Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მშვიდობიანმა პროტესტმა ვერაფერი მოიტანა“: რუსი აქტივისტები, სამშობლო რომ დატოვეს


ფოტოარქივი: რუსეთის პოლიცია საპროტესტო აქციის მონაწილეს აკავებს. მოსკოვი, 12 ივნისი, 2019 წ.
ფოტოარქივი: რუსეთის პოლიცია საპროტესტო აქციის მონაწილეს აკავებს. მოსკოვი, 12 ივნისი, 2019 წ.

„ორი წელიწადი საპროტესტო აქციებზე ვიარე. ვერაფერს მივაღწიეთ, გარდა დაკავების, ჯარიმების და დაპატიმრებისა, უთხრა რადიო თავისუფლებას რუსმა აქტივისტმა ურალიდან, რომელმაც, სხვა აქტივისტების მსგავსად, სამშობლო დატოვა.

რადიო თავისუფლება ესაუბრა სამ რუს ემიგრანტს, რომელთაგან ერთი საქართველოში ელის პოლიტიკურ თავშესაფარს.

მარტის ბოლოსკენ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, სერგეი ნავალნის, მომხრეებმა გამოაცხადეს, რომ აპირებენ მასობრივი საპროტესტო გამოსვლების მოწყობას ნავალნის განთავისუფლების მოთხოვნით. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ვლადიმირის ოლქში გადაიყვანეს, კოლონიაში, სადაც უნდა მოიხადოს სადავო სასჯელი, რომელიც, მისი მომხრეების თანახმად, პოლიტიკურად არის მოტივირებული. მისმა ადვოკატებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა შემაშფოთებელი გახდა.

„თუ კორუფციისა და რეპრესიების, პოლიტიკური მკვლელობების წინააღმდეგი ხართ, დაგვეხმარეთ ალექსეის განთავისუფლებაში“, - წერენ ისინი საგანგებოდ ამ პროექტისთვის შექმნილ საიტზე. - „ამის მიღწევის მთავარი გზა საზოგადოებრივი პროტესტია“, წაიკითხავთ იქვე.

სხვა არაერთ პრობლემასთან ერთად, რომლებიც ახლავს საზოგადოებრიობის მობილიზაციას, არის ისიც, რომ უფრო აქტიური რუსი მოქალაქეები წავიდნენ ქვეყნიდან, ბევრი უშიშროების სამსახურმა შეავიწროვა, ემიგრირებულებს შორის არიან ცნობილი რუსი აქტივისტები: ეკონომისტი კონსტანტინ სოინი, გარემოს დაცვის აქტივისტი ევგენია ჩირიკოვა, ჟურნალისტი ოლეგ კაშინი და ჭადრაკში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი გარი კასპაროვი.

თუმცა იგივე ხდება ადგილობრივ დონეზეც, მთელი ქვეყნის მასშტაბით. რადიო თავისუფლების რუსული რედაქცია ესაუბრა სამ აქტივისტს, რომლებიც კარგად არიან ცნობილი ურალის რეგიონში რუსეთში მათი საზოგადოებრივ საქმიანობაში გამოცდილებისა და გადაწყვეტილების გამო, დაეტოვებინათ სამშობლო.

რუსეთი მსოფლიოში მესამე ადგილზეა ემიგრანტთა რაოდენობის მიხედვით. 2019 წლის მონაცემებით, რუსეთის, დაახლოებით, 10.5 მილიონი მოქალაქე, ანუ მოსახლეობის, დაახლოებით, 7 პროცენტი, საზღვარგარეთ ცხოვრობდა.

1.5 მილიონზე მეტმა რუსმა დატოვა ქვეყანა 2000 წელს, ვლადიმირ პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. ემიგრაციის ტემპი გაიზარდა მას მერე, რაც პუტინი მესამე საპრეზიდენტო ვადით დაბრუნდა 2012 წელს.

„ყოველთვის ვგრძნობდი საფრთხეს“

ოცდაოთხი წლის იური იზოტოვი ეკატერინბურგის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლიბერალი აქტივისტი იყო და ახლა ის ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოლიტიკური ემიგრანტია.

