Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუსლიმთა შეიხის შანტაჟის საქმე: იქცევა თუ არა მტკიცებულებად სუს-ის აგენტის ინტერვიუ


ვაგიფ აქპეროვი
ვაგიფ აქპეროვი

საქართველოს მუსლიმთა ყოფილი არჩეული შეიხი, ვაგიფ აქპეროვი წლებია, საჯაროდ ამტკიცებს, რომ თანამდებობა სუს-ის თანამშრომლებმა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟითა და იძულებით დაატოვებინეს. საქმის აღძვრიდან 5 წლის შემდეგ, აქპეროვმა არ იცის, რა დაადგინა გამოძიებამ.

„არანაირი შედეგი“

24 მარტს ვაგიფ აქპეროვის უფლებადამცველებმა კიდევ ერთხელ მიმართეს საქართველოს გენერალურ პროკურატურას, რომ დაზარალებულად ცნოს ყოფილი შეიხი. სტატუსი ადვოკატებს მისცემს შესაძლებლობას, დეტალურად გაეცნონ, რა იქნა გამოძიებული 2016 წლიდან დღემდე. გამოძიება სახალხო დამცველისა და ვაგიფ აქპეროვის მიმართვის შემდეგ დაიწყო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით.

„ამ დრომდე არანაირი შედეგი არ დამდგარა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ადვოკატი მარიამ ჯიქია და განაგრძობს: „იმ ინფორმაციასაც არ გვაწვდიან, რაც შეიძლება მხარემ იცოდეს დაზარალებულის სტატუსის გარეშე. არც საჯარო განცხადებებს აკეთებს პროკურატურა ამ საქმეზე“.

ვაგიფ აქპეროვმა და მისმა უფლებადამცველებმა განცხადებას ახალ მტკიცებულებად დაურთეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი აგენტის სატელევიზიო ინტერვიუ. ივანე გულაშვილი „მთავარ არხს“ უყვება, რომ ვაგიფ აქპეროვის ლეპტოპში - კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის და ამჟამად შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელის, ნიკოლოზ შარაძის დავალებით - ჩატვირთა ვირუსი, შეიხის აუდიო და ვიდეო თვალთვალის მიზნით.

„გულაშვილმა დაადასტურა ის, რასაც ამბობდა ვაგიფი. ამ გამოძიების ფარგლებში ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულება“, - ამბობს მარიამ ჯიქია.

„წელიწად-ნახევარი იყო ზეწოლა და შანტაჟი“ - რას ჰყვება ვაგიფ აქპეროვი

ვაგიფ აქპეროვი საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხად 2011 წელს აირჩიეს. ის იყო ისტორიაში პირველი არჩეული შეიხი - შიიტური მიმდინარეობის უმაღლესი სასულიერო პირი.

აქპეროვის მტკიცებით, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, მას გამუდმებით აფრთხილებდნენ, შეეწყვიტა მეჩეთში სიარული და არ ჰქონოდა ურთიერთობა უფლებადამცველ ორგანიზაციებსა და მედიასთან; დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით აშანტაჟებდნენ. ყოფილი შეიხი ამბობს, რომ უშიშროების თანამშრომლები ხან მასთან მიდიოდნენ სამმართველოში, ხანაც სუს-ში იბარებდნენ; სცადეს მოლაპარაკება და შესთავაზეს სხვადასხვა მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი.

„ვინც ჩვენთან ითანამშრომლებს იქნება კარგად, ვინც არა - წავა სახლში. მე არ ვითანამშრომლე და 1.5 წელიწადი იყო სულ ზეწოლა, შანტაჟი“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ყოფილი აქპეროვი და განაგრძობს: „ერთი ადამიანის ხელში უნდა იყოს სარწმუნოებაც, რაგბიც, ფეხბურთიც, სპორტიც, კინოც და ამას აკეთებენ“.

ყოფილი შეიხი ამტკიცებს, რომ 2013 წლის 27 დეკემბერს „მოდულის შენობაში“ იძულებით დააწერინეს გაცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ.

ვაგიფ აქპეროვი და მისი უფლებადამცველები პროკურატურას განცხადებით მიმართავენ.
ვაგიფ აქპეროვი და მისი უფლებადამცველები პროკურატურას განცხადებით მიმართავენ.

2020 წლის დეკემბერში აქპეროვმა პროკურატურას აცნობა იმ პირის ვინაობა, ვინც ყოფილი შეიხის მტკიცებით, მასზე ზეწოლას ახდენდა 2013 წელს. ეს კაცი ვაჟა მაზმიშვილია. ოფიციალური ინფორმაციით, ის სუს-იდან 2018 წელს დაითხოვეს.

„მუშაობის პერიოდში ვაჟა მაზმიშვილის უფლებამოსილებაში არ შედიოდა სახელმწიფო სტურქტურებთან, მათ შორის, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან ურთიერთობა“, - უთხრეს სუს-ში რადიო თავისუფლებას.

ვაგიფ აქპეროვის თქმით, მისი წასვლის შემდეგ ხელისუფლებამ მუსლიმთა გაერთიანება სხვადასხვა ნაწილად დაყო, მეტი კონტროლის მიზნით.

რელიგიური პოლიტიკა

აქპეროვის გადადგომიდან რამდენიმე თვეში, ხელისუფლებამ შექმნა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო. უფლებადამცველი ორგანიზაციების ნაწილი სააგენტოს მუსლიმთა კონტროლის და მათ შიდა საქმეებში ჩარევის ინსტრუმენტად მიიჩნევს.

რელიგია სუს-ის კონტროლქვეშ
please wait

No media source currently available

0:00 0:25:42 0:00

2019 წელს ჩატარდა სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფტის (ორგანიზაციის სუნიტური მიმართულების ლიდერი) არჩევნები. არჩევნების დასრულებისთანავე, პროტესტის ნიშნად, თანამშრომლების ნაწილმა სამმართველო დატოვა. მუსლიმი თემის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სახელმწიფო ისევ უხეშად ჩაერია რელიგიური ორგანიზაციის ავტონომიაში და არჩევნები უსაფრთხოების სამსახურის აქტიური მონაწილეობით ჩატარდა.

  • 16x9 Image

    თორნიკე მანდარია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2019 წლიდან. აშუქებს ადამიანის უფლებების, მედიაგარემოს, პოლიტიკის საკითხებს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში.

XS
SM
MD
LG