ჯერი ზურაბ რთველიაშვილზე მიდგა. მან თავისი ლექსის პირველი ფრაზა დაიქუხა. და ზემოდან პასუხი მოისმა. ზურამ ახედა ცას და მეორე ფრაზაც დაიქუხა. მაღლიდან არც ამჯერად დაუყოვნებია ელჭექის ხმას. და ასე გაგრძელდა: მიწაზე ზურა გრგვინავდა, ღრუბლებში კი ზევსი გრუხუნებდა. ზურა ლექსის კითხვას რომ მორჩა, ზეცაც დადუმდა. ეს დადა-მეფე პოეტის ყველაზე დიადი პერფორმანსი იყო, ჩატარებული 2018 წელს თელავში, ერეკლე II-ის სასახლეში, თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის პროგრამით, რომელიც მისი შესაძლებლობების მცოდნე ქართველ პოეტებს მაინცდამაინც არც გაგვკვირვებია, მაგრამ უცხოელები კი გაოგნებულები დარჩნენ. ეს მათ სახეებზე ეწერათ და ამ კოსმიური პოეტური კითხვის შემდეგ საკუთარი ლექსების დეკლამირება ძალიან გაუჭირდათ.
საერთოდ ჭირდა ზურას მერე სცენაზე გამოსვლა, ამიტომ, როგორც წესი, ის პროგრამის ბოლოს მოიაზრებოდა ხოლმე. და თუ შენ მასთან ერთად იყავი გამოსასვლელი, სხვა გზა არ გქონდა, ბოლომდე უნდა აჰყოლოდი მის ბობოქარ ენერგეტიკას და რაღაც აწყვეტილობა ჩაგედინა. ასე იყო მაგალითად 2007 წელს, მოსკოვის ბიენალეს გახსნაზე, სადაც მე ჩემს "მფრინავს" ვკითხულობდი, რომელსაც თავდაპირველად ეთაყვანებიან, ბოლოს კი კლავენ, ზურა კი ლექსის ფინალში თავისი ცეცხლოვანი სიტყვებით არტისტულად მცხრილავდა. ზურამ მწერალთა სახლის ღია სცენაზეც დამცხრილა 2018 წელს, როცა 90-იანი წლების პოეტური ორდენების რეტროსპექტივაზე მე, ის და გიორგი ბუნდოვანი ჩვენს "ანომალიურ პოეზიას" ვიხსენებდით "ქრონოფაგების" ორდენიდან. 1993 წელს დადა-მეფეც ის პუბლიკის დაცხრილვის შემდეგ გახდა. ბუნდოვანის დახმარებით მუყაოსგან გამოჭრილი იარაღით "ქარვასლის" სივრცეში შეიჭრა და თავისი დადაისტური და-და-და-და-და ავტომატის ჯერივით გადაატარა ყველას.
ეს მისი პირველი ჯილდო იყო და თუ შეიძლება ასე ითქვას, ყველაზე მნიშვნელოვანი და მარადიული. ამის მერე მან რამდენიმე ქართული და საერთაშორისო პრემია მიიღო, მაგრამ ყველაზე საინტერესოდ მე მაინც ანდრეი ბელის პრემია მახსენდება. ის 70-იან წლებში დააარსეს რუსმა დისიდენტმა მწერლებმა და დღემდე რუსეთში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ლიტერატურულ ჯილდოდ ითვლება. შუა ოთხმოცდაათიანებში მე, ზურა და დათო რობაქიძე ზურას სამზარეულოში დავსხედით დასალევად. ერთი ბოთლი არაყი გვქონდა მოპოვებული. ზურამ სამზარეულოში საჭმელი ეძება და ვაშლის მეტი ვერაფერი აღმოაჩინა. რა გინდა, კარგია ვაშლი, არაყთან წავაო - გვითხრა. ჩვენც დავეთანხმეთ და მანაც ვაშლის დაჭრა დაიწყო. და უცებ დათო რობაქიძე რაღაცას მიხვდა: ჯიბიდან დაკუჭული ლარიანი ამოაძვრინა, ზურას გაუწოდა და საზეიმო ხმით აცნობა: თქვენ გენიჭებათ ანდრეი ბელის სახელობის პრემიაო. საქმე ისაა, რომ პრემიის დაწესებიდან დღემდე მის ლაურეატებს ერთი ბოთლი არყით, ერთი ვაშლით და მანეთიანით აჯილდოებენ. ასე გახდა დადა-მეფე-პრეზიდენტი ამ პრემიის არაოფიციალური ქართველი მფლობელი. ზურას ძალიან უყვარდა ამ ისტორიის გახსენება და თავის რეგალიებში ამ ჯილდოს ყოველთვის სიამოვნებით იხსენიებდა.
