Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

65 წელს ზემოთ მოქალაქეების COVID-ვაქცინაცია იწყება - რას ფიქრობენ ისინი?


25 მარტიდან, გარდა სამედიცინო პერსონალისა, ვაქცინაციის პორტალზე რეგისტრაცია 65 წლის ზემოთ პირებსაც შეეძლებათ. საქართველოში 65 წელს ზემოთ ასაკის 555 983 ადამიანი ცხოვრობს. ვაქცინაციის გეგმის თანახმად კი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება ამ ასაკობრივი კატეგორიის 60%-ისთვისაა რეკომენდებული. ანუ, 333 590 მოქალაქისთვის.

COVID-ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტს დაიწყო. ვაქცინაციის პროცესში თავდაპირველად სამედიცინო პერსონალი ჩაერთო. 13 მარტს, საქართველოში ჩამოსული 43 200 დოზა ბრიტანულ-შვედური „ასტრაზენეკათი“, ორი კვირის განმავლობაში, მხოლოდ მედმუშაკები უნდა აცრილიყვნენ. თუმცა, ვაქცინაციის პროცესი, თავიდანვე, მედპერსონალის ნაკლები აქტიურობითა და, შესაბამისად, ნელი ტემპით დაიწყო. პროცესი კიდევ უფრო შეაფერხა 19 მარტს ახალციხელი მედდის გარდაცვალების ფაქტმა. ვაქცინაციის გაკეთებიდან რამდენიმე წუთში, მას, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. მომხდარი ფაქტის შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტრომ ვაქცინაციის პოლიტიკა შეცვალა, 50%-ით გაანახევრა ამცრელი პუნქტები და ისინი მხოლოდ იმ კლინიკებში დატოვა, რომლებსაც აქვთ რეანიმაციული განყოფილება.

თუკი ინტერნეტზე წვდომა არ გაქვთ

მოქალაქეებს, რომლებსაც არ აქვთ წვდომა ინტერნეტზე, შეუძლიათ დარეკონ ონლაინკლინიკის ნომერზე, 1522 და იქ დაარეგისტრირონ საკუთარი განაცხადი ვაქცინაციის სურვილის შესახებ. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს ონლაინკლინიკის ცხელ ხაზზე, არ არის გამორიცხული, რომ სამომავლოდ, შესაძლებელი იყოს ბინაზე მომსახურების მიღებაც. ამისათვის საჭირო იქნება, რომ აცრის მსურველმა ან მისი ოჯახის წევრმა განაცხადოს, რომ მათ სურთ მობილური ჯგუფის მომსახურება და თუკი კვლავ გადაწყდება ამ ტიპის მომსახურების აღდგენა, რომელიც დროებით შეჩერებულია, მსურველები ვაქცინას ბინაზე ჩაიტარებენ.

ლამზირა ნიკოლეიშვილი 71 წლის

71 წლის ლამზირა ნიკოლეიშვილს და მის 72 წლის მეუღლეს, ვაქცინაციის პორტალზე შვილი დაარეგისტრირებს. ოჯახში ერთი აცრილი უკვე ჰყავს, შვილიშვილი. ის მედმუშაკია. ამჯერად თავის რიგს ელის. დარწმუნებულია, რომ ერთადერთი გზა, პანდემიის დასასრულებლად სწორედ ვაქცინაციაა. იმასაც ამბობს, რომ ჯანმრთელობის ის პრობლემები, რომელიც მას აწუხებს, კოვიდით დავირუსების შემთხვევაში, გაცილებით დიდ სირთულეს შეუქმნის, ვიდრე ვაქცინაცია. მისი თქმით, ვაქცინაციაზე გადის გზა, რომელიც ქვეყანაში შეზღუდვების შემსუბუქებასა და ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნებას შეუწყობს ხელს:

