მას შემდეგ, რაც დასაქმების სააგენტომ გერმანიაში სეზონური დასაქმების მსურველებისთვის რეგისტრაცია დაიწყო, ასეთი 100 000-მდე ადამიანი გამოჩნდა. მათ პირობითად “მეორე” ეტაპზე გადასვლის იმედი აქვთ და დასაქმების სააგენტოდან ზარს ელოდებიან. წამსვლელების პირველი ნაკადი უკვე შერჩეულია და აპრილში გაემგზავრება კიდეც. იმის შესახებ, თუ ვინ რის მიხედვით შეარჩიეს და როგორი იქნება სააგენტოს შემდგომი ნაბიჯები, რადიო თავისუფლებას სსიპ დასაქმების სააგენტოს დირექტორი ნინო ველთაური ესაუბრა.
ქალბატონო ნინო, პირველ რიგში, ამ მომენტისთვის რამდენი ადამიანია დარეგისტრირებული პორტალზე და რამდენი ვაკანსიაა შემოსული გერმანიიდან?
ბოლო პერიოდში რეგისტრირებულთა რიცხვი მნიშვნელოვნად არ იზრდება. 97 436 ადამიანია სისტემაში რეგისტრირებული, ამ დროისთვის კი გერმანიიდან შემოსულია 467 ვაკანსია. ყველა [ვაკანსია] გაზაფხულის სეზონზე არ არის, უმეტესი ნაწილი ზაფხულის სეზონზეა - მოსავლის აღება, დახარისხება, შეფუთვა, დასაწყობება.
საქართველოდან დასაქმების ყველაზე მეტი მსურველი რომელი რეგიონიდან დაფიქსირდა?
თბილისი, აჭარა, შემდეგ იმერეთი და მერე უკვე სხვა რეგიონები.
გერმანიის რომელ ქალაქებში იმუშავებენ საქართველოს მოქალაქეები?
შტუდგარდი და ბრანდენბურგი, თუმცა არ გამოვრიცხავთ, რომ სხვა რეგიონიც დაემატოს.
შერჩევისას რას აქცევთ ყურადღებას?
გამოცდილება და გერმანული ენის ცოდნა - ეს არის ის საბაზისო, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატი. [ფერმერების] უმეტესობას მაინც სურს, რომ საბაზისო დონეზე ჰქონდეს დასაქმებულთან კომუნიკაცია, თუმცა ჯგუფში რამდენ ადამიანს ეცოდინება ენა, ეს უკვე დამსაქმებლის არჩევანია.
იმისთვის, რომ მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ კანდიდატებს სეზონურ სამუშაოზე, დაწყებული გვაქვს რეგიონებში ჯგუფური კონსულტაციები და შემდეგ ვთავაზობთ კონკრეტულ ვაკანსიას.
მაგალითად, გურიაში სამივე მუნიციპალიტეტში გვქონდა ჯგუფური კონსულტაციები. 470 ადამიანი მოვიწვიეთ, მათი 70 % კარგი გამოცდილების მქონე, 30 % გერმანული ენის მცოდნე [იყო]. გენდერული ბალანსი დავიცავით, ასაკობრივ ჯგუფებად დავყავით -18-29, 30-45, 45+ - და ალბათობის პრინციპით შევარჩიეთ ეს 470 ადამიანი, რომელთაგან მოვიდა, დაახლოებით, 60 %, მათგან კონკრეტულ ვაკანსიაზე აპლიკაციის შესავსებად - საერთო რაოდენობის 25 %.
კიდევ რომელ რეგიონებში გქონდათ შეხვედრები?
პირველი, ვისთანაც კომუნიკაცია გვქონდა, ეს იყო აჭარა. მოგეხსენებათ, იქ დიდი გამოცდილება აქვთ საზღვარგარეთ სოფლის მეურნეობის სფეროში მუშაობის. შემდეგ გადავედით გურიაში და შემდეგ ზემო იმერეთში, რადგან სამუშაო ადგილების დიდი საჭიროებაა, ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. ზემო იმერეთის რეგიონმა აჩვენა, რომ 5 მუნიციპალიტეტში ვისაც მოსაწვევი გავუგზავნეთ, 60 % მოვიდა ჯგუფურ კონსულტაციაზე. ახლა ინდივიდუალური აპლიკაციების შევსებას დავიწყებთ და ვნახოთ, როგორი აქტივობა იქნება.
შემდეგ ვაპირებთ მივმართოთ შიდა ქართლს, სამეგრელოს, სამცხე-ჯავახეთს და აპრილის თვეში ვგეგმავთ დავფაროთ მთელი საქართველო.
მაქსიმალურად ვეცდებით გამოცდილებისა და დასაქმების მსურველთა დაინტერესების თანაფარდობით, სამართლიანად გავანაწილოთ ვაკანსიების რაოდენობა.
პირველი ჯგუფი აპრილში უნდა გაემგზავროს გერმანიაში. რომელი რეგიონიდან არიან კანდიდატები შერჩეული და თუ ვიცით უკვე, რამდენი წავა სეზონურ სამუშაოზე?
ესენი არიან აჭარისა და გურიის რეგიონებიდან შერჩეული კანდიდატები - 25 ადამიანი. ახლა მიმდინარეობს კონტრაქტების გამოგზავნისა და საბუთების შეგროვების ეტაპი, გაფრენის თარიღიც ამაზეა დამოკიდებული. გეგმაშია წავიდეს 25-30 ადამიანი. 30 იმიტომ, რომ კიდევ ერთ დამსაქმებელთან გვაქვს შეთავაზება გაგზავნილი.