იური იზოტოვი
იური იზოტოვი


2014 წლის გაზაფხულზე იზოტოვმა - ყოფილი ვიცე-პრემიერის, ბორის ნემცოვის მიერ ჩამოყალიბებული პოლიტიკური პარტია „პარნასის“ წევრმა - დაიწყო აღმოსავლეთ უკრაინის ზოგიერთ ნაწილში სეპარატისტული კონფლიქტის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობა. ეს საპროტესტო გამოსვლები მალე გადაიზარდა პროტესტში, დემონსტრაციების დროს დაკავებული აქტივისტების გათავისუფლების მოწოდებით.

მიუხედავად იმისა, რომ ამ აქტიურობის გამო იზოტოვი სამართალდამცავთა ყურადღების ქვეშ აღმოჩნდა, მას მიაჩნია, რომ გარდამტეხი მომენტი მისთვის 2015 წლის მაისში დადგა, როცა ის პოლიციის ძალადობის წინააღმდეგ პროტესტის მთავარი ორგანიზატორი გახდა.

„ახლა წარმოსადგენად ძნელია, მაგრამ ეკატერინბურგის მთავრობამ დემონსტრაციის ნებართვა გასცა ზუსტად პოლიციის ნომერ მე-5 განყოფილების წინ, საკოს და ვანცეტის ქუჩაზე“, იხსენებს იზოტოვი. „დაახლოებით, 20-30 ადამიანი მოვიდა დროშებით, პლაკატებით და შეძახილებით: „პოლიცია! დაიცავი ადამიანის უფლებები!“ და „მატყუარა პოლიციელი ხალხის მტერია!“

რამდენიმე წუთში პოლიცია შენობიდან გამოვიდა დემონსტრაციის დასაშლელად. ხუთმა პოლიციელმა იზოტოვი გაიყვანა და მას ჯარიმა, 20 000 რუბლი ($365), დაუწესეს ვითომდა პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის გამო.

ამის შემდეგ, მისი თქმით, ის კრემლის მხარდამჭერი ხულიგნებისა და ადგილობრივი სახელისუფლებო მედიის დევნის ობიექტად იქცა. მას, ჩვეულებრივ, მოიხსენიებდნენ, როგორც „პროუკრაინულ აქტივისტს ეკატერინბურგიდან“.

2016 წელს მან რუსეთი დატოვა და უკრაინაში წავიდა.

„მე მძიმე განცდები მქონდა“, უთხრა მან რადიო თავისუფლებას. „ერთი მხრივ, ვერანაირ პერსპექტივას ვერ ვხედავდი რუსეთში სოციო-პოლიტიკური საპროტესტო აქტივობის გასაგრძელებლად. ორი წლის განმავლობაში აქტიურად ვმონაწილეობდი მშვიდობიან პროტესტებში, მაგრამ მშვიდობიან პროტესტებს არანაირი შედეგი არ მოჰქონდა დაკავებების, ჯარიმებისა და დაპატიმრებების გარდა“.

„მეორე მხრივ, მე ყოველთვის ვგრძნობდი, რომ რუსეთში საფრთხეში ვიყავი“, განაგრძო მან. „შეიძლება, მაშინ გავაზვიადე ეს ჩემი შეგრძნება, მაგრამ მეგონა, რომ უკრაინაში ახალი შესაძლებლობები მექნებოდა, რომ უფრო თავისუფალი ვიქნებოდი და უფრო გამოსადეგი. მაგრამ ამ მხრივ არაფერი გამოვიდა“.

2018 წლის თებერვალში იზოტოვი ანტისაომარ დემონსტრაციაში მონაწილეობდა რუსეთის ფედერალური სააგენტოს კიევის წარმომადგენლობის „როსსოტრუდნიჩესტვოს“ შენობის წინ. ის აღიარებს, რომ პროტესტის დროს მან ოთხი კვერცხი და საღებავის კონტეინერი ესროლა შენობას.

