იქნება თუ არა საქართველოში მესამე „ლოქდაუნი“, მაშინ, როდესაც ბოლო დღეებია ქვეყანაში ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი მატულობს? ამ კითხვაზე, ჯერჯერობით, ზუსტი პასუხი ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლებს არ გაუციათ. თუმცა, მოლოდინი იმისა, რომ ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მესამე ტალღა წამოვა, ჯანდაცვის უწყებების პირველ პირებს, როგორც ჩანს, აქვთ.
თან იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გასული კვირის მონაცემით, საქართველოში „ბრიტანული შტამის“ 50-მდე შემთხვევა იყო დაფიქსირებული, მესამე „ლოკდაუნის“ ალბათობა კიდევ უფრო იზრდება.
თუმცა, სანამ ქვეყანა მორიგ „ლოკდაუნამდე“ მისულა, მანამდე, ჯანდაცვის სფეროს პირველი პირები, ეპიდემიის მესამე ტალღას აანონსებენ.
ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, 26 მარტს თქვა: „ჩვენ ახლა ვიმყოფებით უკვე იმ ფაზაში, როდესაც, შეიძლება დავარქვათ, რომ ეს არის გარკვეულწილად დასაწყისი მესამე ტალღის“.
იმავე დღეს თქვა რამდენიმე სიტყვა მოსალოდნელ მესამე ტალღაზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემაც: "თუ ისევ მოვეშვებით, როგორც ეს გავაკეთეთ გასული წლის ივლის-აგვისტოში და ვიტყვით, რომ აი, ქართველები მაგრები ვართ და დავამარცხებთ კოვიდპანდემიას, მაშინ, რა თქმა უნდა, მესამე ტალღა, დიდი ალბათობით, იქნება".
ბოლო დღეებში, ქვეყანაში ინფიცირების ე.წ. დადებითობის მაჩვენებელი მომატებულია. 30 და 31 მარტს დღიური შემთხვევების რაოდენობამ 600-ს გადააჭარბა, რაც 16 თებერვლის შემდეგ ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი იყო.
საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ მკვლევართა ჯგუფის გამოკვლევის თანახმად, რომელიც 23 მარტს გამოქვეყნდა, დაფიქსირდა COVID-19-ის ახალი დადასტურებული შემთხვევების კუმულაციური რაოდენობის (14-დღიანი პერიოდისთვის) ზრდა. გაიზარდა ტესტირების პოზიტიურობის საშუალო 7-დღიანი მაჩვენებლი. ერთის ზევით ავიდა ვირუსის აქტიური რეპროდუქციის მაჩვენებელიც.
და ეს იმ ფონზე, როდესაც უკანასკნელი მონაცემებით, ქვეყანაში, პირბადის ტარების მაჩვენებელი 70%-იანი ნიშნულიდან 43%-ზე დავიდა.
ყველა ამ მონაცემის გათვალისწინებით, დარგის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ქვეყანა რეალურად დგას ვირუსის გავრცელების მესამე ტალღის საშიშროების წინაშე, რაც გამოიწვევს შემხვედრი შეზღუდვების დაწესებას და მეტიც, არ არის გამორიცხული, რომ ქვეყანა მესამე „ლოკდაუნის“ პირისპირ აღმოჩნდეს, რაც ისედაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, გამანადგურებელი დარტყმა შეიძლება აღმოჩნდეს მთლიანად ეკონომიკის, ბიზნესისა და მოქალაქეების უდიდესი ნაწილისათვის.
„მესამე „ლოქდაუნის“ თავიდან ასაცილებლად“ - ასე ჰქვია პეტიციას, რომელიც პირველ აპრილს, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და ჯანდაცვის სამუშაო ჯგუფის ინიციატივით გავრცელდა. ეს არის ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტთა, ექიმთა და ბიზნესის ერთობლივი პეტიცია, რომლის ხელმომწერნიც მიიჩნევენ, რომ დღეს, ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებისა და ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, გადაუდებელია, რომ მთავრობამ გაატაროს შემდეგი ღონისძიებები:
- დაიწყოს ფართომასშტაბიანი და განსხვავებული სამიზნე ჯგუფებზე გათვლილი, სისტემური და ინტენსიური საინფორმაციო კამპანია COVID-19 ინფექციის საშიშროებასა და საპასუხო ქმედებების აუცილებლობაზე (პირბადის ტარება, სოციალური დისტანცირება) ხაზგასმით;
- მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაასაბუთოს მოქმედი რეგულაციების გავლენა ინფექციის გავრცელების კონტროლზე და უზრუნველყოს იმ მოქმედი რეგულაციების თანმიმდევრული აღსრულება, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა აქვს ინფექციის გავრცელების შეკავებისთვის.
