Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ელოდებიან გუმათში - ნამოხვანში დაბრუნებას თუ პროტესტის გატანას რიონის ხეობის გარეთ


გუმათში, სადაც ნამახვანჰესის საწინააღმდეგო პროტესტი 11 აპრილის შემდეგ დაბანაკდა, ორი დღეა შედარებითი სიმშვიდეა - აქტივისტები კვირის ბოლომდე ელოდებიან 15 აპრილს ქუთაისში გამართული შეხვედრის შედეგებს.

ამ შეხვედრაზე „ხეობის მცველებმა” ხელისუფლებას სამი პირობა წაუყენეს სრულფასოვანი დიალოგის დასაწყებად - არცერთი არ არის შესრულებული.

ნამახვანჰესის პროექტის გარშემო არსებული დაძაბულობის განსამუხტად ეკონომიკის სამინისტრომ 16 აპრილს ექსპერტთა საბჭოს შექმნა დააანონსა და სპეციალისტები კვლევების პრეზენტაციაზე მიიწვია. ამას წინ უსწრებდა მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადება, რომ საბჭო უკვე არსებობდა. საბჭოს წევრების სია კი, რომელიც რადიო თავისუფლებამ მოიპოვა და გამოაქვეყნა, იმ ექსპერტების საპროტესტო განცხადებების მიზეზი გახდა, რომლებმაც იქ საკუთარი თავის გარდა/ნაცვლად ჰესის მშენებელ კომპანიასთან აფილირებული ადამიანები აღმოაჩინეს. ამ დრომდე ბუნდოვანი რჩება ექსპერტთა საბჭოს შექმნის დრო, ფორმა, შემადგენლობა და მიზნები.

აქტივისტები ამბობენ, რომ თუკი ხელისუფლება პირობებს არ შეასრულებს, პასუხად ფართომასშტაბიან აქციებს მიიღებს. მცველები გასცდებიან რიონის ხეობას და ქალაქების პიკეტირებას დაიწყებენ. ხელისუფლებამ მათთან 16 აპრილის შეხვედრაზე არ გამორიცხა იმის დაშვების შესაძლებლობა, რომ მთავრობამ უარი თქვას მსხვილ ინვესტიციაზე, თუკი ის ხალხის ნებას და ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. სახელმწიფოსა და ინვესტორ კომპანიას შორის ხელშეკრულებას, რომელიც აქტივისტების უკმაყოფილების საფუძველია, ხელს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აწერს. თუკი მოქმედი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი თავისი წინამორბედის დროს დადებულ ხელშეკრულებას გააუქმებს, ეს სახელმწიფოს შესაძლოა ძვირი დაუჯდეს, მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილი მოიგებს „რიონის ხეობის მცველების” და მათი მრავალი მხარდამჭერის, ასევე რადიკალური დაჯგუფებების („ქართული მარში”, „ალტ ინფო” და სხვა) გულს. ნამახვანჰესის პროექტის „გამოსყიდვის” იდეა გასულ კვირაში გააჟღერა მომღერალმა გია გაჩეჩილაძემაც, იგივე უცნობმა.

მოლაპარაკებების მცდელობებში დაკარგული ხელისუფლება

„ძალიან კარგი დღე შეირჩა დღეს, მოწოდება პრემიერ-მინისტრმა გააკეთა, საპატრიარქოს მოწოდება იყო ძალიან მნიშვნელოვანი და იცით, რომ დღეს პატრიარქის მიერ დაწესებული სიყვარულის დღეა და მოდით, სიყვარულით გავაგრძელოთ, საქართველოს სიყვარულით, ენგურის, რიონის და ქუთაისის სიყვარულით გავაგრძელოთ ახალი ფურცლიდან”, - უთხრა ქუთაისის მაჟორიტარმა კანდიდატმა, ზაზა ლომინაძემ „რიონის ხეობის მცველებს” შეხვედრის დასაწყისში, რომელიც პრემიერ-მინისტრის დავალებით გაიმართა და რამდენიმე საათს გააგრძელდა. შეხვედრას ესწრებოდნენ დეპუტატები, მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და რიონის ხეობის პროტესტის 4 მთავარი მონაწილე - შეხვედრა დახურული იყო მედიისთვის და ხალხმრავალი აქციის ფონზე მიმდინარეობდა.