მედიდური ზურა მიამიტი და გულჩვილი იყო. არაერთხელ მინახავს ცრემლი მის თვალზე. ხოლო როცა შვედეთში წასვლიდან ორი შემდეგ, 2012 წელს ბერლინში, ალექსანდერპლაცზე მნახა, დიდი ხნით გულში ჩამიკრა და ქვითინებდა. მერე, 2017 წელს, როცა ბრნოში ხელახლა ვნახე, სიხარულისაგან თავიდან ქუდი წავგლიჯე, ყელსახვევი მოვაძრე, გავიკეთე და ზურაბ რთველიაშვილის განსახიერება დავიწყე. ეს კომიკური მომენტი მეგობარმა ჩეხმა პოეტმა, იარომირ ტიპლტმა კადრად აღბეჭდა. ამის შემდეგ ვროცლავში, ოსტრავასა და კოშიცეში ერთი დღით უკან კუდში მომდევდა და ჩემს შემდეგ ლექსებს კითხულობდა, და ბოლოს, როცა ლვოვში კვლავ დამეწია, რამდენიმე წინასწარ დაგეგმილი დღე სულ ერთად გავატარეთ, მონასტრის საოცარ დუქანში უგემრიელესი ბორშჩების ხვრეპასა და "ხრენოვაია ვოდკას" ყლურწვაში.
რა დასამალია და ზურა ნერვიულიც იყო. 2000 წელს მატარებლის აქციის დასაწყისში, თბილისის სადგურშივე, რაღაცაზე გაღიზიანებულმა ვაგონის ფანჯარა ჩაამსხვრია და ხელი დაიზიანა. ექიმმა რაღაც სქელი და მაგარი ითხოვა მტევნის დასაფიქსირებლად. წასაკითხად წამოღებული გერტრუდ სტაინის პატარა ტომის გარდა მე კუპეში შესატყვისი ვერაფერი აღმოვაჩინე. XX საუკუნის დასაწყისის ამერიკული მოდერნიზმის დედის ტექსტის წაკითხვა გადამედო. მან XX საუკუნის დასასრულის ქართველი მოდერნისტის ხელქვეშ გადაინაცვლა. ასე მოძრაობდა ზურაბ რთველიაშვილი საქართველოს ქალაქებს შორის ერთი კვირის განმავლობაში და რკინიგზის სადგურებზე გერტრუდსტაინიანი შებინტული ხელით კითხულობდა ლექსებს. ეს გაწიგნიერებული კიდური თითქოს განსაკუთრებით შვენოდა მის იმიჯს. ერთ-ერთ ვაგზალზე, მახსოვს, მასთან გოგიტა ჭყონია მივიდა, რომელიც ფესტივალის აქციაზე ფილმს ამზადებდა და მის ორგანიზმს შეზრდილ გერტრუდ სტაინზე ხუმრობით ინტერვიუ ჩამოართვა.
