უფრო ზუსტად, როგორი იქნება ქართული „მწვანე სერტიფიკატი“ და როდის იქნება ის ხელმისაწვდომი? რადიო თავისუფლებამ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის, ალექსანდრე ტურძილაძესთან ინტერვიუს საფუძველზე მოიპოვა.
როგორ მიიღებენ მოქალაქეები პასპორტს?
კოვიდსტატუსის შესახებ მოქალაქეები ინფორმაციას მობილური აპლიკაციით წარმოადგენენ. მისი ჩამოტვირთვა შესაძლებელი იქნება უფასოდ Google Play-დან და App Store-იდან.
ასევე, შესაძლოა, შემოიღონ ბეჭდური დოკუმენტი QR კოდით.
როგორ იმუშავებს აპლიკაცია?
აპლიკაციის გასააქტიურებლად მომხმარებელმა უნდა შეიყვანოს მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია - მაგალითად, პირადი ნომერი - და ვაქცინაციის დაჯავშნის დროს მიღებული სპეციალური კოდი. შესაძლოა, საჭირო გახდეს აპლიკაციისთვის დამატებითი ინფორმაციაც, თუმცა ეს დაზუსტებული არ არის.
აპლიკაციაში შეინახება მოქალაქის პერსონალური ინფორმაცია - სახელი, დაბადების თარიღი, ინფორმაცია იმის შესახებ, გაკეთებული აქვს თუ არა კოვიდვაქცინა და რომელი, გადატანილი აქვს თუ არა კორონავირუსი, PCR ტესტის პასუხი.
აპლიკაციას, ასევე, წვდომა ექნება გეგმური იმუნიზაციის მონაცემებთან.
შესაძლოა, აპლიკაციითვე გახდეს შესაძლებელი ვაქცინაციის დაჯავშნა.
სხვა სამედიცინო ისტორიაზე აპლიკაციას წვდომა თავიდან არ ექნება.
როგორ იქნება დაცული ჯანმრთელობის შესახებ სენსიტიური ინფორმაცია?
ალექსანდრე ტურძილაძის განმარტებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ახლა მუშაობს ჯანდაცვის სამინისტროსა და მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან, რათა, ერთი მხრივ, დაცული იყოს კონფიდენციალობა, მეორე მხრივ, არ გაყალბდეს მონაცემები.
ევროკომისიის მითითებით, „მწვანე სერტიფიკატი“ მხოლოდ აუცილებელ, ლიმიტირებულ მონაცემებს უნდა შეიცავდეს და შემოწმდება მხოლოდ დოკუმენტის ნამდვილობა. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემები კი მხოლოდ დოკუმენტის გამცემ სახელმწიფოში რჩება.
რაში გამოგადგებათ „მწვანე სერტიფიკატი“?
საქართველოს შიგნით და საზღვარგარეთ მოგზაურობისთვის, თუმცა დეტალებს ისევ განიხილავენ.
საქართველოში მოქმედი შეზღუდვებიდან გამომდინარე, პრივილეგია, რომელიც კოვიდპასპორტის მქონე მოქალაქეს შეიძლება ჰქონდეს, არის ე.წ. კომენდანტის საათის დროს გადაადგილების უფლება.
შეძლებს თუ არა საქართველოს მოქალაქე ევროკავშირში მოგზაურობას?
ამისთვის საჭიროა კარგი ეპიდსიტუაცია.
ამ ეტაპზე, მხოლოდ ავსტრალია, ახალი ზელანდია, რუანდა, სინგაპური, სამხრეთი კორეა და ტაილანდი არიან მწვანე სიაში და მხოლოდ მათ მოქალაქეებს შეუძლიათ არააუცილებელი მოგზაურობა ევროკავშირში.
აქვს თუ არა მნიშვნელობა, რომელი ვაქცინითაა აცრილი ადამიანი?
ევროკავშირის ქვეყნებს შეეძლებათ მიიღონ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც აცრილები არიან ევროკავშირის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით.
საქართველოში ხელმისაწვდომი ვაქცინებიდან ჯერჯერობით ევროპული სამედიცინო სააგენტოს ავტორიზაცია არ აქვს ჩინურ Sinopharm-ს.
რა ვუყოთ ბავშვებს?
ევროკომისიის ინიციატივით, ბავშვებს - რომლებიც ვაქცინაციაში არ არიან ჩართულნი - უნდა ჰქონდეთ ვაქცინირებულ მშობლებთან ერთად მოგზაურობის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ აქვთ PCR ტესტი უარყოფითი პასუხით.
ჯერჯერობით უცნობია, რა მიდგომა იქნება საქართველოში ბავშვებთან მიმართებით.
როდიდან გვექნება კოვიდპასპორტი?
საქართველოს ხელისუფლება აპირებს, რომ ივნისის ბოლომდე გაასაჯაროოს დეტალები, როდის იხილავს საზოგადოება „მწვანე სერტიფიკატებს“.
რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ უკვე გაასაჯაროვა საკუთარი პასპორტების სისტემები. მაგალითად, დანიაში „კორონაპასის“ აპლიკაცია საშუალებას აძლევს ვაქცინირებულ მოქალაქეებს, შევიდნენ ბარებში, რესტორნებსა და მუზეუმებში.
მსგავსი სქემა მუშაობს ისრაელში, რომელიც ვაქცინირებულთა რიცხვით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა მსოფლიოში. მოქალაქეებს უფლება ეძლევათ, შევიდნენ სასტუმროებში, სავარჯიშო დარბაზებსა და თეატრებში. „მწვანე საშვმა“ ასევე შექმნა მოგზაურობის შესაძლებლობა ისრაელის მოქალაქეებისთვის, საბერძნეთსა და კვიპროსთან მიღწეული შეთანხმების შემდეგ.