Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

B.1.617 ანუ „ორმაგი მუტანტი“ - დადასტურდება თუ არა საქართველოში „ინდური შტამი“?


B.1.617 - ეს COVID19-ის ინდური ვარიანტის ოფიციალური სახელია. არაოფიციალურად მას „ორმაგ მუტანტსაც“ უწოდებენ. ე.წ. „ინდური შტამი“ ორ მუტაციას აერთიანებს - E484Q-სა და L452R-ს. ეს მუტაციები ცალ-ცალკე სხვადასხვა ტიპის კორონავირუსში ადრეც გვხვდებოდა, თუმცა პირველად სწორედ ინდოეთში გაერთიანდნენ.

გაეროს ჯანდაცვის სააგენტოს თანახმად, B.1.617 ინდოეთში გასული წლის ოქტომბერში დაფიქსირდა. მიმდინარე წლის 24 მარტს კი ინდოეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ინდოეთში დაფიქსირებული ვირუსის 15-20% სწორედ ე.წ. „ინდურ შტამზე“ მოდიოდა. 20 მაისის მონაცემებით, COVID19-ის ინდური ვარიანტი მსოფლიოს 53 ქვეყანაშია დაფიქსირებული.

დაფიქსირდა თუ არა „ინდური შტამი“ საქართველოში?

ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი, ჯერჯერობით, არ არის. თუმცა, ცნობილია, რომ საქართველოში ე.წ. „ინდური შტამის“ შესაძლო შემთხვევების შესწავლა მიმდინარეობს.

ამის შესახებ 23 მაისს განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

მან არ დააკონკრეტა რამდენ ნიმუშს სწავლობენ სპეციალისტები და როდის იქნება მზად გამოკვლევის პასუხები:

„შესწავლა მიმდინარეობს, მაგრამ დადასტურებული არ გახლავთ. ყველგან არის შესაძლებელი [გავრცელება], საქართველო გამონაკლისი არ არის. მოგეხსენებათ, ევროპაში გამოჩნდა ინდური შტამი, ისევე როგორც ბრაზილიური და სამხრეთ აფრიკული. პროგნოზი არის, რომ ინდურმა შტამმა ევროპაში თანდათან ბრიტანული შტამი ჩაანაცვლოს“.

უფრო მეტად გადამდებია თუ არა „ინდური შტამი“?

ბრიტანეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ „როგორც ჩანს, კორონავირუსის ინდური ვარიანტი უფრო ადვილად ვრცელდება ვიდრე მისი ბრიტანული B.1.1.7 ვერსია“. ყოველ შემთხვევაში, ასეთია მონაცემები დიდ ბრიტანეთში.

მათემატიკური მოდელირების საფუძველზე, ბრიტანეთის ხელისუფლების სამეცნიერო მრჩევლები, დარწმუნებულები არიან, რომ „B.1.617 უფრო გადამდებია, ვიდრე B.1.1.7. რეალისტური გათვლებით, ახალი ვარიანტი 50%-ით უფრო გადამდებია“.

ის, რომ კორონავირუსის „ინდური ვარიანტი“ შესაძლოა უფრო მეტად გადამდები იყოს, ვიდრე „ბრიტანული შტამი“, რომელიც თავის მხრივ, თითქმის 70%-ით უფრო გადამდებია, ვიდრე COVID19-ის ორიგინალური, ანუ უჰანური ვერსია, ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც ლაპარაკობს. კორონავირუსის „ინდურ შტამს“ მათ „ღელვის საბაბი“ უწოდეს.

ლეუვენის უნივერსიტეტის ევოლუციური ბიოლოგიის პროფესორი, ტომ ვენსელერსი ფიქრობს, რომ კორონავირუსის ინდური ვარიანტი 60%-ით უფრო გადამდებია, ვიდრე ბრიტანული ვერსია. თუმცა, სხვა ექსპერტები და მეცნიერები ამ განწყობებს სკეპტიკურად უყურებენ და უფრო მეტი კონკრეტული მონაცემების აუცილებლობაზე ლაპარაკობენ.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე, არ არსებობს სათანადო და ყოვლისმომცველი გამოკვლევები, რომლებიც ცხადყოფდა, რომ კორონავირუსის ინდური ვარიანტი, შესაძლოა გაცილებით ადვილად ვრცელდება, ვიდრე ვირუსის სხვა ვერსიები.