ამ შეხვედრაზე უთხრა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლერი ბარნაბიშვილმა „რიონის ხეობის მცველებს“, რომ უკვე არსებობდა საბჭო, სადაც დამოუკიდებელი ექსპერტები იყვნენ ჩართული და პროექტის შესახებ შენიშვნებს ამზადებდნენ.

„მზად არის მთავრობაც და პრემიერიც, თუკი ეს შენიშვნები არის საფუძვლიანი, იქნეს გათვალისწინებული”, - თქვა მან, მეორე დღეს კი გაირკვა, რომ საბჭო ჯერ კიდევ არ იყო შექმნილი. კვლევებზე კი, რომელზეც დასკვნებიც ამ, ჯერ კიდევ შესაქმნელმა საბჭომ უნდა გააკეთოს, უკვე არსებობს კრიტიკული შეფასებები და ეს ხელისუფლებამ კარგად იცის. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ პრემიერ-მინისტრს სეისმოლოგიურ საფრთხეებთან დაკავშირებით წერილი ინსტიტუტის სახელით ერთი წლის წინ, 2020 წლის 5 მარტს გაუგზავნა.

პრემიერის წარმომადგენელმა თქვა ისიც, რომ პირადად არ იცნობდა ხელშეკრულებას, რომელიც აქციის მონაწილეთა უკმაყოფილებას იწვევს და მისი გაუქმება ნამახვანჰესის პროტესტის ერთ-ერთი მოთხოვნაა, თუმცა პრემიერის დავალებით მთავრობის ადმინისტრაცია და იუსტიციის სამინისტრო ახლა ამ დოკუმენტს სწავლობს და თუ რაიმეს პრობლემურად მიიჩნევენ, ამაზეც იქნება მსჯელობა.

საქართველოს მთავრობასა და „ენკას” შორის ხელშეკრულება 2019 წლის 25 აპრილს არის ხელმოწერილი. ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები ითხოვენ არა მხოლოდ ამ ხელშეკრულების გაწყვეტას ხელისუფლების მხრიდან, 2015 წელს ნამახვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვის და მასზე დაფუძნებული ყველა დოკუმენტის გაუქმებასაც.

„არ გაწყობთ არც თქვენ და არც ჩვენ, რადიკალიზმი”, - ესეც მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, ლერი ბარნაბიშვილის სიტყვებია, რომელიც მან აქციის ორგანიზატორებს უთხრა დახურულ კარს მიღმა შეხვედრაზე და აუხსნა, რომ ხეობაში პოლიციელების მობილიზებაც და გადაადგილებაზე შეზღუდვებიც უსაფრთხოებისთვის არის დაწესებული.

„იქ, მე როგორც ვიცი, “ენკაში” თქვენი მხარის ხალხი ყავთ დაკავებული ამ მშენებლობის დროს და შეიძლება რაიმე პროვოკაცია მოხდეს და დაპირისპირება გამოიწვიოს აქციის მონაწილეებსა და მუშებს შორის - უსაფრთხოების ამბავია.

არც სახელმწიფო, არც პოლიცია არ არის დაინტერესებული, იქ იდგეს დღე და ღამე და ეს წყევლა და შეურაცხყოფა მოითმინოს. მით უმეტეს, არ არის დაინტერესებული ჩვენი მთავრობა, პრემიერ-მინისტრი, რომ დაძაბულობა იყოს რეგიონში. პროტესტი იყოს მშვიდობიანი, გავაგრძელოთ დიალოგი - ამას გთავაზობთ ჩვენ”, - თქვა ლერი ბარნაბიშვილმა.

ამ შეხვედრის კიდევ ერთმა მონაწილემ, დეპუტატმა სოზარ სუბარმა „რიონის ხეობის მცველებს” პირდაპირ ჰკითხა, შეეძლოთ თუ არა გარანტიის მიცემა ხელისუფლებისთვის, რომ მათთან არ მივიდოდნენ „უცხო ჯგუფები”, რომლებიც „კონფლიქტურ სიტუაციებს” ქმნიდნენ; ასევე ხეობაში მოძრაობაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, თუკი მათი პროტესტი კვლავ ნამოხვანში გაგრძელდებოდა, რამდენად იქნებოდა ისევ „მართლა მშვიდობიანი პროტესტი”. ზოგადად, ამ შეხვედრაზე ხელისუფლება ცდილობდა აქტივისტების იმაში დარწმუნებას, რომ აქტივისტებისა და ხელისუფლების გარდა არსებობენ კიდევ სხვები, „დესტრუქციული ძალები”, რომლებმაც საპროტესტო კარვებში სასმელი ჩადეს, რომლებიც დეპუტატ დიმიტრი სამხარაძეს სოციალურ ქსელებში „აქაუნთებს ურეპორტებენ” და ამ ხალხისგან დასაცავად საჭიროა პოლიციის მობილიზება ხეობაში.

