ცვლილებებით, სადაც აბსოლუტურად სხვა რაღაც ეწერა. ჩვენ ისევ იმავეს ვთავაზობთ, რომ შევაფასოთ ზარალი სამხარაულის ბიუროთი. ასევე, ჩვენ გვაქვს ხელშეკრულება, რასაც ვუდებთ მთელ სოფელს და ეს ხელშეკრულება იციან მათ, იციან თანხები, როგორც შეფასდა მათი ქონება და შეგვიძლია გავაფორმოთ ხელშეკრულებები. ხელშეკრულებამდე არც მივედით მათთან. სავარაუდოდ, თანხის ოდენობა არ აკმაყოფილებდათ. თუმცა თანხები მე დავასახელე – ეს არ არის 10, 15 და 30 ათასი, ხშირ შემთხვევაში, რამდენიმე პიროვნებასთან, – სახელებს ვერ ვიტყვი, – არის 80, 120, 148 ათასი ლარი, ზოგჯერ 200 ათას ლარს სცდება ანაზღაურება“.
ჯანო ლაბაძისთვის გაუგებარია, რატომ ფიქრობს კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“, რომ შუქრუთელები „ფულზე ვაჭრობენ“:
„ჩვენ ვითხოვთ ჩვენი ქონების ადეკვატურ შეფასებას. აქ ჩვენი მოთხოვნა ის კი არ არის, რომ ვივაჭროთ. რატომ უნდა ვივაჭროთ, როცა გვყავს კომპეტენტური ორგანო, სამხარაულის ბიურო, რომელმაც უნდა დაითვალოს იმ ქონების აღდგენითი ღირებულება, რასაც ჩვენ კომპანია გვიზიანებს. რატომ შედის ამ თემატიკაში, რატომ ჰქონია, რომ ვევაჭრებით, გაუგებარია“.
პროტესტის მონაწილეები ირწმუნებიან, რომ „ჯორჯიან მანგანეზმა“ შუქრუთის მკვიდრთ მოტყუებით გაუფორმა ხელშეკრულებები და ისინი კაბალურ პირობებსა და დაბალ კომპენსაციებზე დაითანხმა.
სოფელ შუქრუთში ამჟამად 280 ოჯახი ცხოვრობს. გიორგი ნეფარიძე, პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე, ამბობს, რომ მოსახლეობის უმეტესობა ან საჯარო სამსახურში ან მადნის მომპოვებელ საწარმოებშია დასაქმებული, ამიტომ ისინი იძულებულები არიან დათანხმდნენ იმ პირობებს, რასაც მათ კომპანია სთავაზობს:
„12 ოჯახს გადაუხადეს 45 ათასი ლარი. 35-40 ოჯახს, გაურკვეველ, ბუნდოვან ხელშეკრულებაზე, მოტყუებით მოაწერინეს ხელი. მისცეს 2000, 5000, 7000 ლარი. ეს ხელშეკრულება პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. პირდაპირ, შავით თეთრზე წერია, რომ ამის შემდეგ, ამ პირების საცხოვრებელი სახლი მიწასთანაც რომ გაასწოროს კომპანიამ, პატრონმა რომ ხმა ამოიღოს და მოითხოვოს სრული შეფასება და ადეკვატური ანაზღაურება, ამ ადამიანების მიმართ კომპანიას შეუძლია დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა. რეალურად, შეცდომაში შეიყვანეს ეს ხალხი“.
გიორგი ნეფარიძის და მასთან ერთად პროტესტის სამი მონაწილის მიმართ, სისხლის სამართლის გამოძიება მიმდინარეობს. მათ სამეწარმეო საქმიანობისთვის ხელის შეშლაში ადანაშაულებენ და აღკვეთის ღონისძიების სახით, გირაო აქვთ შეფარდებული. შეგახსენებთ, მიმდინარე წლის მარტში პროტესტის გამო კოროხნალის მაღარო გარკვეული პერიოდი არ ფუნქციონირებდა.
ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი: მე რა მანდატი მაქვს, რომ ან ერთ მხარეს ველაპარაკო, ან მეორეს და რაიმეს შევპირდე?
საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ შუქრუთის მცხოვრებთა 90% თანახმაა იმ პირობებზე, რასაც მათ „ჯორჯიან მანგანეზი“ სთავაზობს. დეპუტატს მიაჩნია, რომ პროტესტის მონაწილეების მოთხოვნები არ არის კონკრეტული და ამბობს, რომ თუკი მხარეები შეთანხმდებიან კონსტრუქციულ დიალოგზე, ის მზადაა იყოს გარანტორი, რომ პირობები ორივე მხრიდან იქნება შესრულებული.
პაატა კვიჟინაძე ამბობს, რომ პროტესტის მონაწილეებს ბოლოს რამდენიმე თვის წინ შეხვდა - "ისინი ჩემთან მოვიდნენ". დეპუტატს უკანასკნელ პერიოდში, პროტესტის მონაწილეებთან კომუნიკაცია არ ჰქონია:
„რა თქმა უნდა, მე ყოველთვის ხალხის მხარეს ვარ, მაგრამ არის გადამწყვეტი უმრავლესობა, რომელიც პირობებს ეთანხმება. უმცირესობამ, რომელიც არ ეთანხმება პირობებს, ხომ უნდა თქვას, რატომ არ ეთანხმება. ვიცი, რომ სთავაზობენ საკმაოდ დიდ თანხებს, 100 ათასს, უფრო მეტსაც. ეს ერთი პატარა სოფელია ჭიათურაში. ეს არ არის პატარა თანხა. მე, რა თქმა უნდა, მეტი მინდა, რომ მისცენ, მაგრამ ეს ასე მარტივად არ არის. აუდიტს დადგენილი აქვს ფასები. ჰაერზე ხომ ვერ მისცემენ კომპენსაციებს? მაშინ ყველა სოფელი მოითხოვს იგივეს და ის "ჭიათურ მანგანეცი" დაიხურება. ამიტომ უნდა იყოს კონსტრუქციული საუბარი. მე ასეთი რამ ვუთხარი „ჯორჯიან მანგანეზს“, თუკი მოლაპარაკება მივა იმ დონეზე, რომ შუამავალი იქნება საჭირო, რომელიც გარანტი იქნება ორივე მხრიდან პირობების შესრულებისა, მე მზად ვარ, ჩავერთო ამ პროცესში. მაგრამ მე რა მანდატი მაქვს, რომ ან ერთ მხარეს ველაპარაკო, ან მეორეს და რაიმეს შევპირდე? ამ პერიოდის განმავლობაში, რაც პროტესტის მონაწილეები შიმშილობენ, არ შევხვედრივარ. მე ჭიათურის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ვთხოვე, ასულიყო და ენახა ისინი და ცოტა არასასიამოვნო შეხვედრა შედგა. თუ იქნება ის სიტუაცია, რაც გითხარით, მზად ვარ, რომ შუამავლად ჩავერთო. შეხვედრა შეხვედრისთვის ხომ არ უნდა იყოს? თუ მომზადდება სიტუაცია, მზად ვართ პროცესში ჩავერთო და ამას „ჯორჯიან მანგანეზს“ ყოველ დღე ვეუბნები. ამ წუთას არანაირი სიტუაცია არ არის მზად და მე რა უნდა გადავწყვიტო? დანარჩენი, სასწრაფოს მანქანა არის იქ. განსაკუთრებით მაწუხებს ქალების ამბავი, მაგრამ სიჯიუტე არაფერს იძლევა, უნდა იყოს ორმხრივი შეთანხმება“.
სახალხო დამცველისა და სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებები
შუქრუთის მცხოვრებთა პროტესტს გამოეხმაურა 1 ივნისს სახალხო დამცველის ოფისი. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, 31 მაისს, სახალხო დამცველის წარმომადგენლებს კომუნიკაცია ჰქონდათ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენელთან:
„მან განაცხადა, რომ კომპანიამ შუქრუთის დაზარალებულ მცხოვრებელთა ქონება საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით შეაფასა. ამასთან, წარმომადგენლის თქმით, კომპენსაციის გაცემა არ გულისხმობს ქონებაზე საკუთრების და სარგებლობის უფლების ჩამორთმევას. კომპანიის წარმომადგენლის ცნობით, მოსახლეობასთან ხელშეკრულებები ეტაპობრივად, დაზიანების ხარისხის გათვალისწინებით ფორმდება. აღსანიშნავია, რომ გარდა იმისა, რომ პროტესტის მონაწილეები უნდობლობას უცხადებენ კომპანიის მიერ ჩატარებულ შეფასებებს და ითხოვენ კომპენსაციის ოდენობა სსიპ „ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ“ განსაზღვროს, სადავოა მხარეებს შორის ქონების შეფასების მეთოდოლოგიაც. (როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, კომპანიის სპეციალურმა მმართველმა საჯაროდ განაცხადა, რომ კომპანია მზად არის ზარალის ოდენობის შეფასების მიზნით სსიპ „ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს“ მიმართოს). ასევე, მოსახლეობის მოთხოვნაა, შესაბამისი ხელშეკრულებით გაიწეროს კომპანიის მიერ კომპენსაციის გადახდის ვალდებულება და ვადები“.