იფეთქა თუ არა ინდოეთში ვირუსმა „ინდური შტამის“ გამო?

ადგილობრივ ექიმთა ნაწილი ფიქრობს, რომ ინდოეთში, COVID19-ის აფეთქება სწორედ ახალ მუტაციას უკავშირდება. თუმცა, უცხოელი ექსპერტები აცხადებენ, რომ მონაცემთა ნაკლებობის გამო, ნაადრევია წინასწარი დასკვნების გამოტანა. მათი თქმით, არაერთმა ფაქტორმა, მათ შორის, მოსახლეობის აპათიამ, ხელისუფლების დაგვიანებულმა რეაგირებამ და სუსტმა სამედიცინო ინფრასტრუქტურამ დიდი გავლენა იქონია ინდოეთში არსებულ მძიმე ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე.

ექიმი ზარირ უდვადია, რომელიც მუმბაის ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობს, მედიასთან საუბრისას ამბობს, რომ სწორედ B.1.617-ია მიზეზი იმისა, რომ ქვეყანაში ვირუსმა იფეთქა. მის განცხადებით, ახალი შტამი უფრო გადამდები და სავარაუდოდ, უფრო მეტად მომაკვდინებელიცაა.

სავარაუდოდ, კოლეგის მოსაზრებას ეთანხმება, კალკუტაში, ინდოეთის სამეცნიერო კვლევების ინსტიტუტის პროფესორი, იმუნოლოგი ვინიტა ბალი, თუმცა, ამბობს, რომ საჭიროა დამატებითი მონაცემები: „შესაძლოა, აფეთქების მიზეზი მართლაც ახალი შტამი იყოს. თუმცა, ამის დადასტურებით თქმა არ შეგვიძლია, რადგან ვერ ვაკეთებთ დიდი რაოდენობით ნიმუშის სეკვენირებას, რათა ვთქვათ, რომ ინდოეთში მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარება სწორედ B.1.617-მა შექმნა“.

რამდენად ეფექტურია COVID-ვაქცინები „ინდური შტამის“ წინააღმდეგ?

ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის გამოკვლევის თანახმად, რომელიც 23 მაისს გასაჯაროვდა, ამერიკულ-გერმანულმა „პფაიზერმა“ 88%-იანი ეფექტიანობა აჩვენა ინდური შტამით ინფიცირების შემთხვევაში გართულებების პრევენციის თვალსაზრისით. 93%-იან ეფექტიანობას აჩვენებს ეს ვაქცინა „ბრიტანული შტამის“ შემთხვევაში.

რაც შეეხება, ბრიტანულ-შვედურ „ასტრაზენეკას“, მისი ეფექტიანობა „ინდური შტამის“ შემთხვევაში 60%-ია, „ბრიტანული შტამის“ შემთხვევაში კი 66%.

აღსანიშნავია, რომ ორივე ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზა, სამი კვირის შემდეგ, ინდური ვარიანტის წინააღმდეგ 33 პროცენტით ეფექტიანი აღმოჩნდა.

ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანი, მეთ ჰენკოკი აცხადებს, რომ ეს მონაცემები დამაიმედებელია და მოსახლეობის დიდი ნაწილის აცრის შემდეგ, მთავრობას ქვეყანაში ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების მოხსნის საშუალებას მისცემს.

ჩინური ვაქცინები და COVID19-ის მუტაციები

როგორ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, ყველა ვაქცინა, რომელიც ავტორიზირებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ეფექტიანია კორონავირუსის ყველა ვარიანტის წინააღმდეგ. მათ შორის, იგულისხმება „სინოფარმიც“, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ავტორიზაცია მაისის დასაწყისში მიანიჭა.