პეტიციის ერთ-ერთი ხელმომწერი, მედიცინის დოქტორი, ჯანდაცვის პოლიტიკის სპეციალისტი, სერგო ჩიხლაძე, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სანამ ქვეყანას ვირუსის გავრცელების ნახტომისებური მაჩვენებლისთვის არ მიუღწევია, რაც მესამე „ლოკდაუნის“ გამოცხადების მიზეზად შეიძლება იქცეს, აუცილებელია, რომ სახელმწიფომ მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში წარადგინოს დეტალურად გაწერილი პანდემიის მართვის 2021 წლის გეგმა:
„თვეებია ვამბობთ, რომ აუცილებელია ვიცოდეთ და აუცილებელია გვქონდეს კარგად გათვლილი სამოქმედო გეგმა, როგორც ეკონომიკის, ისე ჯანდაცვის მიმართულებით, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს დაფუძნებული მტკიცებულებებზე, მონაცემებზე. რატომ ავტეხეთ ახლა „განგაში“? იმიტომ, რომ თუკი შემთხვევები გაიქცევა, სამწუხაროდ, ხელისუფლებას ყველაზე იოლ გამოსავლად ქვეყნის ჩაკეტვა, „ლოკდაუნის“ გამოცხადება მიაჩნია, მაშინ, როდესაც შეგვიძლია ამის თავიდან აცილება, თუკი ჯანდაცვის სისტემა მომზადებული იქნება, თუკი გაწერილი იქნება მკაცრი კრიტერიუმები, რა ვითარების დროს, როგორ ვიქცევით და ა.შ. სამწუხაროდ, დღეს ეს არ ჩანს და ასეთ სიტუაციაში, ხელისუფლებას რჩება ერთადერთი გზა, ისევ „ლოკდაუნი“. ეს კი საბოლოოდ ჩამოშლის ეკონომიკას, ჯანდაცვას და წლები ვეღარ გამოვალთ ამ მდგომარეობიდან, არა თუ წინ წავალთ. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ სასწრაფოს შეიმუშავოს პანდემიის მართვის გეგმა, რათა მომავალ ტალღებს შევხვდეთ მკაცრად გაწერილი კრიტერიუმებით, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მონაცემებით და რაც მთავარია, ალგორითმით, როდის, რას ვაკეთებთ, როგორ ვიქცევით“.
პეტიციას აწერს ხელს რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი ანი ქავთარაძეც. ის ფიქრობს, რომ დღეს, ისევე, როგორც გასული ერთი წლის განმავლობაში, უაღრესად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს, ჯანდაცვის სექტორის, ბიზნესისა და საზოგადოების კოორდინირებული მუშაობა, რათა მაქსიმალურად მოხდეს მოქალაქეების დროული ინფორმირება მოსალოდნელ საფრთხეებზე, რომელიც უკავშირდება როგორც ჯანმრთელობის, სიცოცხლის უფლებას, ისე, ეკონომიკური მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესებას. ამ თვალსაზრისით ანი ქავთარაძე, განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს ვაქცინაციის მნიშვნელობაზეც:
„ჩვენ სულ ვლაპარაკობთ დაგვიანებულ კამპანიებზე, ინფორმაციის ნაკლებობაზე. ახლა, კიდევ ერთხელ გვაქვს მცდელობა, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს პოპულაციური იმუნიტეტის შექმნა, რათა თავიდან ავიცილოთ ჰოსპიტალურ სექტორზე დაწოლა და რაც ყველაზე მთავარია, თავიდან ავიცილოთ სიკვდილიანობის ის მაჩვენებელი, რომელიც ჩვენ უკვე ვნახეთ შემოდგომასა და ზამთარში, რომლის შედეგსაც დღემდე ვიმკით და დღესაც, ყოველდღიურად, ჯერ ისევ 10-ის ფარგლებში გვაქვს გარდაცვალების მაჩვენებელი. შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ბოლო დღეებში ვხედავთ ინფიცირების შემთხვევების მატებას, რაც არ არის გამორიცხული, რომ განპირობებული იყოს ახალი შტამითაც, ჩვენ დადასტურებულად გვაქვს ინფორმაცია, რომ „ბრიტანული შტამი“ უკვე ცირკულირებს საზოგადოებაში, რომელსაც ახასიათებს მაღალი გადამდებლობა, ინფიცირების მაღალი სიხშირე, რაც შემდგომში გვიქმნის იმის რისკს, რომ გაცილებით მეტი ადამიანი გვეყოლება ინფიცირებული, შესაბამისად, გვეყოლება მეტი მძიმე და კრიტიკული პაციენტი და სამწუხაროდ, მეტი გარდაცვლილიც“.
პეტიციის ხელმომწერები აცხადებენ, რომ ეპიდემიის შეკავების ეფექტიანი გზა ვაქცინაციაა, თუმცა, იმასაც ამბობენ, რომ ვაქცინაციისადმი საზოგადოებრივი ნდობის დაბალი მაჩვენებელი, „მთავრობის უმოქმედობის შედეგია“. მათი თქმით, იმუნიზაციის შესახებ შესაბამისი საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია ჯერ კიდევ შემოდგომიდან უნდა დაწყებულიყო, როდესაც საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებმა აცრებისადმი საზოგადოების უნდობლობის მაღალი დონე აჩვენა.
