Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაციის დაბადება


"ბრძოლა ალჟირისთვის" (1966, იტალია, რეჟისორი ჯილო პონტეკორვო)

სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი, როცა ჯილო პონტეკორვოს ამ ფილმის ქართულად დუბლირებულ ვარიანტს გადავეყარე ინტერნეტში. არ ვიცი, ვის გაახსენდა დავიწყებული შედევრი, რომელსაც დასავლური ცენზურაც კი შეეხო - კინოს ისტორიაში კოლონიალიზმის წინააღმდეგ გადაღებული ყველაზე ძლიერი ფილმი მონათლეს როგორც "ტერორიზმის პროპაგანდა" და საფრანგეთში თაროზე შემოდეს. სურათს გაუჭირდა მოხვედრა შეერთებული შტატების კინოეკრანებზეც, მიუხედავად იმისა, რომ პონტეკორვოს ფილმი “ოსკარის" 3 ნომინაციაზე წარადგინეს. ჰო, არ იფიქროთ, რომ ფილმი მაინცდამაინც საბჭოთა კავშირში მოეწონათ. კაცმა რომ თქვას, შეიძლებოდა მოსწონებოდათ და ეკრანებზე გამოეშვათ კიდეც, რომ არა პონტეკორვოს ბიოგრაფიის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - 1956 წელს ბუდაპეშტში საბჭოთა ტანკების შესვლის შემდეგ ჯილო პონტეკორვომ სკანდალით დატოვა იტალიის კომპარტია. სხვათა შორის, ფილმის ქართულად გახმოვანების მიზეზი შესაძლოა სწორედაც რომ ამ რეჟისორის ბიოგრაფია იყოს - ჯილო პონტეკორვო გვენათესავებოდა ქართველებს: მისი ძმის, ცნობილი ფიზიკოსის ბრუნო პონტეკორვოს, მეუღლე იყო როდამ ამირეჯიბი, ჭაბუა და ნათია ამირეჯიბის და.

მაგრამ ქართველებისთვის, განსაკუთრებით დღევანდელი ქართველებისთვის, "ბრძოლა ალჟირისთვის" სხვა მხრივაა საინტერესო:
ესაა ერთგვარი სახელმძღვანელო კოლონიალიზმთან ბრძოლაში, არამარტო რეალური სახე სამართლებრივი სახელმწიფოს იდეებით შენიღბული კოლონიალიზმისა, არამედ იმის ილუსტრაცია, თუ როგორი წარმატებით შეიძლება დასრულდეს ხალხის ერთიანობა დამპყრობლის წინააღმდეგ ომში, თუკი ადამიანებს ზუსტად ეცოდინებათ, რომ დამოუკიდებლობასა და თავისუფლებაზე უფრო მნიშვნელოვანი არც არაფერია ცხოვრებაში.

საინტერესოა, რომ პონტეკორვოს ფილმის დასრულებამდე 2 წლით ადრე ჯერ კუბის, შემდეგ კი საბჭოთა ხელისუფლებამ ღიად დაიწუნა და კრიტიკა არ დააკლო ფილმს, რომლის გადაღებას უზარმაზარი რესურსი მოხმარდა - მიხეილ კალატოზიშვილის "მე ვარ კუბას". აღმოჩნდა, რომ სურათში ანტიკოლონიური მოძრაობის ჩვენება მნიშვნელოვნად სჭარბობდა კლასთა ბრძოლის ამსახველ ეპიზოდებს. აქ ქალი ლექსს კითხულობს, მე კუბა ვარო. ანუ ფილმს ერთი გმირი ჰყავს - თავად კუბა, რომელსაც წლების მანძილზე ჩაგრავდნენ, ართმევდნენ, ავიწროებდნენ. ბოლოს და ბოლოს, კუბამ ხმა ამოიღო ჩაგვრის წინააღმდეგ. ამ ქალმა დაიწყო, ამ გამოგონილმა პერსონაჟმა, კადრს მიღმა რომ ლექსს კითხულობს, და მას ხალხი აჰყვა... ისევე როგორც დაიწყო ერთმა მეზღვაურმა "ჯავშნოსან პოტიომკინში", დაიწყო მატლიანი სუპის გამო და მას დაჩაგრული მეზღვაურები, შემდეგ კი ხალხი აჰყვა.

უნდა დაიწყოს ერთმა. ყველაზე "დაუნახავმა", ყველაზე უჩინარმა, მაგრამ ყველაზე დაჩაგრულმა. როგორც კი ის მიხვდება, რომ დამყრობელს ელარჯი კი არ უნდა აჭამო, არამედ უარი თქვა მონობაზე, მას მასავით დაჩაგრული ხალხი აჰყვება. სხვანაირად ბრძოლა არ გამოდის, რადგან დამპრობელი სასტიკია და ცბიერი... და რადგან ხალხი, უბრალოდ, დაიღალა და გადაეჩვია თავისუფლებისთვის ბრძოლას.

