ევროპის ქვეყნები დროებით, ძირითადად ორი კვირით აჩერებენ მოქალაქეების აცრას ბრიტანულ-შვედური ვაქცინით. AstraZeneca-ს ვაქცინით მოქალაქეების აცრა რამდენიმე დღის წინ შეაჩერეს გერმანიამ, საფრანგეთმა, იტალიამ, ირლანდიამ, დანიამ, ნორვეგიამ, ნიდერლანდმა, ბულგარეთმა და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ. ვაქცინაციის შეჩერების მიზეზი თრომბოემბოლიის შემთხვევები გახდა, რომლებიც ვაქცინირებულ ადამიანებში დაფიქსირდა.
როიტერსის ცნობით, იტალიის წამლის სააგენტოს გენერალური დირექტორი, ნიკოლა მაგრინი აცხადებს, რომ ვაქცინის გამოყენების შეჩერება "პოლიტიკური გადაწყვეტილება" იყო. ამის შესახებ მან 15 მარტს, ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა:
"ჩვენ იქამდე მივედით, რომ რაკი სხვა ევროპულმა ქვეყნებმა, მათ შორის, საფრანგეთმა, გერმანიამ შეაჩერეს ვაქცინაცია, ჩვენც შევაჩერეთ ეს პროცესი... იმისათვის, რომ კვლევები ჩატარებულიყო. არჩევანი პოლიტიკურია. იტალიის წამლის სააგენტო ორი-სამი დღის განმავლობაში შეაგროვებს შესაბამის ინფორმაციას, რათა განიდევნოს ეჭვები და ჩვენ კვლავ შევუდგებით ვაქცინაციას კიდევ უფრო დაჩქარებული ტემპებით".
ავსტრიამ მიიღო ვაქცინაციის გაგრძელების გადაწყვეტილება. 16 მარტს, ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ავსტრია დაელოდება ევროპის წამლის სააგენტოს მოსაზრებას და მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვეტს, შეაჩერებს თუ არა ვაქცინაციის პროცესს.
მას შემდეგ, რაც AstraZeneca-ს ვაქცინის მოხმარება შეაჩერა ევროპის ქვეყნების ნაწილმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მოუწოდა სახელმწიფოებს, რომ გააგრძელონ ვაქცინის გამოყენება. ორგანიზაციის მთავარი მკვლევარი, სუმაია სუამინათა აცხადებს, რომ ამ დრომდე, გართულების შემთხვევების და ვაქცინის კავშირი არ დადგენილა.
აცრის შემდეგ თრომბის წარმოქმნის შემთხვევებს სწავლობს ევროპის წამლის სააგენტოც. უწყების ცნობით, ასეთი შემთხვევების რაოდენობა მცირეა. ევროპული სააგენტო განმარტავს, რომ ყოველწლიურად ევროკავშირის ქვეყნებში სხვადასხვა მიზეზით თრომბი უჩნდება ათასობით ადამიანს. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაციასა და თრომბს შორის უშუალო კავშირი ამ დრომდე დადგენილი არ არის, ევროპის წამლის სააგენტოს ექსპერტები დეტალურ კვლევას განაგრძობენ. მონაცემთა შესაჯამებლად, 18 მარტს, სააგენტო რიგგარეშე სხდომას გამართავს.
ევროპის ბოლო განცხადებები “ასტრაზენეკას” შეჩერების შესახებ
გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა „ასტრაზენეკას“ გამოყენების დროებით შეჩერებას „წმინდა წყლის სიფრთხილის ზომა“ უწოდა. გერმანიაში „ასტრაზენეკას“ მილიონ ექვსასი დოზა ვაქცინა გაკეთდა, 7 ვაქცინირებულს გამოუვლინდა თრომბოემბოლია, რაც, ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ძალიან დაბალი მაჩვენებელია, თუმცა, მან უსაფრთხოების მიზნით, მაინც დაუჭირა მხარი „ასტრაზენეკას“ დროებით შეჩერებას: „რისკი ყველასთვის არ არის, მაგრამ კავშირის ბოლომდე გამორიცხვაც არ შეიძლება“, - ამბობს გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი.
ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით კი, სანამ „ასტრაზენეკას“ გამოყენების ორი კვირით შეჩერების გადაწყვეტილებას მიიღებდა, მას 15 მარტს კომუნიკაცია ჰქონდა ევროპელ კოლეგებთან. მინისტრის განცხადებით, შესაბამის სამედიცინო სააგენტოებს უნდა მიეცეთ დრო, „რათა შემოგვთავაზონ პასუხები“ კითხვებზე, რომლებიც თრომბოემბოლიის ფაქტების გამოვლენის შემდეგ დაგროვდა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ვაქცინის დროებით შეჩერებას „სიფრთხილე“ უწოდა და გამოთქვა იმედი, რომ ვაქცინაცია დროულად განახლდება.
იტალიაში გამოძიება მიმდინარეობს პედაგოგის გარდაცვალების ფაქტის გამო. იგი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც მას აცრა გაუკეთდა. გამოძიების მიერ ამოღებულია „ასტრაზენეკას“ კონკრეტული სერიის 400 ათასი დოზა ვაქცინა.
იტალიის წამლის სააგენტოს განცხადებით, ვაქცინაციის შეჩერების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა „დროებით და სიფრთხილის მიზნით“. სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, რომელიც მან სატელევიზიო ეთერში, 15 მარტს, საღამოს გააკეთა, „ამ მომენტისათვის არ არსებობს ეჭვების საბაბი და მიზეზი იმისა, რომ ხალხს გაუღვივდეს გრძნობა, რომ ერთ ვაქცინას, მეორე ვაქცინა არჩიოს“.
„ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ევროპის წამლის სააგენტოს გამოძიების შემდეგ, კვლავ შევძლებთ ვაქცინაციის გაგრძელებას“, - აცხადებს იტალიის ჯანდაცვის მინისტრის პრესსპიკერი, ჩეზარე ბუკიკიო.
ორშაბათს, 15 მარტს გაიმართა პრესკონფერენცია ნორვეგიაში, სადაც ჯანდაცვის სისტემის მაღალჩინოსნები შეეცადნენ, აეხსნათ „ასტრაზენეკას“ დროებით შეჩერების გადაწყვეტილების მიზეზი. მათი განცხადებით, 50 წლის პაციენტი, რომელიც ვაქცინაციის შემდეგ გარდაიცვალა, ჯანმრთელი იყო, თუმცა, ვაქცინაციის შემდეგ მას ინტრაცერებრალური ჰემორაგია განუვითარდა. ამავე დიაგნოზით გარდაიცვალა 30 წლის მედმუშაკი, ვაქცინაციიდან 10 დღეში.
ვაქცინისგან „გამოწვეული“ თრომბოზის კი არა, ვენური დაავადებებისგან გამოწვეული თრომბოზის უნდა გვეშინოდეს
ბიოტექნოლოგიური ინფორმაციის ნაციონალური ცენტრის მონაცემებით, ევროპაში, ფილტვის თრომბოემბოლიის სიხშირე ან მხოლოდ ღრმა ვენების თრომბოზი მერყეობს 29-დან - 78-მდე და 45-დან - 117-მდე, ყოველ 100.000 მოსახლეზე.
ირაკლი ფერაძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის მედიცინის ცენტრის, სისხლძარღვთა და რეკონსტრუქციული ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ საქართველოს თრომბოზის სტატისტიკა არ განსხვავდება სხვა ევროპული ქვეყნებისგან. მისი თქმით, საკმაოდ ხშირია ქვეყანაში ფილტვის თრომბოემბოლიის შემთხვევები.
„ასტრაზენეკას“ გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი მისთვის ნაკლებდამაჯერებელია, რადგან თვლის, რომ ამ შემთხვევაში, ოფიციალური რიცხვები, 17 მილიონ აცრილს შორის გამოვლენილი გართულების 37 შემთხვევა, ბევრ რამეზე მეტყველებს:
„ის ხმაური, რაც ევროპაში უიშვიათესმა გართულებებმა გამოიწვია, რეალობასაა აცდენილი. ვაქცინა რამდენიმე მილიონმა ადამიანმა გაიკეთა. თრომბოზი დაფიქსირდა 37 შემთხვევაში. როგორც ვიცით, მიმდინარეობს თითოეული შემთხვევის შესწავლა და დარწმუნებული ვარ, რომ იქნება დასკვნა, რომლის თანახმადაც, თრომბოზი ვაქცინასთან კავშირში არ არის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქმე გვაქვს უიშვიათეს, ერთეულ შემთხვევებთან და ჯერჯერობით, არანაირი კავშირი ვაქცინაციასა და გართულებებს შორის არ დადასტურებულა. თუკი ადამიანს აქვს, მაგალითად, ვენური დაავადებები, სტატისტიკურად ასჯერ მეტია ალბათობა იმისა, რომ მას ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე დაემართოს ღრმა ვენების თრომბოზი, მაგრამ ეს აცრაზე კი არ იქნება დამოკიდებული, არამედ, ზოგადად. მილიონობით აცრილ ადამიანში გამოვლენილი თრომბოზის შემთხვევებიც სწორედ ამას გულისხმობს. დიდი ალბათობით, თრომბოემბოლია ვაქცინას ემთხვევა დროში და არა იმის გამო ვლინდება თრომბოემბოლია, რომ ეს ადამიანი აიცრა. არ არსებობს უწყინარი ვარიკოზი. რა თქმა უნდა, ამ დაავადების უნდა გვეშინოდეს და აქ არაფერ შუაშია არც „ასტრაზენეკა“ და არც სხვა რამ. ამიტომ, ამ შემთხვევაში, ვაქცინისგან „გამოწვეული“ თრომბოზის კი არ უნდა გვეშინოდეს, ვენური დაავადებებისგან გამოწვეული თრომბოზის უნდა გვეშინოდეს და თუკი ეს პრობლემა გვაწუხებს, მოვაგვაროთ“.