2018 წლის მარტში მოსკოვის სასამართლომ მას დაუსწრებლად წაუყენა ბრალი, რომლის მიხედვითაც, მას, შესაძლოა, 5-დან 10 წლამდე პატიმრობა მიესაჯოს. ახლა ის ფიქრობს, რომ, სავარაუდოდ, რუსეთში აღარასოდეს დაბრუნდება.

„როცა კიევში წავედი, ისეთი გრძნობა მქონდა, რომ რუსეთი უიმედო შემთხვევაა, იმიტომ რომ საპროტესტო მოძრაობამ არაფერი მოიტანა“, უთხრა მან რადიო თავისუფლებას. „ახლა გაორებული გრძნობა მაქვს. არსებობს იმედი, რომ ხალხი გამოვა ნავალნის დასაცავად. ერთი მხრივ, ვხედავ, რომ საპროტესტოდ გამოსული ხალხის რაოდენობა ძალიან მცირეა და ამ გამოსვლებს არ მოაქვს დადებითი შედეგი. ცოტათი იმედგაცრუებული ვარ, რადგან მეტს ველოდი“.

2019 წლის აპრილში - მას შემდეგ, რაც უკრაინაში ყოფნის კანონიერი ვადა ამოეწურა - იზოტოვი საქართველოში ჩავიდა. გასულ იანვარს მან პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა თბილისში.

„თუ საქართველოში თავშესაფარს არ მომცემენ, მაშინ რომელიმე სხვა ქვეყნის მოძებნა მომიწევს“, თქვა მან. „ყველაზე მეტად მენატრება მყავდეს ისეთი მეგობრები და ისეთი ხალხი, რომლებიც ჩემნაირად ფიქრობენ“.

„ვხედავდი, რომ საქმეები სულ უფრო და უფრო ცუდად მიდიოდა“

იაროსლავი, რომელმაც გვთხოვა მისი გვარი, უსაფრთხოებისათვის, არ გაგვემხილა, 41 წლის ფაბრიკის მუშაა ჩელიაბინსკის რეგიონის ქალაქ კოპეისკიდან.

ჩელიაბინსკი
ჩელიაბინსკი

იმედგაცრუებული იმით, რომ მისი ოჯახის ფინანსური პრობლემები ინფლაციასთან ერთად სულ უფრო იზრდებოდა, ის წლების განმავლობაში ფიქრობდა დაეტოვებინა რუსეთი. ის დაიღალა ქალაქის ჩამოშლილი ინფრასტრუქტურით - წყლის დაწყვეტით, ელექტრობის გათიშვით, გზებზე ორმოებით, ყველგან ჭუჭყითა და ნაგვით.

„მე ვერ ვხედავდი, რომ ქალაქის ხელისუფლებას რამის გაკეთება სურდა იმისთვის, რომ ხალხის ცხოვრება გაეუმჯობესებინა, და ყოველთვის ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ამ პრობლემებთან ბრძოლაში ვიყავი ჩაბმული“, იხსენებს იგი. „ვხედავდი, რომ საქმე სულ უფრო და უფრო უარესდებოდა. რაღაც უძირო ორმოში ყოფნის განცდა მეუფლებოდა“.

იაროსლავი და მისი ცოლი შეშფოთებული იყვნენ მათ ქალაქში, კოპეისკში, და მთელ რუსეთში შექმნილი ეკოლოგიური ვითარებით. მის საწარმოში არაერთი იყო ავად კიბოთი, ბევრს აწუხებდა გული. „ყველაზე საშინელი ისაა, რომ ბევრი საპენსიო ასაკამდეც ვერ აღწევდა“, ამბობს ის და ფიქრობს, რომ მასაც იგივე ბედი ელოდა.