„სამწუხაროდ, ექთნის გარდაცვალების შემდეგ, ბევრს გაუჩნდა შიში, ეჭვი. თითქოს ხალხს კიდევ უფრო მეტი მიზეზი მიეცა, რომ უარი თქვან ვაქცინაზე. თუმცა, ვიცი, რომ მანამდეც, ხალხის დიდი ნაწილი, უარს ამბობდა აცრაზე, მაგრამ მე, მაშინაც და ახლაც, თანახმა ვარ, რომ გავიკეთო აცრა და აი, რატომ: მე მაქვს ისეთი დაავადებები, მათ შორის, დიაბეტი, რომლებიც ჩემს სიცოცხლეს გაცილებით სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის, თუკი კორონავირუსი დამემართება, ვიდრე ვაქცინა. ვიცი, რომ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, დამაკვირდებიან და თუკი რაიმე გართულება წამოვა, რა თქმა უნდა, დახმარების იმედი მაქვს. აჰა, შემოვიდა ქვეყანაში ვაქცინა, ახლა რას ვაკეთებთ? აუცილებლად უნდა გავიკეთოთ ვაქცინა, რათა გაიზარდოს მოთხოვნა ვაქცინაზე და სახელმწიფომ უზრუნველყოს მეტი ვაქცინის შემოტანა. ერთი მხრივ, ვამბობთ, არ ავიცრები. მეორე მხრივ, მოთხოვნა გვაქვს, რომ მოიხსნას ყველა შეზღუდვა. მაშინ ისიც უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს შეზღუდვები რომ მოიხსნას, ჩვენც უნდა გადავდგათ შესაბამისი ნაბიჯები. ამიტომ, როგორც კი საშუალება მომეცემა, მაშინვე წავალთ მე და ჩემი მეუღლე და ავიცრებით. ჩვენ ყოველ შემოდგომაზე ვიკეთებთ გრიპის საწინააღმდეგო აცრებსაც და ახლა კოვიდვაქცინაც უნდა გავიკეთოთ“.

მერი ჭუმბურიძე - 76 წლის

76 წლის მერი ჭუმბურიძე ის უიშვიათესი გამონაკლისია, რომელიც არ მიეკუთვნება მედმუშაკთა რიცხვს, თუმცა, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია უკვე გაიკეთა. 16 მარტს ვაქცინაციის პორტალი რამდენიმე საათით გაიხსნა 75 წელს ზემოთ მოქალაქეებისათვის. ამ ფაქტს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ჯანდაცვის სამინისტრომ „ტექნიკური ხარვეზი“ უწოდა. პორტალი მალევე დაიხურა, თუმცა, მერის ჭუმბურიძის ვაჟმა მოასწრო და დედა ვაქცინაციის პორტალზე დაარეგისტრირა. 76 წლის ქალმა აცრა 17 მარტს, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, ეროვნული მედიცინის სასწავლო ცენტრში გაიკეთა. მას შემდეგ, რაც 19 მარტის გადაწყვეტილებით, ამცრელი პუნქტების ნახევარი დროებით გაუქმდა, აცრები ამ ცენტრში აღარ კეთდება:

„როგორც მედიცინა ამბობს, იმისათვის, რომ პანდემია დასრულდეს და ადამიანები დაინფიცირებისგან დაზღვეულები იყვნენ, აცრა აუცილებელია. ალბათ ასეცაა. ჩემმა შვილმა, რომელიც სისტემატურად ეცნობა სიახლეებს ვირუსისა და ვაქცინის შესახებ, დამარწმუნა, რომ ვაქცინის გაკეთება მნიშვნელოვანი იყო ჩემი ჯანმრთელობისთვის. მითხრა, რომ ვაქცინის გაკეთება მხოლოდ დადებითად წაადგებოდა ჩემს ჯანმრთელობას. ამიტომ, დავუჯერე და დავეთანხმე შვილის ინფორმირებულობას. ადამიანები უნდა დარწმუნდნენ, სწორი ინფორმაცია უნდა მიიღონ, რომ ვაქცინაცია მათ ზიანს არ მოუტანს, პირიქით. აცრის შემდეგ არანაირი გართულება არ მქონია. არც სიცხე, არც თავის ტკივილი. მეორე დღეს, თითქოს ოდნავ სახსრების ტკივილი ვიგრძენი, თუმცა, ისიც ცოტა ხნით. ამით დასრულდა ყველაფერი. მეორე აცრა, სავარაუდოდ, 15 მაისიდან მიწევს. სწორედ დღეს დამირეკეს დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან, მოიკითხეს ჩემი მდგომარეობა. დეტალურად გამომკითხეს, როგორ ვგრძნობ თავს, ხომ არ მქონია რაიმე გვერდითი მოვლენა. ჩემი აცრიდან მეორე დღეს, 18 მარტს გახდა ცნობილი ექთნის სამწუხარო ამბის შესახებ. სიმართლე გითხრათ, ცოტა შემეშინდა კიდეც“.