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ჩაერთოს შუქრუთის მოსახლეობასა და კომპანიასთან მოლაპარაკებების პროცესში, როგორც მედიატორი, რათა დაცული იყოს მოქალაქეთა როგორც საკუთრების ასევე, ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება.
შუქრუთელთა პროტესტს ეხმაურება სოციალური სამართლიანობის ცენტრიც. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შუქრუთის მოსახლეობა წლებია მზარდი და უკონტროლო საფრთხის ქვეშ და უმძიმეს პირობებში ცხოვრობს. ადგილობრივი მოსახლეობისთვის კომპანიის მიერ მიყენებული ზიანი ვლინდება არა მხოლოდ მათ ფიზიკურ საფრთხეში, არამედ გაცილებით ფართოა და მოსახლეობის საცხოვრებელი გარემოს ფუნდამენტურ გარდაქმნას, მათი შემოსავლის წყაროს დაკარგვას და სხვა უმწვავეს საკითხებს უკავშირდება:
„მოპოვების შეთანხმებული გეგმის და განსახლების ეროვნული, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი მექანიზმის არარსებობის პირობებში, კომპანია უხეშად არღვევს ადამიანის უფლებას სათანადო საცხოვრებელ გარემოზე და სურს, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ გარკვეული კომპენსაციის სანაცვლოდ უმოკლეს ვადაში დათმოს საკუთარი სახლ-კარი. მეორე მხრივ, არასათანადოდ განსაზღვრული კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ, კომპანია ასევე ავალდებულებს მოსახლეობას, სამომავლოდ ყველა ტიპის პროტესტის გამოხატვასა და კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების გამოყენებაზე თქვან უარი, რათა მომავალში კომპანიას მოპოვებითი საქმიანობის შეუზღუდავი გავრცობის გარანტია ჰქონდეს“.
როგორც სოციალური სამართლიანობის ცენტრში აცხადებენ, ჭიათურის მუნიციპალიტეტში არსებული მძიმე კრიზისის დასაძლევად, წიაღისეულის მოპოვებითი საქმიანობის ლიცენზირებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე, სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი კონტროლისა და მუდმივი ზედამხედველობის განხორციელება, უკიდურესად მნიშვნელოვანია. ამასთან, სახელმწიფომ ადგილობრივ ბუნებრივ თუ სოციალურ გარემოზე კომპანიის საქმიანობის შედეგად მიყენებული შეუქცევადი ზიანის განსაზღვრისა და მოსახლეობისთვის სამართლიანი კომპენსაციის ოდენობის დასადგენად, დაჩქარებულად უნდა შეიმუშავოს ზიანის ანაზღაურების საკანონმდებლო სტანდარტი, რომელიც ფართოდ შეეხება მუნიციპალიტეტის მთელს მოსახლეობას და იქნება ქმედითი მექანიზმი სრული მოსახლეობის სამართლიანი კომპენსირებისთვის.
ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ შეიმუშავოს გამჭვირვალე მექანიზმი, რაც შესაძლებელს გახდის “ჯორჯიან მანგანეზის” მხრიდან დაზარალებული მოსახლეობის მოთხოვნების სრულ და სამართლიან დაკმაყოფილებას; უზრუნველყოს მოპოვებითი საქმიანობით დაზარალებული ოჯახების კომპენსირების სათანადო და სამართლიანი სტანდარტის დადგენა, რაც “ჯორჯიან მანგანეზს” საქმიანობის სრულ არეალზე გავრცელდება; შესაბამისი საზედამხედველო ორგანოების მეშვეობით უზრუნველყოს კომპანიის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების ინსპექტირების გზით ბუნებრივსა თუ სოციალურ გარემოზე კომპანიის მიერ მიყენებული ზიანის დაუყოვნებლივი აღრიცხვა და პასუხისმგებლობის განსაზღვრა.