ვახტანგ კალოიანი, „ნიუ ჰოსპიტალსის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ახლა აუცილებელია, ქვეყანაში დაიწყოს მიზანმიმართული, ჯგუფებზე ორიენტირებული საინფორმაციო და საგანმანათლებლო კამპანია, რათა დარწმუნდნენ მოქალაქეები ვაქცინის უსაფრთხოებასა და სარგებელზე:
„ვერანაირი იძულება ჩვენ ამ მიზანთან ვერ მიგვიყვანს, თუ ჩვენს მოქალაქეებს არ მივეცით ინფორმირებული და გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების საშუალება. პირველ რიგში, ეს არაეთიკური და შემდეგ, არაეფექტურია. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ მოქალაქეები, რომ ვაქცინა უსაფრთხოა, ვაქცინა ეფექტურია, არ იწვევს იმ გვერდით მოვლენებს, რაზეც ვრცელდება მითები, რომ თითქოს ვაქცინა გამოიწვევს ონკოლოგიურ დაავადებებს, შეცვლის ჩვენს გენეტიკურ კოდს, იმოქმედებს შვილოსნობაზე. საზოგადოებას მარტივ, მათთვის გასაგებ ენაზე უნდა მივაწოდოთ მეცნიერულ საფუძვლებსა და კვლევებზე დამყარებული უტყუარი ცნობები“.
ვახტანგ კალოიანი სხვა იმ გადაუდებელ ღონისძიებებსაც ჩამოთვლის, რომლებმაც ქვეყანას მესამე „ლოკდაუნი“ უნდა ააცილოს თავიდან:
„ახლა მნიშვნელოვანია ნიღბის ტარება. ახლა მნიშვნელოვანია დიდი თავყრილობებისაგან თავის შეკავება. ახლა მნიშვნელოვანია ეპიდემიოლოგიური ღონისძიებების გატარება. ანუ კონტაქტების კვლევა და მათი იზოლაცია. ეს არის ერთ-ერთი ძლიერი იარაღი ეპიდემიასთან ბრძოლის. ახლა აუცილებელია ლაბორატორიული კვლევების კიდევ უფრო გაფართოება. ამ ღონისძიებებმა უნდა უზრუნველყონ როგორც ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, ისე, კრიტიკული პაციენტების სიმცირე და ქვეყნის ეკონომიკის ნორმალურად ფუნქციონირების საშუალება“.
ის, რომ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება ეპიდემიოლოგიურ სურათს შეცვლიდა, ამის მოლოდინი დარგის სპეციალისტებს ისედაც ჰქონდათ. ახლა, როდესაც, პირველი აპრილიდან, კიდევ უფრო მსუბუქდება შეზღუდვები, მათ შორის, იხსნება, კინოდარბაზები, თეატრები და საბავშვო გასართობი ცენტრები, პეტიციის ხელმომწერები თვლიან, რომ გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს, აქტიური, ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის წარმოება, როგორც ვირუსისგან მომდინარე საფრთხეების შესახებ, ისე ინფიცირებისგან დამცავ ეფექტურ ღონისძიებებზე, იქნება ეს პირბადის მოხმარება, სოციალური დისტანცია თუ ვაქცინაცია.
შეგახსენებთ, 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე, ქვეყანაში 282 260 ადამიანი დაინფიცირდა კორონავირუსით. მათგან 273 604 გამოჯანმრთელდა, 3785 გარდაიცვალა.
პირველი „ლოკდაუნი“ საქართველოში გასული წლის მარტში გამოცხადდა. დაწესებულმა შეზღუდვებმა რამდენიმე თვეს გასტანა და ივნისის დასაწყისიდან, ეტაპობრივად მოიხსნა.
მეორე ფართომასშტაბიანი შეზღუდვა, ქვეყანაში ნოემბრის მიწურულს გამოცხადდა. როგორც პირველი „ჩაკეტვისას“, ამ შემთხვევაშიც დაიხურა სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები, სასწავლო პროცესმა ონლაინ-რეჟიმში გადაინაცვლა. გაჩერდა როგორც საქალაქთაშორისო, ისე მუნიციპალური ტრანსპორტი. დაიხურა სპორტული დარბაზები.
ბოლო კვირებია, ევროპის ქვეყნების ნაწილი მორიგ „ლოკდაუნს“ აცხადებს. ერთ-ერთ მთავარ მიზეზად, COVID19-ის მუტირებული ვერსია, ე.წ. „ბრიტანული შტამი“ სახელდება, რომელიც გადადების მაღალი მაჩვენებლითა და ბოლო გამოკვლევების თანახმად, სავარაუდოდ, ავადმყოფობის ხანგრძლივი პერიოდით ხასიათდება. ევროპაში „ბრიტანული შტამი“ ნელ-ნელა ანაცვლებს კორონავირუსის ე.წ. უჰანურ ვერსიას და დომინანტურ პოზიციებს იკავებს.