ლამარა აბჟანდაძე - 90 წლის

90 წლის ლამარა აბჟანდაძეს აცრის კვალი, რომელიც ღრმა ბავშვობაში, ყვავილზე გაიკეთა, მკლავზე დღესაც ეტყობა. მიუხედავად იმისა, რომ იცის, რამდენად მნიშვნელოვანია პანდემიის დასამარცხებლად ვაქცინაცია, ჯერჯერობით, თავს იკავებს კოვიდსაწინააღმდეგო აცრის გაკეთებისგან. ამბობს, რომ მასზე განსაკუთრებით იმოქმედა ახალგაზრდა ექთნის გარდაცვალების ფაქტმა. თავად ვაქცინის არ ეშინია. მეტიც, მისი ეფექტურობის სჯერა, თუმცა, შიშობს, რომ გვერდითი მოვლენის განვითარებით შემთხვევაში, შესაძლოა, დროული დახმარება ვერ მიიღოს:

ლამარა აბჟანდაძე
ლამარა აბჟანდაძე

„კი ვაპირებდი აცრას, მაგრამ ცოტა შევშინდი. სრულიად ვიაზრებ, რამდენად აუცილებელია ვაქცინაცია პანდემიის დასასრულებლად. თუმცა, ვფიქრობ, რომ აცრების გაკეთებამდე, ექიმებმა შესაბამისი გამოკვლევა უნდა ჩაუტარონ ადამიანებს. უბრალოდ, ზერელე კი არა, ნამდვილი გამოკვლევა, რომ გამოირიცხოს ცუდი შედეგები. მეტი ყურადღებით უნდა იყვნენ ექიმები, რომ ასეთი შედეგი აღარ განმეორდეს. მანამდე კი ვცდილობ, მაქსიმალურად დავიცვა უსაფრთხოების ზომები. პირბადის გარეშე გარეთ არ გავდივარ. ძირითადად ვცდილობ გავიდე იმ საათებში და ისეთ ადგილებში, სადაც ხალხი ნაკლებია. თუკი დამარწმუნებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ აცრის შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემა შემექმნება, დროულად დამეხმარებიან, ავიცრები. მართალია, 90 წლის ვარ, მაგრამ ჯერ სიცოცხლე მინდა“.

დანიელ ვეკუა - 84 წლის

84 წლის დანიელ ვეკუასთვის ინფორმაციის მიღების ერთ-ერთი მთავარი წყარო ტელევიზორია. ის მცირემხედველია და დროის დიდ ნაწილს ტელევიზორის სმენაში ატარებს. ინფორმაცია მისი ასაკობრივი კატეგორიისათვის კოვიდვაქცინაციის დაწყების შესახებაც ტელევიზიიდან შეიტყო. საღამოს, სამსახურიდან დაბრუნებულ შვილს სახლის კარში დახვდა, აცრაზე დარეგისტრირება სთხოვა:

„ძალიან ხშირად უყურებს და უსმენს ინფორმაციას კოვიდამბების შესახებ, იცის ვირუსისგან მომდინარე საფრთხეების შესახებ, ყველაფრის საქმის კურსშია. როგორც კი პანდემია დაიწყო და როგორც კი გაჩნდა ინფორმაცია ვაქცინაზე, სულ გვქონდა სახლში ლაპარაკი ამ თემაზე და ერთი სული ჰქონდა, როდის შემოვიდოდა ვაქცინა საქართველოში“, - უყვება რადიო თავისუფლებას 84 წლის დანიელის შვილი, ია ვეკუა.

