გუშინ კი სოციალურ ქსელში დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა
ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის
დირექტორმა თეა გოდოლაძემ გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე მეწყრისგან გაჩენილი ნაპრალი ამოვსებულია.
ფეისბუკის აუდიტორიის ნაწილისთვის გაუგებარი იყო, რა სახის მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოები მიმდინარეობდა და რატომ „აავსეს
მიწით” მეწყრის ნაპრალი.
„მეგონა, “ღადაობდნენ”, ქვიშით და ღორღით ამოვავსოთ ნაპრალიო, მერიის საბჭოზე როდესაც განიხილავდნენ საინჟინრო გადაწყვეტილებას (ხმები გამოდიოდა, პატარაა თბილისი და გარეთ ერთმანეთს დასცინოდნენ). მეჩვენება თუ ?! მიწით შეავსეს? სკოჩი რომ დაგვხვდეს გადაკრული ზედ, მართლა აღარ გამიკვირდება”, - წერს გოდოლაძე ფეისბუკზე.
რადიო თავისუფლებასთან საუბარში თეა გოდოლაძე ამბობს, რომ ეჭვობს, ეს სწორი გადაწყვეტილება იყოს, რადგან ნაკლებად სანდოა ისეთი სამუშაოები, რომლებიც წინასწარ საინჟინრო შესწავლას და მეცნიერულ მოდელირებას არ ეყრდნობა.
„როცა ვიცი, რომ ერთი ნახაზიც არ ყოფილა, ერთი კვლევა არ ყოფილა და ყოველგვარი პროექტის გარეშე მოხდა დაანკერება და ტრაქტორებს თურმე ხელი შეუშალა ნაპრალმა და რაც მოხსნეს წინ, უკან ჩაყარეს - თუ ეს შველის სიტუაციას, არ ვიცი. შეიძლება ვცდები და ისე მაგრად აკეთებენ საქმეს, რომ კვლევა არ სჭირდებათ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი ეჭვები“, - განაცხადა თეა გოდოლაძემ.
მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებს, რომლებიც ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე მიმდინარეობს, კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტი” ხელმძღვანელობს. კომპანიის დამფუძნებელი პაატა ტრაპაიძე რადიო თავისუფლებას უხსნის, რომ 1 აპრილიდან დაწყებული გადაუდებელი სამუშაოების შედეგად, ქართველმა ინჟინრებმა მეწყრის მოძრაობა დროებით შეაჩერეს. მისი განმარტებით, პირველი ნაბიჯი იყო, როცა ფერდობის წინა ნაწილი მოჭრეს და მიწის ეს მასა შემაკავებელ წინაღობად გამოიყენეს.
„120 000-კუბიანი მასა ერთდროულად მოდიოდა... ვაშლიჯვრისკენ.
[მეწყრის] ზედა ნაწილი მოიხსნა, რის შედეგადაც 5 მეტრით დაიწია [მიწის სიმაღლემ]”, - ამბობს იგი.
მოჭრილი ფერდის ზღვარზე 80-მდე 20-მეტრიანი ჭაბურღილი გაიჭრა და ცემენტით ამოივსო. „წყალ-ცემენტის ხსნარი აძლიერებს ხახუნს და
მეწყრის სრიალის საშუალებას ამცირებს, რაც ანელებს პროცესს“, - ამბობს პაატა ტრაპაიძე.
სულ ბოლო ეტაპზე კი მეწყრის ნაპრალი წებოვანი თიხით შეივსო.
„სოციალურ ქსელში ქილიკობდნენ ამ ნაპრალზე. ჩვენ წებოვანი თიხით
ამოვავსეთ ნაპრალი, პრევენცია გავაკეთეთ, ძლიერი წვიმის დროს
დამატებითი წყლები რომ არ ჩავიდეს”, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან პაატა ტრაპაიძე.
არსებობს თუ არა რაიმე პროექტი, კვლევა ან დოკუმენტი, რის
საფუძველზეც შესრულდა კონკრეტული სამუშაოები - ამ
კითხვაზე კომპანიის დირექტორის პასუხია, რომ ბევრ რამეში დოკუმენტი არ არის საჭირო.
„გადაუდებელ სიტუაციას წინასწარი დასკვნები არ სჭირდება. დასკვნა
უკვე არსებობს, რომ ეს არის მეწყერი, არის მცოცავი, ჩვენ ვიცით, რომ
მარტის განმავლობაში მოძრაობდა 3-4 სანტიმეტრის, ამიტომ ვერ დაველოდებოდით, როგორ დააზიანებდა [მეწყერი] მილებს“, - ამბობს
„კავკასუს როუდ პროჯექტის” წარმომადგენელი.
მისი თქმით, კომპანია საკუთარ გამოცდილებას, გერმანელი ინჟინრების რეკომენდაციებსა და პროფესიულ რესურსებს დაეყრდნო გადაუდებელი გეგმის შემუშავებაში.
„გერმანელებმა თვითონ გვირჩიეს ცემენტაცია. ჩემთვის ახალი იყო ეს,
მაგრამ მათ მიგვითითეს, რომ ჩვენ საკმაო გამოცდილება გვაქვსო და როცა ბლოკური მეწყერია, კარგად მოქმედებსო, და გაამართლა, მეწყერი 4 დღეა გაჩერებულია. გერმანელები, ქართველებისგან განსხვავებით, სამდღიანი ვიზიტის შემდეგ არ წერენ დასკვნებს. აქ იყო ურგენტული სიტუაცია, ანუ ჩვენ ეს ჩავატარეთ გადაუდებელ ღონისძიებად. იქ გადის სამი წყლის დიდი მილი, რომელსაც მოადგა მეწყერი და საშიშროება იყო მილების დაზიანების, ამიტომ რაღაც უნდა მოგვემოქმედა, რომ მილები გადაგვერჩინა”.
კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, 2-3 დღეში დასრულდება დროებითი სამუშაოები, 20 რიცხვამდე მონიტორინგის სისტემების მეშვეობით დააკვირდებიან, ისევ ხომ არ ამოძრავდება მეწყერი და შემდეგ გრძელვადიანი შეჩერების გეგმა შედგება. მონაცემების შეგროვების შემდეგ იგეგმება 400-450 ცალი 25-მეტრიანი ანკერის დაყენება, რომლებიც, ტრაპაიძის თქმით, მიწის მცოცავ მასას დიდი ხნით გააჩერებს.
ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე მიმდინარე მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოებთან დაკავშირებით ქალაქის მერმა, კახა კალაძემ, ფეისბუკ ლაივის მეშვეობითაც ილაპარაკა და „კავკასუს როუდ პროჯექტის” ხელმძღვანელთან ერთად ადგილზე დაათვალიერა გამაგრებითი სამუშაოების პროცესი.
„საბოლოო სტაბილიზაცია არასდროს ხდება. ჩვენ ვაჩერებთ [ცოცვას], რაც არ უნდა წვიმები იყოს. ჩვენ ვტოვებთ ხანგრძლივი პერიოდის
განმავლობაში მონიტორინგის სისტემას და როგორც კი რამე მოძრაობა იქნება, გატარდება დამატებითი ღონისძიებები, რომ მოხდეს
სტაბილიზაცია. დღევანდელი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, როგორ შეიცვლება, არავინ იცის, რისკის ალბათობა კი არის მინიმალურად დაყვანილი”, - ამბობს პაატა ტრაპაიძე.