მოპედის სამართავად მართვის მოწმობა დაგჭირდებათ, მფლობელებს კი მოპედების დარეგისტრირება მოუწევთ. შეამცირებს ეს ცვლილებები ავტოსაგზაო შემთხვევებს ან მოპედების ქურდობას? თუ ნაჩქარევია ამ საკითხებზე მსჯელობა? მეორე წელია რაც საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტშია, თუმცა როდის დამტკიცდება ცვლილებები უცნობია.
„უამრავი არასრულწლოვანი ჯდება მოპედზე; გადაადგილდებიან ქვეითთა მოძრაობის ზოლზე“, - ამბობს ეკა ლალიაშვილი, საგზაო უსაფრთხოების ექსპერტი და განაგრძობს: „ძალიან დიდი ხანია ჩვენ რეგულაციის აუცილებლობაზე ვსაუბრობთ და შსს ამბობდა, რომ კეთდება. აღმოჩნდა რომ ჯერ კიდევ გაჭედილია პროცესი“.
კანონპროექტის მიღება ასოცირების შეთანხმებითაა გათვალისწინებული. სპეციალისტების თქმით, მაშინ, როდესაც სულ უფრო ფართოვდება მიტანის სერვისები, რომლებისთვისაც მთავარია დანიშნულების ადგილზე შეკვეთის სწრაფად მიტანა, მოპედების რეგულაცია „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“. რეგისტრაცია და სანომრე ნიშნები კი გაართულებს მოპედის მოპარვას და გაამარტივებს ქურდობების გამოძიებას.
ახალი კატეგორია - AM
„მთავარი პრობლემა არის ის, რომ ვერ ხდება მათი გადაადგილების კონტროლი ვიდეოკამერებით, ვერ ვაჯარიმებთ. აქედან გამომდინარე, თავისუფლად დადიან და სამწუხაროდ, ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა 5 მაისს.
2019 წელს შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებებით, მოპედი (და მსუბუქი კვადროციკლი) ექცევა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დეფინიციაში და მათზე გავრცელდება სხვა ტრანსპორტის მიმართ არსებული რეგულაციები.
კანონპროექტის მიხედვით, შემოდის სატრანსპორტო საშუალების ახალი კატეგორია - AM, რომელიც აერთიანებს მოპედებსა და მსუბუქ კვადროციკლებს. მოწმობის მისაღებად საჭირო იქნება მხოლოდ თეორიული გამოცდის ჩაბარება; მინიმალური ასაკობრივი ზღვარი კი 16 წელია.
A, B, C ან D კატეგორიის (ან ქვეკატეგორიების) მართვის მოწმობის მქონე პირს აგრეთვე უფლება ექნება, მართოს AM კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება - მოპედი.
„სიტყვაზე, თუ ადრე რაღაცას ვარღვევდი, შევეცდები, რომ ის არ დავარღვიო და ფრთხილად ვიქნები“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას რადი გვილავა, მოპედის მძღოლი და ამატებს, რომ მისი აზრით, ავარიები მაინც არ შემცირდება.
მიტანის სერვისის კურიერი ცოტნე იაქაშვილი ამბობს, რომ ახალი რეგულაცია ხელისშემშლელი იქნება როგორც საკურიერო სფეროში დასაქმებულებისთვის, ასევე, მომხმარებლებისთვის:
„თუ მუშაობს, მაგალითად, 1000 კაცი, შესაბამისად, ნახევარს რომ შეეზღუდოს [მუშაობა], ქალაქისთვისაც ცუდი იქნება და მომხმარებლისთვისაც, იმიტომ, რომ მიწოდება სწრაფად და კომფორტულად ვერ მოხდება და დროში იქნება გაწელილი და დაზარალდება ყველა“, - ამბობს ცოტნე და ამატებს: „ყველზე ცუდი რაც არის ამ რეგულაციის კუთხით, პირველ რიგში, ვისაც ნასამართლეობა აქვს ან მსგავს სიტუაციაშია, ფიზიკურად ვერ აიღებს მართვის მოწმობას და მათთვის ეს [საკურიერო] სამსახური შეწყვეტილია“.
რადის აზრით, რეგისტრაცია არც მოპედების ქურდობას შეამცირებს, რადგან „თუ მოპარვა უნდა ნომრიანსაც მოიპარავს და უნომროსაც. ნაწილებად გაყიდის, პირობითად“.
სხვა ცვლილებები
ცვლილებების შედეგად, მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ხდება ორეტაპიანი:
- პირველი ეტაპი ჩატარდება დახურულ საგამოცდო მოედანზე, როგორც ამჟამად. ხოლო მისი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში:
- მეორე ეტაპი ჩატარდება რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში.
ცვლილებების მიხედვით, 18 წლამდე ასაკის პირს შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ AM (მოპედი), T (ტრაქტორი) და B1 (კვადროციკლი) კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
დაწესდება სპეციალური წესები ველოსიპედებისა და თვითმგორავებისთვის. მაგალითად:
- ველოსიპედს უნდა ჰქონდეს გამართული მუხრუჭი, საჭე და ხმოვანი სიგნალი. ის უნდა აღიჭურვოს: წინ – შუქამრეკლითა და თეთრი ფანრით ან ფარით (დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში მოძრაობისათვის), უკან – შუქამრეკლით ან წითელი ფარით, ორივე გვერდითი მხრიდან – ნარინჯისფერი ან წითელი შუქამრეკლით
- ველოსიპედის მოძრაობის ზოლის/ველობილიკის/გვერდულას არარსებობისას დასაშვებია ველოსიპედით ტროტუარზე გადაადგილება იმ პირობით, რომ არ შეფერხდება ქვეითთა მოძრაობა;
- ველოსიპედის, ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავისა და სხვა საშუალების, რომლის სიჩქარე არ აღემატება 25 კმ/სთ-ს, გზაზე მართვა ნებადართულია არანაკლებ 14 წლის ასაკის პირისთვის;
- ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავით და სხვა სატრანსპორტო საშუალებით, რომლის სიჩქარე არ აღემატება 25 კმ/სთ-ს, მოძრაობა დასაშვებია გვერდულაზე, ტროტუარზე, ქვეითთა ბილიკზე, ქვეითთა ზონაში, საცხოვრებელ ზონაში, ველობილიკსა და ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე. ასეთის არარსებობის შემთხვევაში, დასაშვებია გზის სავალი ნაწილის კიდესთან მოძრაობა, თუ მოძრაობის ინტენსივობა ამის საშუალებას იძლევა.
როდის შევა ცვლილებები ძალაში?
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს გარდამავალი პერიოდის დაწესებასაც, იმისათვის, რომ ადამიანებს ჰქონდეთ დრო, ადაპტირდნენ ახალ რეგულაციებთან, ჩააბარონ შესაბამისი თეორიული გამოცდა, მიიღონ მართვის უფლება და დაარეგისტრირონ მათ მფლობელობაში არსებული მოპედები.
გარდამავალ პერიოდში დაშვებული იქნება დაურეგისტრირებელი მოპედისა თუ მსუბუქი კვადროციკლის მართვა მართვის მოწმობის გარეშეც.
კანონპროექტმა უკვე გაიარა საპარლამენტო კომიტეტები და პირველი მოსმენა. კანონად ქცევისათვის საჭიროა კიდევ ორი მოსმენა, თუმცა როდის გაიმართება დამატებითი განხილვები უცნობია. დამატებითი განხილვების შედეგად კი საკანონმდებლო პაკეტში, შესაძლოა შევიდეს ცვლილებები.