„გუშინ, სახლში რომ დავბრუნდი, როგორც ჩანს, ჭიშკრის ხმა გაიგო და სახლში რომ შევედი, სახელოაკაპიწებული დამხვდა. დამარეგისტრირე, არ დაგავიწყდესო. დედაჩემსაც უნდა აცრა, მაგრამ მაინც ჩაეძია კითხვებით, თუმცა, მამაჩემმა ძალიან მკაფიოდ უპასუხა, "აბა, რა გავაკეთოთ?" ცხადია, კითხვის ნიშნები ყველას გვაქვს, მაგრამ იმასაც ხვდება, რომ სხვანაირად სიტუაცია ვერ შეიცვლება. ამ ერთი წლის განმავლობაში, მამაჩემისთვის ცხოვრება არ შეცვლილა. როგორც მანამდე იჯდა ტელევიზორთან, ისე ზის ახლაც. თუკი ჩემთვის, სხვებისთვის, ცხოვრება თავდაყირა დადგა, მისთვის საერთოდ არაფერი შეცვლილა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ხვდება, რომ იმისათვის, რომ ასეთი ცხოვრება დასრულდეს, ვაქცინაცია აუცილებელია. ძალიან მინდა, რომ იმდენმა ხალხმა გამოთქვას აცრის სურვილი, რომ 25 მარტს ვაქცინაციის პორტალი გადაივსოს. ყველაფერს გავაკეთებ, რომ მშობლები დროულად დავარეგისტრირო“.

NDI - 35% - კი; 53% - არა

23 მარტის მონაცემებით, ქვეყანაში აცრილია 4414 მედმუშაკი. ორ დღეში, 25 მარტიდან, მედმუშაკებს 65 წელს ზემოთ მოქალაქეებიც უნდა შეუერთდნენ. თუმცა, თუკი აშშ-ის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის, NDI-ის მიერ 2021 წლის თებერვალში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით ვიმსჯელებთ, რომელიც 23 მარტს გამოქვეყნდა, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის მიმართ ქვეყანაში მოსახლეობის დამოკიდებულება საკმაოდ სკეპტიკურია.

გამოკითხვის თანახმად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ჩაიტარებდა 35%. 53% ვაქცინაციაზე უარს ამბობს. გამოკითხულთა 48% არ ენდობა კორონავირუსის ვაქცინის ხარისხს. აცრის მსურველთა რაოდენობა 6%-ითაა შემცირებული 2020 წლის დეკემბერში ჩატარებული გამოკითხვის შემდეგ. წინა კვლევით, როცა საქართველოში ვაქცინა ჯერ შემოტანილი არ იყო, შეკითხვას, ვაქცინის არსებობის შემთხვევაში აიცრებოდა თუ არა, დადებითად უპასუხა 41%-მა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ NDI-ის ბოლო გამოკითხვა ჩატარებულია თებერვალში, ანუ, გამოკითხვისას ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი 28 წლის ექთნის გარდაცვალების ფაქტის შესახებ.

24 მარტს საქართველოში ჩამოდის "ფაიზერის" 29 250 დოზა ვაქცინა.

უკანასკნელი გამოკვლევების თანახმად, რომელიც ინგლისის ვაქცინაციის პროგრამამ მარტის დასაწყისში გამოაქვეყნა, ორივე ვაქცინა, "ასტრაზენეკაცა" და "ფაიზერიც", 70 წელს ზემოთ მოქალაქეებში, პირველი დოზის გაკეთების შემდეგ აჩვენებს 60%-იან ეფექტიანობას. აშშ-ში ჩატარებულმა კვლევამ, რომელიც 22 მარტს გამოქვეყნდა, აჩვენა, რომ "ასტრაზენეკა" ეფექტიანია ყველა ასაკობრივ კატეგორიაში, მათ შორის ხანდაზმულებში, სადაც ეფექტიანობა 80%-ს აღწევს.

XS
SM
MD
LG