Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღდგომა ოკუპაციის ხაზთან


ქალაქისგან განსხვავებით, სასაფლაოების შესასვლელებთან პოლიციელების სიმრავლე, სულ არ უკვირთ ოკუპაციის ხაზთან მცხოვრებლებს.

სოფლების - გუგუტიაანთკარის და კოშკას სასაფლაო ოკუპირებულ დისევს ესაზღვრება და იქვე ახლოს საპოლიციო საგუშაგოცაა მოწყობილი. ოკუპაციის ხაზი პირდაპირ სასაფლაოზე გადის. საფლავების ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა დარჩენილი და იქ მისვლა სახიფათოა.

აღდგომის დღეებში, ადგილობრივი მოსახლეობა ნათესავების საფლავებზე ისედაც პოლიციელთა მეთვალყურეობით გადიოდა ხოლმე, რადგან ამ სასაფლაოზე მოქალაქეების დაკავების და ცხინვალში გადაყვანის საფრთხე მუდმივადაა. ოკუპირებულ სოფელ დისევში საოკუპაციო ძალების სამხედრო ბაზაა, იქიდან კი ქართულ სოფლებს მუდმივად აკონტროლებენ.

ლია მიქელაძე სოფელ კოშკაში ცხოვრობს, სოფლის სასაფლაოზე მისი დედამთილია დაკრძალული. საფლავი სულ ბოლოშია და ოკუპირებულ ტერიტორიას ესაზღვრება. ლია მიქელაძე ყოველწლიურად დედამთილის საფლავზე წითელი კვერცხებით და სანთლებით მიდის. იქიდან არაერთხელ შეუმჩნევია საოკუპაციო ძელების პატრული. მაგრამ შორიახლოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებიც ყოფილან.

„სოფლიდან და სასაფლაოს ტერიტორიიდან მოქალაქეების გატაცება არაერთხელ ყოფილა. ჩვენი მოსახლეობა ოკუპირებული დისევისკენ არ გადადის. იყო შემთხვევები, როცა იქით შემთხვევით მოხვედრილ ადამიანებს აკავებდნენ. ამიტომ ყველანაირად ვერიდებით, რომ წესები არ დავარღვიოთ. მუდმივად ვიცავთ წესებს და პოლიციელების მითითებას, თუ სადამდე შეიძლება მისვლა. აგერ, ჩვენი სოფლის სასაფლაოზე განისვენებენ როგორც ქართველები, ისე ოსი ეროვნების ადამიანები. აქ სულ იყო და არის ქართველებსა და ოსებს შორის ნათესაური და მეგობრული კავშირები. ქართველებს და ოსებს ვულოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.“

ლია მიქელაძე აღდგომის დღესასწაულს ახლა ოჯახთან ერთად სახლში აღნიშნავს. წელს პირველად ის ნათესავების საფლავებზე არ გასულა. დილის 6 საათზე მისმა ქმარმა ნათესავების საფლავებზე წითელი კვერცხები დააწყო და მაშინვე უკან გამობრუნდა.

საოკუპაციო ძალების და ადამიანების გატაცების შიშს წელს კორონავირუსის შიში და მისგან გამოწვეული შეზღუდვები და რეგულაციები დაემატა. დილიდან კოშკა-გუგუტიაანთკარის სასაფლაოსთან პოლიციელები დგანან და იქ მისულ მოსახლეობას უხსნიან, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, სასაფლაოზე შესვლა არ შეიძლება.

თუმცა ზოგიერთმა ადგილობრივმა პოლიციის მისვლამდე, ნათესავების საფლავზე წითელი კვერცხის გაგორება მაინც მოასწრო. პოლიციას ამის გამო არავინ დაუჯარიმებია.

„საფლავების ნაწილი იქითაა დარჩენილი და ნებადართული არ არის გადასვლა, ასე რომ ჩვენთვის შეზღუდვა მანამდეც იყო და ახლაც არის, არაფერი შეცვლილა. მავთულხლართებს უფრო აქეთ, სოფლის სიღრმეში სწევენ და მერე რა იქნება არავინ იცის.“

„იქიდან სროლის ხმა ხშირად ისმის, ზედ სასაფლაოზე გადის ეგრეთ წოდებული საზღვარი და ვერიდებით გასვლას. იყო დაკავებების შემთხვევები და ვერ გავრისკავთ“, - ამბობენ გუგუტიაანთკარელები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, დილიდან სასაფლაოებთან მისასვლელ გზებსა და დაწესებული რეგულაციების აღსრულების პროცესს ინტენსიურ რეჟიმში აკონტროლებენ.

შსს-ის ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლები არსებული რეგულაციების კონტროლს ახორციელებენ როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში არსებულ სასაფლაოებზე. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების თანახმად, კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მიმდინარე წლის 2 მაისიდან 4 მაისის ჩათვლით, მთელი საქართველოს მასშტაბით, სასაფლაოების ტერიტორიაზე მოქალაქეების შესვლა აიკრძალა.

შეზღუდვების დარღვევა ითვალისწინებს სამართალდამრღვევი პირს დაჯარიმებას - 2 000 ლარის ოდენობით. აკრძალვა არ ვრცელდება მხოლოდ დაკრძალვის პროცესზე.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფმა ყველა პირმა დაიცვას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.

XS
SM
MD
LG