ქართველი ექიმები ამერიკაში - „ასტრაზენეკა“, COVID-19, თრომბოზი და სტატისტიკა
ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმები ნანა გეგეჭკორი და ზურაბ გურული სოციალურ ქსელში აქვეყნებენ ვრცელ ანალიზს, „ასტრაზენეკასა“ და ვაქცინაციის შემდეგ, შესაძლო თრომბოემბოლიის გართულებების შესახებ.
ისინი ყურადღებას ამახვილებენ აშშ-ში, ვენური თრომბოემბოლიზმის შემთხვევების სტატისტიკურ მონაცემებზე და წერენ, რომ ყოველწლიურად, ვენური თრომბოემბოლიზმის შემთხვევები, ამერიკის შეერთებულ შტატებში, უვითარდება დაახლოებით 100,000 ადამიანიდან 100-ს. დაახლოებით ერთ მესამედს ვენური თრომბოემბოლიზმი ფილტვების არტერიაში აღენიშნებათ, ორი მესამედი კი ქვემო კიდურების ვენებზე მოდის.
ამ მონაცემებს ექიმები ადარებენ „ასტრაზენეკას“ ჯგუფში განვითარებულ თრომბოზულ გართულებებს და წერენ:
„2021 წლის 14 მარტს, „ასტრაზენეკას“ გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ უსაფრთხოების ბაზის დეტალური განხილვის შედეგად, სადაც დარეგისტრირებულია „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრილი 17 მილიონი ადამიანი, დადასტურებული პირდაპირი კავშირი თრომბოზულ გართულებებსა და ვაქცინაციას შორის ნანახი ვერ იქნა ვერც ერთ ასაკობრივ თუ სქესობრივ ჯგუფში. ამ 17 მილიონი ადამიანიდან 15 პაციენტს განუვითარდა ქვემო კიდურების ღრმა ვენების თრომბოზი და 22 შემთხვევაში თრომბოზი აღინიშნებოდა ფილტვის არტერიაში. ეს მონაცემები ეხება 8 მარტამდე დაგროვილ ინფორმაციას. როგორც საინფორმაციო წყაროებიდან ვიცით, მას შემდეგ, მსგავსი გართულების კიდევ რამდენიმე შემთხვევაა აღწერილი, მათ შორის ლეტალური გამოსავლით. ამავე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის კვლევის ეტაპზეც გამოვლინდა თრომბოზული გართულებების ერთეული შემთხვევები და მათი რიცხვი პლაცებოს ჯგუფში ჭარბობდა“.
ნანა გეგეჭკორი და ზურაბ გურული განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ თავად COVID-19-სა და ამ ვირუსით გამოწვეული თრომბოზული გართულებების შემთხვევებზე და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის საიტზე გამოქვეყნებულ გამოკვლევებზე დაყრდნობით წერენ:
„ჰოსპიტალიზირებული პაციენტების 7%-ს აღენიშნებოდა სხვადასხვა ტიპის თრომბოზული გართულება. ამ პაციენტების 8%-ს დაუდგინდა ფილტვის არტერიის თრომბოზი, 2.5% - თრომბი აღმოაჩნდა თავის ტვინის სისხლძარღვებში (იშემიური ინსულტი), 1.1%-ს მწვავე კორონარული სინდრომი ან მიოკარდიუმის ინფარქტი განუვითარდა. თრომბოზული გართულებებით შემოსული პაციენტების 25% გარდაიცვალა. აუტოფსიის შედეგად დადგინდა, რომ 58%-ს გარდაცვლილ პაციენტთაგან აღენიშნებოდა თრომბოემბოლიები, რომელიც სიცოცხლეში დიაგნოსტირებული არ იყო. აქედან 33% გახდა პაციენტების გარდაცვალების უშუალო მიზეზი“.