WHO-ს ევროპის რეგიონული დირექტორი, ჰანს კლუგი აცხადებს: „COVID19-ის აქამდე არსებული ყველა ვარიანტი, ნამდვილად რეაგირებს ორგანიზაციის მიერ აღიარებულ ყველა ვაქცინაზე“.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ამ მომენტისათვის აღიარებული აქვს ხუთი ვაქცინა: „პფაიზერი“, „ასტრაზენეკა“, „მოდერნა“, „ჯონსონი და ჯონსონი“ და „სინოფარმი“.

„ინდური“ თუ კორონავირუსის სხვა ვარიანტების მიმართ ჩინური ვაქცინების ეფექტიანობაზე აკეთებს განცხადებას ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ექსპერტი, შაო იმინგი. ის გამოკვლევების წინასწარ შედეგებს ეყრდნობა და ამბობს, რომ ჩინეთში წარმოებულ ვაქცინებს შეუძლიათ „გარკვეული დოზით“ უზრუნველყონ ვირუსის ახალი ვარიანტებისგან დაცვა. თუმცა, არ აზუსტებს, ჩინეთში წარმოებული კონკრეტულად რომელი ვაქცინები შეიძლება იყოს ეფექტური კორონავირუსის ახალ შტამებთან ბრძოლაში.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი ვირუსის რომელიმე ახალი მუტაცია აღმოჩნდება რეზისტენტული ვაქცინების წინააღმდეგ, „ჩინეთი მზადაა ამ გამოწვევას სწრაფად უპასუხოს, რადგან წარმოების პროცესი უკვე კარგადაა მომწიფებული და არ საჭიროებს მნიშვნელოვან ცვლილებებს მუტაციების წინააღმდეგ ახალი ვაქცინების შესაქმნელად“.

ჩინეთს იმუნიზაციის პროცესში, ამ დროისათვის, ხუთი ვაქცინა აქვს რეგისტრირებული, მათ შორის „სინოფარმი“ და „სინოვაკი“, ის ვაქცინები, რომლებიც საქართველოშიცაა შემოსული.

როგორია ჩინური ვაქცინების ეფექტიანობის პროცენტული მაჩვენებელი ახალი შტამების წინააღმდეგ, ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი არ ავრცელებს.

24 მაისის მონაცემებით, საქართველოში აცრილია 113 000 ადამიანი. მათგან სრულად ვაქცინირებულია მხოლოდ 16 323.

ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტს, „ასტრაზენეკათი“ დაიწყო. „კოვაქს პლატფორმის“ გავლით ქვეყანაში შემოვიდა 43 200 დოზა ვაქცინა, რომელიც მოქალაქეების თითო დოზით ასაცრელად იყო განკუთვნილი.

რამდენიმე დღეში, საქართველომ მიიღო „ფაიზერის“ 29 250 დოზა ვაქცინა, რომლითაც 15 000-მდე მოქალაქე უნდა აიცრას.

„სინოფარმით“ ვაქცინაცია ქვეყანაში 4 მაისიდან დაიწყო. ამ ეტაპზე, საქართველოს აქვს „სინოფარმის“ 100 000 დოზა ვაქცინა, რომლითაც 50 ათასი მოქალაქე აიცრება.

კიდევ ერთი ვაქცინა, რომლითაც საქართველოში მოსახლეობა აიცრება, ეს ჩინური "სინოვაკია", რომელსაც ჯერ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია არ მიუღია. ვაქცინაცია "სინოვაკით" 24 მაისს დაიწყო. ვაქცინაციაზე დარეგისტრირებულია 14 300 მსურველი. სულ ქვეყანაში 100 000 დოზა "სინოვაკია" შემოსული, რომელიც 50 ათასი მოქალაქისთვისაა განკუთვნილი.

XS
SM
MD
LG