ზურას ბოლო ფესტივალი 2019 წლის ნოემბერში იყო. მე და ის ერთად წავედით თბილისიდან შვედეთში, უფსალაში. როგორც ზემოთაც აღვნიშნე, ის ფესტივალებზე დასკვნითი გამოსვლების არტისტი იყო. და შეიძლება მას გააზრებული ჰქონდა, თუ რა უნდა გაეკეთებინა იმ მომენტში, მაგრამ რაღაც იმპროვიზაციულს მუდამ ეძებდა. იმ დღესაც, სცენისკენ მზერამიმართულმა, კუთხეში აყუდებული დაგორგლილი ხალიჩა შეამჩნია. და მე და თავის მეგობარს, ქართული პოეზიის მთარგმნელს, კრისტიან კარლსენს ჩაგვჩურჩულა: რომ ავალ სცენაზე, თქვენ ეს ხალიჩა გაშალეთ, მე მასზე დავწვები, ამის მერე მასში გამახვიეთ და დანარჩენი მე ვიციო. ასე წაიკითხა მან თავისი "კულტურა არის ზღვა" სულ ბოლოს სცენაზე. და ეს რაღაცნაირად სიმბოლური აღმოჩნდა. მან თითქოს იგრძნო რომ სრული გახსნილობის შემდეგ შებორკილობის პერიოდი მოდიოდა. ამის მერე ხომ პანდემიისა და კარჩაკეტილობის დრო დადგა, რაც ზურასნაირი არტისტისთვის ძალიან სულისშემხუთველი იყო. მაგრამ მას პერფორმანსების გარეშე სიცოცხლე არ შეეძლო და პატარა სპექტაკლებს ოჯახურ სივრცეებშიც დგამდა. ასეთი იყო ექსპრომტად გათამაშებული პოეტურ-მუსიკალური ნომერი მარგო კორაბლიოვას თეატრის მსახიობებთან ერთად, ასეთი იყო თუნდაც ჩემი და ზურას სასაცილო და ენერგიული ცეკვები ჯერ ჩემს სახლში, მერე კი მასთან. შეგიძლიათ ჩართოთ ეს ვიდეოები და ვერც კი დაიჯერებთ, რომ ეს მგზნებარე ადამიანი სულ რაღაც ორიოდე თვეში ავადმყოფობამ გაანადგურა.
როდესაც მომაკვდავი ზურას ხელი მეჭირა და თვალებში ჩავცქეროდი, ის თითქოს სულ ბოდიშს იხდიდა საკუთარი ცუდად ყოფნისთვის და გამუდმებით "все нормально"-ს იმეორებდა. ის ღირსეულად იტანდა ტკივილებს. ოდნავ მოეშვებოდა თუ არა, მაშინვე კონტაქტური და ხალისიანი ხდებოდა. სამი დღით ადრე ალეკო შუღლაძესთან ერთად ხითხითებდა და „შტირლიცის“ სცენებს სიტყვასიტყვით იხსენებდა, თავისი ბოლო ღიმილი კი დათო ჩიხლაძეს აჩუქა სიკვდილამდე ერთი საათით ადრე, როცა ჩავძახე, აი, დათოც მოვიდა-მეთქი და მის წინ ჩამომჯდარი ძვირფასი მეგობრის დანახვით გამოწვეულმა სიხარულის ტალღამ სახეზე გადაურბინა.
ზურასთან გამოსათხოვებლად მისულებს იგი კვლავ თავის მუნდირში დაგხვდებათ, ანარქისტული შავი დროშით და კუდიანი, უცნაური დოლით. გურამ წიბახაშვილის შედევრალური ფოტოებით, რომლებიდანაც მთელი მისი არტისტიზმი, ენერგია და თვითდაჯერება გამოსჭვივის. ასეთი ადამიანები თავიანთ ეპოქას საკუთარ დაღს ასვამენ. ასეთი მეგობრები სიცოცხლეს მძაფრს და შთამბეჭდავს ხდიან. მე მას თვალები დავუხუჭე, მაგრამ ვიცი, რომ ის ცეცხლი, რომელიც ამ თვალებიდან მოდიოდა, ჩემს გულს მუდამ გაანათებს.