მოყვანილ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, ექიმები წერენ, რომ:
- COVID-19 არის უკიდურესად პროთრომბოზული დაავადება;
- COVID-19-ით დაავადებულ პაციენტებში თრომბოზული გართულებების პროპორციული წილი ბევრად მეტია ჩვეულებრივ მოსახლეობაში არსებულ ამგვარ წილზე;
- „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრილთა შორის 17 მილიონი ადამიანიდან, 8 მარტის მონაცემებით, 37 პაციენტს აღმოაჩნდა სხვადასხვა ტიპის თრომბოზული გართულება. ჯერჯერობით უმრავლესობა ამ შემთხვევების კვლევის ობიექტს წარმოადგენს, თუმცა, წინასწარი მონაცემებით, თრომბოზების უშუალო კავშირი ვაქცინაციასთან მეცნიერულად დასაბუთებული არ არის;
- მიუხედავად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციისა, რომ ვაქცინაცია გაგრძელდეს, რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ დროებით შეაჩერა „ასტრაზენეკას“ გამოყენება;
- ქვეყნების უმრავლესობაში ვაქცინაცია შეწყდა ერთი კონკრეტული პარტიის ABV5300 გამოყენებით.
რას ფიქრობს დაავადებათა კონტროლის ცენტრი ევროპული ქვეყნების გადაწყვეტილებაზე, დროებით შეეჩერებინათ ვაქცინაცია?
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, „ასტრაზენეკას“ გამოყენების დროებითი შეჩერება უკავშირდება იმ მკაცრ რეგულაციებს, რომლებიც ყოველი შესაძლო გართულების შემთხვევის შესწავლასა და შეფასებას გულისხმობს. ამის შესახებ მან 16 მარტს, ცენტრში, ვაქცინაციასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პაატა იმნაძე, რომელმაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინა 15 მარტს გაიკეთა, იშველიებს თრომბოზების საერთაშორისო ასოციაციის მონაცემებს, რომლის თანახმადაც, ვაქცინირებულ მოქალაქეებში გამოვლენილი თრომბოზების სიხშირე გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ზოგადად, თრომბოზის გამოვლინება პოპულაციაში:
„ყველა ვაქცინის მომხრე ვარ, რომელიც ავტორიზირებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. „ფაიზერის“ შემთხვევაშიც დაფიქსირდა თრომბოემბოლიის შემთხვევები, მაგრამ ამჯერად ყურადღება გამახვილებულია „ასტრაზენეკაზე“. მთავარია, რომ ადამიანებს ჰქონდეთ სწორი ინფორმაცია იმისათვის, რომ სწორად განსაჯონ და აირჩიონ სწორი და მართალი გზა“.
თრომბოზების საერთაშორისო ასოციაციამ განცხადება „ასტრაზენეკასა“ და თრომბოემბოლიის შემთხვევების შესაძლო კავშირთან დაკავშირებით, 12 მარტს გამოაქვეყნა. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ დროებით შეაჩერა „ასტრაზენეკას“ გამოყენება, ასოციაცია გასცემს რეკომენდაციას, გაგრძელდეს ვაქცინაციის პროცესი:
„ამ დროისათვის, მილიონობით აცრილს შორის გამოვლენილი თრომბოემბოლიის შემთხვევები, არ მიგვითითებს პირდაპირ კავშირს აცრასა და გართულებას შორის. თრომბოემბოლიის შემთხვევები, ჩვეული მოვლენაა პოპულაციაში და ეს მანამდე არასდროს ყოფილა დაკავშირებული ზოგადად ვაქცინაციასთან. დღესდღეობით, ჩვენ არ ვიცით, თრომბოემბოლიის გამოვლინება შემთხვევით ემთხვევა ვაქცინაციას თუ ვაქცინაციამ უიშვიათეს შემთხვევაში შესაძლოა გაზარდოს თრომბოზის რისკი. უნდა აღინიშნოს, რომ კარგად წარმოებული კლინიკური კვლევები, არ ავლენენ თრომბოზის მომატებულ რისკს. ვეყრდნობით რა ყველა არსებულ მონაცემს, თრომბოზის საერთაშორისო ასოციაციას სჯერა, რომ COVID-19-ის ვაქცინაციით მიღებული სარგებელი გაცილებით აღემატება პოტენციურ გართულებებს იმ პაციენტებშიც კი, რომლებსაც აქვთ თრომბოზის ისტორია ან იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ სისხლის გამათხელებელ პრეპარატებს“.