"ბრძოლა ალჟირისთვის" კვაზიდოკუმენტური ფილმია. პონტეკორვო ოსტატურად ახერხებს გათამაშებული წარმოადგინოს როგორც ქრონიკა (ფილმი-პოლემიკა პონტეკორვოსთან - ალჟირელი რეჟისორის, მოჰამედ ჰამინას, "ცეცხლოვანი დღეების ქრონიკა", კინოსენსაცია, რომელიც 1975 წელს კანის ფესტივალის "ოქროს პალმით" აღინიშნა - პირიქით, ქრონიკას აქცევს თეატრად, წარმოდგენად). ასეთი "დოკუმენტური რეკონსტრუქცია" ავტორის საკმაოდ ამბიციურ ამოცანას ისახავს - მას სურს მოგონილი ქრონიკით შეინახოს ისტორია, უფრო მეტიც, როგორც თავად აღნიშნავდა, წარმოგვიდგინოს "ნაციის დაბადების პროცესი", რომელიც საკმაოდ ხანგრძლივ პერიოდს მოიცავს - 1954 წლიდან 1962 წლამდე, როცა ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა. აქაც, ისევე როგორც ფილმში "მე ვარ კუბა", ყველაფერი იწყება კონკრეტულიდან, ალჟირის ნაციონალური განთავისუფლების ლიდერის, ომარ ალი ლა პაოინტეს, სახიდან. ალი 1954 წელს უმნიშვნელო დანაშაულისთვის დააკავეს. ციხეში მან ნახა, როგორ დასაჯა სიკვდილით ფრანგულმა სახელმწიფომ ალჟირული წინააღმდეგობის წევრი. უსამართლობისა და სისასტიკის ხილვამ თვალი აუხილა და ციხიდან გმოსვლის შემდეგ დაიწყო "ბრძოლა ალჟირისთვის" - სასტიკი, უკომპრომისო, რომელიც - და სწორედ ესაა ხაზგასმული პონტეკორვოს ფილმში - ფრანგულ სამოქალაქო საზოგადოებასაც კი არ დაინდობს. ალი ტერორისტად ცხადდება და ლიბერალური სახელმწიფო, ე.ი. ქვეყანა, რომელსაც სამართლებრივი სახელმწიფოს პრეტენზია აქვს, 1957 წელს ალჟირში პარაშუტისტების ბრიგადას გზავნის. მისი ხელმძღვანელობა საჯაროდ აცხადებს, რომ ტერორს უპასუხებს ტერორით და ინფორმაციის მოსაპოვებლად გამოიყენებს წამებას.

აქ ჯილო პონტეკორვოს ეპიკური ფრესკა მიმართულებას იცვლის, უფრო სწორად, ახალ კითხვას სვამს - თუკი მხოლოდ და მხოლოდ ახლად ორგანიზებულ, გამოუცდელ, ღარიბ ძალას დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის პროცესში ბრალი ედება სისასტიკესა და ტერორიზმში, ვინ მოსთხოვს პასუხს ძლიერ და მდიდარ სამართლებრივ სახელმწიფოს, რომლის ხელისუფლება დანაწევრებულია, რომელსაც აქვს სასამართლო, პარლამენტი, თავისუფალი მედია, მაგრამ ხალხის ნებას ებრძვის ტერორით, ადამიანის უფლებების დარღვევით, წამებით. და ეს არაა მხოლოდ საფრანგეთის ხელისუფლების პოლიტიკა ალჟირის ომში. ესაა პოლიტიკა, რომელიც მუდმივად მეორდება მეოცე საუკუნეში - ადამიანთა თვითგამორკვევის უფლებას სახელმწიფო ტერორით ებრძვის, სახელმწიფო თავად ხდება ტერორისტი.

დიახ, სწორედ ჯილო პონტეკორვოს ფილმის ნახვას გთავაზობთ ჩემი თაობისთვის ამ ძალიან მნიშვნელოვან აპრილის დღეებში. პატარა გოგონები შეეწირნენ საქართველოს დამოუკიდებლობას. არავინ იცოდა მათი სახელი მანამდე. საქართველოს მსხვერპლი დასჭირდა ტერორისტ კოლონიზატორებთან საბრძოლველად. ძალიან ბევრი მსხვერპლი. შეიძლება ზედმეტი მსხვერპლიც. და არა, უბრალოდ, დაკარგული ტერიტორიები. დრომ გვიჩვენა და აგერ, პონტოკორვოს შედევრმაც გვიჩვენა, რომ ტერორისტ სახელმწოფოსთან ბრძოლა "თეთრი ხელთათმანებით" არ გამოდის, არც მხოლოდ საზოგადოების ერთ, "პატრიოტად" (თუ "ნაციონალისტად") მონათლულ ნაწილს შეუძლია ამ ბრძოლის წარმატებით დასრულება, თუკი ამ ხალხს ის უჩინარი და უსახო მიმტანები არ შეუერთდებიან, რომლებიც მორჩილად ასრულებენ თავიანთ სამუშაოს, ემსახურებიან კოლონიზატორს, იმისათვის რომ თავი გადაირჩინონ.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG