"მამა" ("The father", 2020, დიდი ბრიტანეთი-საფრანგეთი, რეჟისორი ფლორიან ზელერი)
ამერიკის კინოაკადემიის ლაურეატთა გამოცხადებამდე ცოტა დრო რჩება. დღეს ინტერნეტში არსებითად ყველა იმ სურათის ნახვა შეიძლება, რომლებიც წარადგინეს ნომინაციაზე "წლის საუკეთესო ფილმი". ახალი და მოულოდნელი არაფერია - ფინალში მოხვდნენ ფილმები, რომლებსაც ყველაზე კარგი პრესა ჰქონდათ (პანდემიისა და დახურული კინოთეატრების პირობებში კომერციულ მოგებაზე მსჯელობა სრულიად შეუძლებელია). თუმცა "მამა" მაინც გამონაკლისია. ბევრი არ ელოდა, რომ სრულიად კამერული თეატრალური პიესის (თანაც, ფრანგულის) ეკრანიზაცია ფინალისტებს შორის აღმოჩნდებოდა. გარდა ამისა, ამ თემაზე - დემენციით დაავადებული მოხუცისა და მისი ოჯახის წევრის ურთიერთობაზე - ბოლო დროს იმდენი ფილმი ვნახეთ, რომ "მამის" კინოსეანსი შეიძლებოდა დიდი ხნით გადაგვედო კიდეც: რაღა უნდა გვითხრან ახალი იმაზე, თუ როგორ კვდება სული ცოცხალ სხეულში, როგორ კვდება პიროვნება ადამიანში, რომელიც მოძრაობს, ლაპარაკობს, ესმის, იცინის, ტირის, მაგრამ ის აღარ არის, ვინც აქამდე იყო.
დედაჩემს როცა ვუვლიდი, დემენციის შესახებ იმხელა მასალას გავეცანი, რომ დღეს ამ დაავადების ცოდნაში ნებისმიერ ნევროლოგს შევეჯიბრები. თუმცა არც მაშინ მსიამოვნებდა ამ თემაზე გადაღებული ფილმების ყურება - ვერ ვიღებდი სანტიმენტალიზმს და, მით უმეტეს, თანაგრძნობას დემენციით დაავადებული ადამიანის ოჯახის წევრების, ახლობლების, მომვლელების მიმართ. ხანდახან რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ავტორებს ეს მომვლელი ნათესავები უფრო აღელვებდათ, ვიდრე მოხუცები, რომლებმაც დაკარგეს ის, რაც ადამიანს ადამიანად აქცევს - დაკარგეს ხსოვნა. დიდად არ მსიამოვნებდა, ნაცნობ-მეგობრები დედაჩემის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე რომ მეკითხებოდნენ; არ მომწონდა მათი გამომეტყველება, როცა ვუყვებოდი, მათი მზერა, რომელიც მეუბნებოდა, შე საბრალო, რა დღეში ხარო. ხოლო იმ ხალხზე, ვინც საჯაროდ აცხადებდა: "დედაჩემი, შეიძლება ითქვას, დავკარგე. ეს ქალი სულ სხვა ადამიანია, ის არ არის, ვინც მიყვარდა"... მათზე, უბრალოდ, ვბრაზდებოდი. მერე კი, თუ ამის საშუალება მქონდა, ვთხოვდი, მაქსიმალურად გამოეყენებინათ ჯერ კიდევ ცოცხალ მშობელთან გატარებული დრო, რადგანაც ახლო მომავალში ძალიან მოენატრებოდათ - არა მარტო ჯანმრთელები, არამედ სწორედ ასეთები, ბავშვებად ქცეული მოხუცები, რომლებიც ვერ ხვდებიან, რატომ შეიცვალა მათი ცხოვრება.
დემენციის თემის ყველაზე საზიზღარი ინტერპრეტაცია ჩემთვის მიჰაელ ჰანეკეს "სიყვარულია". სახელგანთქმულმა მიზანთროპმა გადაწყვიტა ჩვენი გულის აჩუყება და შეგვაცოდა მოხუცი ტრენტინიანის გმირი, რომელსაც თავისი საყვარელი ცოლის მოვლა უწევს. ამ ფილმში, რომელმაც კანის კინოფესტივალის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ კონკურსში გაიმარჯვა, თეატრალურობამ მთლიანად გაანადგურა კინო და აღაგზნო ყველა, ვისაც თეატრალური გამომსახველობითი საშუალებები მოსწონს კინემატოგრაფში, ანდა თამაშის ის სტილი, რომელსაც ჟან-ლუი ტრენტინიანი გვთავაზობს.
ფლორიან ზელერის ფილმის ყურება ზუსტად ამ წინათგრძნობით დავიწყე. პოპულარული დრამატურგის პიესა, რომელიც არაერთ ქვეყანაში დაიდგა დიდი წარმატებით, თავად ავტორმა გადაიღო, ანუ კინოში გამოუცდელმა კაცმა, რომელიც, სავარაუდოდ, ან სიტყვასა და დიალოგებზე გადაიტანდა ჩვენს ყურადღებას, ანდა თეატრალურ ხერხებზე, რომლებსაც, იმის გათვალისწინებით, რომ მთავარ როლს ფილმში დიდი მსახიობი ენტონი ჰოპკინსი ასრულებს, დაემატებოდა ახლო ხედები პერსონაჟების ემოციების გამოსახატავად. შესაბამისად, მივიღებდით იმას, რაც ათასჯერ ვნახეთ: "რა ცოდოა შვილი, რომელიც გაგიჟებულ მამას უვლის"... მაგრამ ეს მოლოდინი არათუ არ გამართლდა, აღმოჩნდა, რომ "მამა" სრულიად ახალი რაკურსიდან ხსნის დემენციის თემას - რაც მთავარია, კინემატოგრაფიული რაკურსიდან: ამბავი აქ ვითარდება არა ოჯახის წევრის, არა შვილის, არა მომვლელის, არა ექთნის, არამედ თავად მოხუცის თვალით - ეს მან ვერ გაიგო, რა ხდება მის გარშემო, რა სჭირთ მის ახლობელ ადამიანებს, თორემ ჯანმრთელებსა და ახალგაზრდებს რა უჭირთ - მათ შესანიშნავად იციან საქმის ვითარება. რანაირად შეიძლებოდა გამოხატულიყო ხსოვნადაკარგული ადამიანის ხედვა, უფრო სწორად, რანაირად შეიძლებოდა გამოხატულიყო ხსოვნის დაკარგვა, როგორც პროცესი (ეტაპობრივად, თანდათან), თუ არა იმ საშუალებებით, რომლებიც კინემატოგრაფმა დააგროვა თავისი არსებობის მანძილზე? ოღონდ არ იფიქროთ, რომ ამ საშუალებებში მხოლოდ ხმას, კამერის მოძრაობას, მიზანსცენის სიღრმეს თუ მონტაჟს ვგულისხმობდე. მთავარი, რაც არ დაგავიწყდებათ, რაც ღრმად აღიბეჭდება თქვენს ცნობიერებაში ფილმის დასრულების შემდეგ, ეს მსახიობია, ოღონდ კინომსახიობი, ადამიანი, რომელიც ცხოვრობს ეკრანზე და იმდენად შეზრდილია თავის გმირში, რომ ხანდახან გვაშინებს კიდეც. ესაა ენტონი ჰოპკინსი - დიდი არტისტი, რომელიც "ოსკარით" რომ არ დააჯილდოონ, კინოაკადემიკოსები ამ ცოდვას ვეღარაფრით გამოისყიდიან მომავალში.
მას უცნაური მზერა აქვს, ჰოპკინსის გმირს. ყველამ, ვისაც დემენციან მოხუცებთან ერთად გვიცხოვრია, კარგად ვიცით ეს მზერა, რომელიც წამებში იცვლება - ერთ წამში შეშინებული, მეორეში გახარებული, მესამეში სევდიანი... ცრემლიანი თვალი და იმავე წუთში რაღაც სულელური ხუმრობა, რომელიც მზერას სულაც არ ხდის მხიარულს. მე არ ვიცი, როგორ თამაშობენ ამას მსახიობები ფლორიან ზელერის პიესაში ("მამა" არაერთი ქვეყნის თეატრში დიდი წარმატებით დაიდგა); არ ვიცი, როგორ შეიძლება მსახიობმა, რომელიც სცენაზე იმყოფება, სხეულით გამოხატოს მზერათა დინამიკა, გრძნობათა დიაპაზონი. ეს ყველაფერი რომ დაინახო, კინოს უნდა უყურო, არტისტის ახლო ხედს, რომელიც ამ სცენებში დრამატული ჟანრის ფილმს ჰორორად აქცევს. თუკი შეძლებთ და გაითავისებთ ჰოპკინსის გმირს და მართლაც მისი თვალით შეხედავთ გარემოს, პირველ რიგში კი, ფილმის სხვა პერსონაჟებს, მის ქალიშვილსა და მომვლელს, შეიძლება იგრძნოთ ჯოჯოხეთი, რომლის გავლა უხდება დემენციან ავადმყოფს. მას სწორედ იმიტომ ეცვლება განწყობილება, რომ დრო, სივრცე, ხსოვნა განუწყვეტლივ აწვალებს, სცილდება და ისევ უბრუნდება. ეს წამებაა! ჩვენ მოხუცი ადამიანის წამების მოწმენი ვხდებით. და, შესაბამისად, ჩვენც ვტოვებთ დროებით "სამყოფელს", რომელშიც ვცხოვრობთ - რეალურ დროს და სივრცეს. აი, ეს გვიჭირს ხოლმე, როცა დემენციან ავადმყოფს ვუვლით. ჩვენი სამყოფლის მიტოვება. ამიტომაც ვამბობთ მერე: "მამაჩემი ის კაცი აღარაა, რომელიც მიყვარდა!". ხოლო როცა მამა აღარაა, ვნანობთ და გვენატრება ისეთი, როგორიც თუნდაც ავადმყოფობის დროს იყო, გვენატრება მისი შეშინებული, ბავშვური მზერა. და ვბრაზდებით, ძალიან ვბრაზდებით ჩვენს თავზე.