საქართველოში „ასტრაზენეკას“ შემოტანის თარიღი, ევროპის რიგ ქვეყნებში ვაქცინაციის დროებით შეჩერებას დაემთხვა.
არის თუ არა ეს ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ვაქცინაციის პორტალზე, სადაც პირველ ეტაპზე, სამედიცინო პერსონალი რეგისტრირდება, საკმაოდ დაბალია აქტიურობა, ამაზე ზუსტი პასუხი, ჯერჯერობით, არ არის. მედმუშაკთა პასიურობის ერთ-ერთ მიზეზად ისიც სახელდება, რომ ქვეყანამ არ აწარმოა დროული საინფორმაციო კამპანია თავად მედპერსონალში. კიდევ ერთი მიზეზის თანახმად, ექიმები ელოდნენ არა „ასტრაზენეკას“ შემოტანას, არამედ ამერიკულ-გერმანული წარმოების „ფაიზერს“, რომლის ეფექტურობაც აღემატება „ასტრაზენეკას“ ეფექტურობას.
16 მარტის 17 საათის მონაცემებით, ვაქცინაციის პორტალზე სულ დარეგისტრირებულია 4532 მედმუშაკი. მათგან უკვე აცრილია 1375.
ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტს დაიწყო. ვაქცინაციის გეგმის თანახმად, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში სამედიცინო მუშაკების 65% აიცრება (46 420 მედმუშაკი), ვაქცინაციის პროცესი გადაინაცვლებს ხანდაზმულთა პანსიონატებში, სადაც აიცრებიან როგორც ბენეფიციარები, ისე იქ დასაქმებული პირები. მათი საერთო რიცხვი 2000-ს აღწევს. ამის შემდეგ ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან 75 წელს ზემოთ მოქალაქეები და რისკჯგუფში მყოფი პირები.
საერთო ანგარიშით, წლის ბოლომდე დაგეგმილია საქართველოს მოსახლეობის 60%-ის აცრა, რაც დაახლოებით მილიონ 700 ათასი ადამიანია. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, აპრილში ქვეყანა „ასტრაზენეკას“ 90 ათასამდე დოზა ვაქცინას ელის.
შეგახსენებთ, Oxford/Astra Zeneca ვექტორული ტიპის ვაქცინაა. უვნებელი ვირუსი, რომელზეც COVID-19-ის გენეტიკური მასალაა მიმაგრებული, ასწავლის სხეულს, როგორ შექმნას ვირუსის ნაწილი, რაც იმუნურ რეაქციას იწვევს და ორგანიზმი ვირუსთან ბრძოლას სწავლობს.
„ასტრაზენეკა“, როგორც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 16 თებერვალს დაამტკიცა. საერთაშორისო ორგანიზაციის განმარტებით, ვაქცინა შეესაბამება უსაფრთხოების აუცილებელ კრიტერიუმებს, მისი ეფექტიანობა რისკებზე მაღალია და ამ ვაქცინით შესაძლებელია 18 წელზე უფროსი ასაკის ადამიანების აცრა.
„ასტრაზენეკას“ ეფექტიანობა 63%-დან 82,4%-მდე მერყეობს და მეორე დოზის გაკეთება 4-12 კვირის შუალედშია რეკომენდებული.
„ასტრაზენეკას“ დაცვის ხარისხი ნაკლებია Pfizer/BioNtech-თან შედარებით, რომლის ეფექტიანობაც 95%-ს აღწევს და მეორე დოზა 21 დღის შუალედში ტარდება. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გამოკვლევების თანახმად, „ასტრაზენეკა“ 94%-ით ეფექტიანია ვირუსის მძიმე შემთხვევებთან ბრძოლისას. ანუ, იმ შემთხვევაში, თუკი ვაქცინირებული ადამიანი მაინც დაინფიცირდება, ვაქცინა აცრილ ადამიანს მაქსიმალურად იცავს ვირუსის გართულებისა და ჰოსპიტალიზაციისგან.