საწარმოებს და მაღაროებს ამ რეგიონში კორუმპირებული ადგილობრივი ხელისუფლები უმაგრებდნენ ზურგს, ამტკიცებს იაროსლავი. მისი თქმით, თანხებს, რომლებიც გამონაბოლქვი მავნე ნივთიერებების დადგენას უნდა მოხმარებოდა, იპარავდნენ.
„მავნე აირს ღამე უშვებდნენ ხოლმე“, - გვიამბობს ის, -„დილით ადრე ქიმიური ნივთიერების სუნი იდგა, გული მერეოდა ხოლმე, ისე ყარდა ჰაერი. ღამის ოთხ საათზე გავუღვიძებივარ ბავშვის ხველას. სუნთქვა უჭირდა, თეთრდებოდა ხოლმე“.

მის უმცროს ბიჭუნას ასთმა დაუდგინეს.

პირველი დემონსტრაცია, რომელშიც იაროსლავი მონაწილეობდა, ჩელიაბინსკში შედგა. ეს იყო საპროტესტო გამოსვლა საპენსიო ასაკის გაზრდის შესახებ კრემლის გადაწყვეტილების წინააღმდეგ.

ის დააკავეს და 160 დოლარის შესაბამისი თანხა გადაახდევინეს ჯარიმის სახით. მას მეტის მოთმენა აღარ შეეძლო. ოჯახმა ყველაფერი გაყიდა, რაც გააჩნდათ და მექსიკაში გაემგზავრნენ.

მათ თავშესაფარი მოითხოვეს აშშ-ში და ერთ წელიწადში სტატუსი მიიღეს. ახლა ოჯახი საკრამენტოში, კალიფორნიაში, ცხოვრობს და საყოფაცხოვრებო ნივთების შეკეთებით მშვენივრად გააქვს თავი.

„რუსეთის დატოვებამდე“, ამბობს იაროსლავი, „ჩვენ რჩევა მივიღეთ საიმიგრაციო ადვოკატისგან, რომელმაც აგვიხსნა, რომ რუსეთის მოქალაქეთა უმეტესობა სხვადასხვა სტრუქტურების მხრიდან მუდმივ დევნას განიცდის და ვერც ხვდება ამას, რადგან ეს ნორმალური ჰგონიათ. მაგრამ, სინამდვილეში, ამ მოქალაქეთა უმეტესობას, ვინც ყოველდღიურობით ცხოვრობს, შეუძლია შეაგროვოს მტკიცებულება თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადის გაკეთებისთვის“.

„რუსეთში,ოფიციალურად, ახლაც გაქვთ აზრის გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ ამისთვის გდევნიან. გემუქრებიან, რომ ბავშვებს წაგართმევენ. სხვებს უთვალთვალებენ და მშვიდად ცხოვრების საშუალებას არ აძლევენ. სტუდენტი შეიძლება უნივერსიტეტიდან გააგდონ. ეს ყველაფერი დევნაა“.

„აქ ჩამოსვლიდან ერთ თუ ორ თვეში დამეწყო სიზმრები. ვხედავდი, ვითომ რუსეთში დავბრუნდით. წინააღმდეგობრივი გრძნობები მქონდა - ერთდროულად, თან ვითომ მიხაროდა, თან ვითომ იმედგაცრუებული ვიყავი. ვერ აგიწერთ ზუსტად ამ განცდას. კი, გამიხარდებოდა ახლობლების ნახვა, მაგრამ სამუდამოდ იქ აღარ დავბრუნდებით. აქ დამეუფლა ცხოვრებაში პირველად ის განცდა, რომელიც რუსეთში არასოდეს მქონია, - „კმაყოფილება“. საკრამენტო ქალაქია, სადაც არ ჩქარობ. როდესაც დილაობით იღვიძებ, ყველაფერი ძველებურად გხვდება: ფასები, კანონები, ხალხი“.

„თავიდან პოლიტიკისთვის თავის არიდება მსურდა“

ეკატერინბურგელი ჟურნალისტი ქსენია კირილოვა აშშ-ში 2014 წელს გადასახლდა, სწორედ მაშინ, როცა ახალი დაწყებული იყო უკრაინაში კონფლიქტი. ქსენიას ქმარი ხარკოველია, უკრაინის მოქალაქე.