რა გეგმები აქვთ აქტივისტებს

„ახლა აქ ათჯერ მეტი სუს-ის მოგზავნილი ხალხია სამოქალაქო ტანსაცმელში, ვიდრე მანამდე იდგა. პოლიციელების რაოდენობის შემცირებით, გუმათში ჩვენზე რეპრესიები არ შეჩერებულა”, - გვითხრა ნამახვანჰესის საწინააღმდეგო პროტესტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მირზა ნოზაძემ 20 აპრილს. ის, თანამოაზრეებთან ერთად, 11 აპრილის შემდეგ გუმათშია გამაგრებული, სადაც აქტივისტების სიმრავლის გამო ორი დღის წინ მეორე კარავი დაამატეს. ხელისუფლებამ შაბათს, გამთენიისას გუმათთან აღმართული რკინის კედელი აიღო, თუმცა გადაადგილებაზე არსებული შეზღუდვები ძალაში დატოვა.

„რიონის ხეობის მცველებს” იმედი აქვთ, რომ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს და ნამოხვანში საპროტესტო კარვებით დაბრუნების შესაძლებლობა მიეცემათ, ისინი პასუხს მთავრობის ადმინისტრაციიდან კვირის ბოლომდე ელოდებიან:. თუკი „ენკა” ხეობაში სამუშაოებს არ შეწყვეტს, ხელისუფლება კი გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვებს არ გააუქმებს, აქტივისტები ქალაქების პიკეტირებას და მასშტაბურ აქციებს გეგმავენ.

„ჩვენ ვართ მართალი და გულწრფელი პროტესტის აქტორები, ეს არის კედელი, რომელსაც ეჯახება ხელისუფლება. მას მოუწევს, ან ეს კედელი გადაანგრიოს და გამოაჩინოს თავისი სახე, ან აღიაროს მისი არსებობა და ანგარიში გაუწიოს, როგორც დემოკრატიულ ხელისუფლებას შეუძლია”, - ამგვარი ალეგორიით საუბრობს მირზა ნოზაძე უახლოესი მომავლის გეგმებზე.

„გვაქვს იმის ღრმა რწმენა, რომ ბატონი პრემიერი არის ქარიზმატული პიროვნება, ისეთი იმპულსები აქვს მას გადაწყვეტილების მიღების პროცესში, თუ დავანახეთ ჩვენ ის პრობლემები, რაც ამ ხელშეკრულებაში არის, სავარაუდოდ, იმუშავებს ეროვნული ინტერესების დასაცავად და იტყვის უარს მასზე. მისგან გონივრული იქნება, შეისწავლოს უფრო დეტალურად ეს საკითხები, ჩვენ მზად ვართ მასთან ყველანაირ კომუნიკაციაზე, ჩვენ ვიძახით, რომ სიმართლე უნდა გაირკვეს - თუ სიმართლე ჩვენ მხარეს არის, პრემიერი აუცილებლად უნდა დადგეს სიმართლის მხარეს. შესაბამისად, მოვუწოდებ მას, რომ ადეკვატური იყოს, შეაფასოს მოვლენები და ინფორმაცია, რომლებიც მასთან ცალმხრივად მიდის, გადაამოწმოს”, - ამბობს მირზა ნოზაძე და არ გამორიცხავს იმას, რომ მოქმედი პრემიერისთვის ამ ხელშეკრულების გაწყვეტა შეიძლება იყოს შესაძლებლობა, საზოგადოებას აჩვენოს თავისი უპირატესობა გიორგი გახარიასთან შედარებით, რომლის მმართველობის დროსაც გაფორმდა „ანტისახელმწიფოებრივი ხელშეკრულება”.

„ჯერ იყო, გიორგი გახარიამ მოაწერა ხელი ამ ჰესის მშენებლობის ნებართვას, ამის შემდეგ მიმდინარეობს ქართველი ხალხის პროტესტი და ღარიბაშვილი მოდის ხელისუფლებაში პრემიერად. მე მინდა გითხრა, ირაკლი, თუ რამე ავტორიტეტი გაგაჩნდა და გაგაჩნია, გაგაჩნდა და გაგაჩნია იმის გამო, რომ ქართველი ხალხი გთვლიდა ეროვნულ კაცად. ეს ლიბერალური მხარე, რომელმაც სიტყვა სიყვარული არ იცის, პასუხისმგებლობის გრძნობა არ გააჩნია და სინდისის ქენჯნასაც არ განიცდის არაფერზე და უტიფარია ზოგადად, ისინი მხარს შენ არასოდეს არ გიჭერდა და მაინც გაგლანძღავენ. მაგრამ შენ პატივს გცემდა ღირსეული ქართველობა, ტრადიციულ ზნეობაზე აღზრდილი იმიტომ, რომ ოჯახის სიწმინდის დღე დააწესე, ერთსქესიანთა ქორწინებაზე წინააღმდეგი წახვედი, მაგრამ დღეს რა გემართება?

მე მივმართავ ირაკლი ღარიბაშვილს, ჯობია გონს მოეგო და მოიყვანო გონზე ის მინისტრები, რომლებიც დღეს გეუბნებიან, ჩვენ სიტუაციას ვაკონტროლებთ. ვერაფერს ვერ აკონტროლებთ თქვენ”, - ეს არის ფრაგმენტები ულტრანაციონალისტური პარტია „ქართული მარშის“ წევრის, ირაკლი შიხიაშვილის ვიდეოდან, რომელიც მან გუმათში ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციიდან დაბრუნების შემდეგ გაავრცელა 15 აპრილს. ისიც, ისევე როგორც „რიონის ხეობის მცველები”, ხაზს უსვამს იმას, რომ საპროტესტო მოძრაობა არ არის პოლიტიკოსებთან კავშირში და ეს განრისხებული ხალხის გულწრფელი პროტესტია.

რაც უფრო მეტი დღე გადის, რაც ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები კარვებში ცხოვრობენ და რაც უფრო ჭიანურდება კომუნიკაციის აწყობა ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის, მით უფრო ფართოვდება ჰესის წინააღმდეგ დაწყებული მოძრაობის თემატიკა. კარვებში და კარვებთან ახლა უკვე ლაპარაკობენ კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვაზე, პროტესტის ფორმებსა და შინაარსზე, ინვესტორებთან სახელმწიფოს ურთიერთობებეზე, რომელიც გადახედვას საჭიროებს და ჩაგრულ ჯგუფებზე, რომლებიც პოლიტიკოსებისგან იმედგაცრუებულები არიან და იმედს და ნუგეშს „რიონის ხეობის მცველებთან” პოულობენ. აპოლიტიკური, ხალხის წიაღიდან წამოსული და მდინარის პირას, კარვებში დაბანაკებული მოძრაობა ადვილად იკრებს მხარდამჭერებს, რომელთა შორისაც არიან ისეთებიც, ვისთან აფილაციაც თავად ნამახვანჰესის საწინააღმდეგო პროტესტის ორგანიზატორებს არც კი სურთ.

თუკი ხელისუფლება დაგვთანხმდება და ყველა პირობას შეასრულებს, გაჩნდება აუცილებლობა, ჩვენი აქ დაგროვილი გამოცდილება სხვაგან გავიტანოთ და ახალი ადგილები ვეძებოთ, სადაც ჩვენს ძალისხმევას მივამართავთ ხალხისთვის სასიკეთო ცვლილებებისთვისო, - თქვა პროტესტის ერთ-ერთმა გამოკვეთილმა ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა 19 აპრილს ორგანიზებულ დისკუსიაში. კითხვას, გულისხმობს თუ არა ეს იმას, რომ ნამოხვანში დაწყებული პროტესტი პოლიტიკურ პარტიად ან მოძრაობად შეიძლება გადაიქცეს, ჯერ „რიონის ხეობის მცველები” არ პასუხობენ, თუმცა მათი განცხადებები, ჩართულ პირთა სიმრავლე და დღის წესრიგი და ხელისუფლების ბუნდოვანი ხედვა ამ ჯიუტი და ხანგრძლივი პროტესტის მართვის შესახებ, აჩენს ამის წინაპირობას.

XS
SM
MD
LG