მას შემდეგ, რაც კონტრაქტები ჩამოდის და დასაქმების მსურველები თანხმდებიან პირობებს, უტარდებათ წასვლისწინა საორიენტაციო ტრენინგი. მერე უნდა აიღონ ჯანმრთელობის ცნობა, ჩაუტარდეთ კოვიდის ტესტი, აიღონ ნასამართლეობის ცნობა, შეავსონ გერმანიის სასაზღვრო დეპარტამენტის სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა, რაშიც ჩვენ ვეხმარებით, და შეიძინონ ბილეთები, რაზეც ასევე ვაწვდით ინფორმაციას, რომელ კომპანიას რა დროს და რა ფასად აქვს ბილეთები. გაფრენის ორგანიზება უკვე თავად უნდა შეძლონ და შემდეგ ადგილზე ხვდებათ დამსაქმებელი.
როდის დაკომპლექტდება შემდეგი ჯგუფები?
ივნისის თვიდან ძალიან აქტიურდება ვაკანსიები, შემდეგ შეიძლება უკვე რამდენიმე რეგიონიდან წავიდნენ, რადგან მეტი ვაკანსიაცაა და რეგიონებში ჯგუფური შეხვედრები უკვე ჩატარებული იქნება.
აპრილის თვეში მოხლოდ ერთ დამსაქმებელს ჰქონდა გამოგზავნილი მოთხოვნა.
თუ ადამიანმა კონკრეტულ ვაკანსიაზე უარი თქვა, ის ბაზაში აღარ რჩება, თუ დაუკავშირდებით, როდესაც მისთვის სასურველი ვაკანსია გამოჩნდება?
პირობითად, თუ ადამიანმა გამოთქვა სურვილი, რომ მხოლოდ მარწყვის კრეფა შეუძლია და სხვა კულტურებზე არ იმუშავებს, ამ შემთხვევაში დავეკონტაქტებით, როდესაც ასეთი ვაკანსია იქნება. შეიძლება ახლა არ უნდა ადამიანს წასვლა და, პირობითად, სექტემბრის თვეში თუ გამოჩნდება სამუშაო, მაშინ ურჩევნია... ჯერ ავსებენ ინდივიდუალურ სააპლიკაციო ფორმას, შემდეგ შესაფერისი ვაკანსიის გამოჩენისას ხდება მათთან დაკონტაქტება და სამსახურის მაძიებელი თუ თანახმაა, ვუგზავნით მონაცემებს დამსაქმებელს. ასეთი კონსულტაციები ყველა რეგიონში იქნება და, თან, რამდენჯერმე - იქამდე, სანამ ყველა რეგისტრირებულს არ დავფარავთ, რომლებიც აკმაყოფილებენ უცხო ენისა და გამოცდილების კრიტერიუმებს.
რა არის ის, რაც ჯგუფურ შეხვედრებზე ყველაზე ხშირად აინტერესებთ?
ხარჯები და შემოსავლები აინტერესებთ, სამუშაოს განაწილება და დატვირთვა, თუ შეიძლება, რომ იმაზე დიდხანს დარჩნენ, ვიდრე კონტრაქტითაა გათვალისწინებული. ვუხსნით, რომ 90 დღეზე მეტი შენგენის ზონაში არ შეიძლება, რომ საქართველოს მოქალაქე გაჩერდეს.
რაც შეეხება დაბეგვრის საკითხს, აქამდე ცნობილი იყო, რომ დასაქმებულის ხელფასი დაიბეგრებოდა საშემოსავლოს 5 % - ით. შემდეგ გაირკვა, რომ ზოგ შემთხვევაში 25 % ჩამოეჭრებათ ხელფასიდან. ვის ეხება ეს რეგულაცია?
ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც ჯგუფური კონსულტაციებისას განვიხილავთ. გერმანიის დაბეგვრის სისტემა ძალიან კომპლექსურია. 5% ეს არის საშემოსავლო, რომელიც ყველაზე დაბალი განაკვეთია და ეს ერგებათ სეზონურ მუშაკებს, თუმცა, თუ მოქალაქეები საქართველოშია არიან დასაქმებულები ან თვითდასაქმებულები (ინდმეწარმეები, მიკრო მეწარმეები) მაშინ ირთვება სოციალური დაზღვევის გადასახადი, რაც შეადგენს 20 %-ს. შესაბამისად, ამას ემატება საშემოსავლოს 5 % და, ჯამში, ვიღებთ ამ ციფრს.
მაგრამ თუ მოქალაქე არის სტუდენტი, პენსიონერი, დიასახლისი, მამასახლისი, მისი შემოსავალი იბეგრება 5 %-ით. წინასწარ ივსება სოციალური დაზღვევის გადასახადის ფორმა, იგზავნება გერმანიაში და იქიდან მოდის პასუხი, თუ რამდენი პროცენტი ჩამოეჭრება კონკრეტულ დასაქმებულს, 5 თუ 25 პროცენტი.
საცხოვრებელ პირობებს რაც შეეხება, წინასწარ თუ იციან, სად და რამდენ ადამიანთან იცხოვრებენ?
ერთ ოთახში შეიძლება ცხოვრობდეს 4-5 ან 6 ადამიანი. ქირის ფასი ეცოდინებათ წინასწარ. წინასწარ ვაფრთხილებთ, მოლოდინი არ ჰქონდეთ, რომ სასტუმროს დონის საცხოვრებელი იქნება, მაგრამ ეს იქნება მოწესრიგებული სუფთა გარემო, მით უმეტეს, რომ გერმანელ დამსაქმებლებს დიდი გამოცდილება აქვთ სეზონურ სამუშაოებზე ადამიანების დასაქმების.