„ვიზა რომ მივიღე, უშიშროების სამსახურში დამიბარეს. იქ განმიმარტეს, რომ უკან აღარ უნდა დავბრუნებულიყავი“.

ქსენია კრილოვა
ქსენია კრილოვა

კირილოვა რადიო თავისუფლების რუსულ და უკრაინულ სამსახურებთან თანამშრომლობდა. ის დამოუკიდებელი გაზეთ „ნოვაია გაზეტას“ ურალის განყოფილებაში მუშაობდა და სოციალური თემებით იყო დაკავებული.

„თავიდან პოლიტიკისთვის თავის არიდება მსურდა, მაგრამ მალევე გახდა ცხადი, რომ ეს არ გამოვიდოდა, რადგან სოციალური პრობლემები, ჩვეულებრივ, კორუფციისა და უკანონობის უგულებელყოფის გამო ჩნდება“, ამბობს ქსენია კირილოვა, რომელმაც 2012 წელს დაწერა სტატია რუსეთის უშიშროების სამსახურში კორუფციის თაობაზე და ამის გამო მალევე გაირიყა.

როგორც ის იხსენებს, მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომლის შესახებაც ადრე წერდა ხოლმე, შეწყვიტა მისთვის თავისი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. იმავე ხანებში, როგორც კირილოვა ამბობს, უშიშროების სამსახურმა ზეწოლა მოახდინა სტამბაზე, რომ გაეზარდა მისი გაზეთის ბეჭდვის საფასური.

როცა ქსენია კირილოვა აშშ-ში გადასახლდა და კალიფორნიაში დაიდო ბინა, ის განაგრძობდა „ნოვი რეგიონისთვის“, ონლაინ პლატფორმისთვის წერას. მაგრამ მალე გამოცემაც დევნის ობიექტი გახდა, რადგან არ ემხრობოდა უკრაინაში ომს. მისი მფლობელი, ალექსანდრ შჩეტინინი, იძულებული იყო უკრაინაში გადასახლებულიყო და რუსეთში თავისი ქონება გაეყიდა.

„ნოვი რეგიონი“ რუსეთში გამოცხადდა ექსტრემისტულ მედიად და დაიხურა.

2016 წელს შჩეტინინი კიევში, თავის ბინაში, ნახეს გარდაცვლილი. დღემდე არაა გარკვეული, მოკლეს ის თუ თავი მოიკლა.

კირილოვა რუსეთში სტუმრად ჩავიდოდა, მაგრამ უკან დაბრუნება და იქ მუშაობა არ სურს.

„სურ უფრო რთული და რთული ხდება რუსეთში არა მხოლოდ პოლიტიკაზე, არამედ სხვა თემებზეც, სოციალური საკითხების ჩათვლით, ლაპარაკი, ფიქრობს რუსი ჟურნალისტი. „ლიბერალიზმის დემონიზება მოხდა და, შედეგად, იზრდება ისეთი საპროტესტო მოძრაობები, როგორიცაა ულტრა-მემარჯვენეების, ნაციონალ-ბოლშევიკების, ნამდვილი ფაშისტებისა და რადიკალური მემარცხენეების მოძრაობები. ეს ტენდენცია საგანგაშოა, მაგრამ ამაზე თვალს ხუჭავენ“. „აქ შემიძლია საგნებს თავისი სახელი დავარქვა. რუსეთში რომ ვყოფილიყავი, ათეულობით საქმე იქნებოდა აღძრული ჩემ წინააღმდეგ“, გვიზიარებს თავის შთაბეჭდილებას აშშ-ზე რუსი ემიგრანტი და დასძენს, რომ მის წინაშე არ ყოფილა დილემა: „ან რუსეთის დატოვება, ან სამშობლოს გაუმჯობესებისთვის ბრძოლა. ზოგიერთი მიდის რუსეთიდან, რათა ბრძოლა გააგრძელოს. ჩემთვის ამ მხრივ არაფერი შეცვლილა გარდა იმისა, რომ აქ უკეთესი შესაძლებლობები მაქვს“.

XS
SM
MD
LG