Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

12 კითხვა რომელსაც covid 19 -ის ვაქცინაციამდე დაგისვამენ -  გაეცანით კითხვარს    


საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო და მას შემდეგ, 31 მარტის მონაცემებით, აცრილია 6757 ადამიანი - სამედიცინო პერსონალი და 65 წელს გადაცილებული პირები. 5 აპრილიდან ვაქცინის გასაკეთებლად რეგისტრაცია 55 წელს გადაცილებულებსაც შეეძლებათ. დღეს ვაქცინაცია მიმდინარეობს „ფაიზერითა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინებით, უახლოეს პერიოდში კი ჩინური ვაქცინა „სინოფარმიც“ შემოვა.

6757-მა ვაქცინირებულმა აცრამდე შეავსო COVID-19 ვაქცინაციის წინა შეფასების კითხვარი, იმავე კითხვებზე უნდა უპასუხოთ თქვენც, თუკი ვაქცინირებას გადაწყვეტთ.

რას გვეკითხებიან იმუნოლოგები?

აცრაზე შესვლისას დაგისვამენ 11-12 კითხვას, ყველა მათგანზე პასუხის სამი ვარიანტია: კი, არა, არ ვიცი.

1. დღეს თავს ცუდად ხომ არ გრძნობთ?

[ვაქცინას დროებით ვერ გაიკეთებთ, თუ ავად ხართ და ტემპერატურა 38,50C-ზე მეტია]

2. გაკეთებული გაქვთ თუ არა კოვიდის ვაქცინა?

თუ პასუხია „დიახ“, რომელი ვაქცინით.

Pfizer / BioNTech

Moderna

AstraZeneca/Oxford

სხვა (მიუთითეთ) _

[კოვიდის ვაქცინებს შორის მნიშვნელოვანია დაცული იყოს დროის გარკვეული შუალედი. მაგალითად: „ასტრაზენეკას“ 2 დოზა 4- 12 კვირის შუალედით უნდა გაკეთდეს. „ფაიზერის“ ვაქცინაციებს შორის ინტერვალი 21-28 დღეა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინის მეორე დოზაც იმავე მწარმოებლის იყოს, რაც წინა.]

3. გქონიათ თუ არა ოდესმე ალერგიული რეაქცია ქვემოთ მითითებულ ალერგენებზე:

(მოიცავს მწვავე ალერგიულ რეაქციას [მაგ. ანაფილაქსია], რომელიც საჭიროებდა მკურნალობას ადრენალინით, ჰოსპიტალიზაციას. ასევე, ალერგიულ რეაქციას, რომელიც განვითარდა 4 საათში, გამოიწვია ჭინჭრის ციება, შეშუპება ან სუნთქვის გაძნელება, ხიხინი)

  • COVID-19 ვაქცინის კომპონენტზე, პოლიეთილენგლიკოლის (PEG) ჩათვლით, რომელიც გვხვდება ზოგიერთ მედიკამენტში, მაგალითად, საფაღარათო საშუალებებსა და კოლონოსკოპიის [მსხვილი ნაწლავის გამოკვლევა] პროცედურების პრეპარატებში.
  • პოლისორბატზე, რომელიც გვხვდება ზოგიერთ ვაქცინაში, კაფსულირებულ მედიკამენტებსა და ინტრავენურ სტეროიდებში
  • კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის წინა დოზაზე

4. ოდესმე გქონიათ თუ არა ალერგიული რეაქცია სხვა ვაქცინაზე (გარდა COVID-19 ვაქცინისა) ან რომელიმე საინექციო მედიკამენტების მიმართ?

(მოიცავს მწვავე ალერგიულ რეაქციას [მაგ. ანაფილაქსია], რომელიც საჭიროებს მკურნალობას ადრენალინით, ან გამოიწვია ჰოსპიტალიზაცია. მოიცავს ალერგიულ რეაქციას, რომელიც განვითარდა 4 საათში, გამოიწვია ჭინჭრის ციება, შეშუპება ან სუნთქვის გაძნელება, ხიხინი)

5. ოდესმე გქონიათ თუ არა მწვავე ალერგიული რეაქცია (მაგ., ანაფილაქსია) სხვა ალერგენებზე, გარდა COVID-19 ვაქცინისა, სხვა ვაქცინის ან ინექციური მედიკამენტის მიმართ?

( მოიცავს საკვებს, შინაურ ცხოველებს, გარემო ალერგენებს ან დასალევ მედიკამენტებს.)

6. ხომ არ მიგიღიათ რომელიმე ვაქცინა ბოლო 14 დღის განმავლობაში?

საქართველოს კანონით, „COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის მიხედვით, ნებისმიერ სხვა აცრასა და COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინით აცრას

შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს14 დღე (გამონაკლისია

ანტირაბიული [ცოფის საწინააღმდეგო] პროფილაქტიკა, რომელიც ტარდება ინტერვალის დაცვის გარეშე.

7. ბოლო 4 თვის მანძილზე გქონიათ თუ არა დადებითი ტესტი COVID-19– ზე, ან ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ COVID-19?

თუკი გადატანილი გაქვთ COVI-19 და ინფექციის დიაგნოზის დასმიდან 120 დღე, ანუ 4 თვე, არ არის გასული, ვერ აიცრებით და აცრის გადაწევა მოგიწვთ.

8. მიღებული გაქვთ თუ არა COVID-19-ის მკურნალობისას პასიური ანტისხეულები (მონოკლონური ანტისხეულები ან გამოჯანმრთელებული ადამიანის პლაზმა)?

მონოკლონური ანტისხეულები ხელოვნურად შექმნილი დამცველობითი პროტეინია. სწორედ ანტისხეულების მეშვეობით ებრძვის ორგანიზმი ვირუსებს.
ვისაც მიღებული აქვს ის, როგორც COVID-19-ის მკურნალობის ნაწილი, ასეთ დროს ვაქცინაცია უნდა გადაიდოს სულ მცირე 90 დღით.

9. გაქვთ თუ არა სუსტი იმუნური სისტემა, რაც გამოწვეულია აივ ინფექციით ან სიმსივნით, ან იღებთ იმუნოსუპრესიულ [იმუნიტეტის დამთრგუნველ, შემასუსტებელ] მედიკამენტებს?

10. გაქვთ თუ არა სისხლდენისკენ მიდრეკილება ან იღებთ სისხლის გამათხელებელ მედიკამენტებს?

11.ორსულად ხომ არ ხართ? ან მეძუძური დედა ხომ არ ხართ?

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ორსული ქალების ვაქცინაციას რეკომენდაციას არ უწევს, თუმცა, თუკი არსებობს კორონავირუსით ინფიცირების მომატებული რისკი (მაგალითად, სამედიცინო პერსონალი), ორსული ქალის ვაქცინაცია დასაშვებია, ოღონდ აუცილებლად ექიმთან კონსულტაციის შემდეგ

12.ხომ არ გამოგიყენებიათ კანის შემავსებლები („ფილერი“)?

ამ კითხვას უსვამენ მათ, ვინც Pfaizer- ით იცრება.

ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიხედვით, მათ, ვინც ხმარობს კანის შემავსებელ პრეპარატებს mRNA, ვაქცინამ შეიძლება [ძალიან იშვიათად] მცირედ შეაშუპოს ის ადგილები, სადაც ფილერი აქვთ გაკეთებული. შეშუპება დროებითია და მისი მკურნალობა სხვადასხვა საშუალებებით შეიძლება, მათ შორის კორტიკოსტეროიდული თერაპიით.

თუკი ჩამოთვლილი კითხვებიდან რომელიმეზე ან რამდენიმე მათგანზე დადებითი პასუხი გაქვთ, აუცილებლად არ ნიშნავს, რომ ვაქცინაცია არ ჩაგიტარდებათ. შესაძლოა, თქვენ დაგისვან დამატებითი კითხვები. მიღებული პასუხებით ექიმი აფასებს თქვენს მდგომარეობას, მომზადებულია შესაძლო გართულებებისთვის და, თქვენი მდგომარეობის შეფასებიდან გამომდინარე, წყვეტს, შეგიძლიათ თუ არა იმ დღეს გაიკეთოთ ვაქცინა.

ექიმი ვალდებულია მოგცეთ რჩევები გავრცელებული მსუბუქი რეაქციების სამართავად, ასევე შესაბამისი გადაუდებელი დახმარების ინსტრუქციები უფრო მძიმე სიმპტომების განვითარების შემთხვევაში.

  • 16x9 Image

    ანი ბურდული

    ანი ბურდული არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2016 წლიდან.

XS
SM
MD
LG